
ანტიგო ნეს „არა“კრეონის წინააღმდეგ
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

28.05.2026
გიორგი ყაჯრიშვილი
ანტიგონეს „არა“კრეონის წინააღმდეგ
ჟან ანუი თავისი ეპოქის ყველაზე ცნობილი დრამატურგია. თუ მის დროს სხვები ნობელის პრემიებს იღებდნენ და აკადემიკოსები ხდებოდნენ, ანუის დაფასება მხოლოდ ის იყო, რომ მისი ყველა პიესა იდგმებოდა საფრანგეთის თითქმის ყველა სცენაზე. არადა, ესაა დრამატურგი, რომელსაც ევროპულ ახალ დრამაში თავის განსაკუთრებული ხაზი და მიმართულება აქვს. „ანტიგონეს“ შესავალში იგი წერს: „ანტიგონე, ის პატარა, გამხდარი ქალიშვილია, კუთხეში რომ ზის და ხმას არ იღებს. იგი წინ იყურება და ფიქრობს იმაზე, რომ ერთი წუთის შემდეგ ანტიგონედ უნდა იქცეს...ტრაგიკულ გმირად და მარტოდმარტო აღსდგეს მთელი სამყაროს წინაშე და თავის ბიძას - კრეონის წინააღმდეგ“.
ამ შესავალში ანუიმ განსაზღვრა ყველაზე მთავარი, რამაც უნდა გადაწყვიტოს პიესის დადგმის სტილი და მიმართულება. ამ სპექტაკლში პერსონაჟებმა თავისი როლი უნდა ითამაშონ, არა „გარდასახვით“, არამედ პირნათლად და ზუსტად შეასრულონ ის როლი, რაც მათ დრამატურგმა დაუსახა.
სად გადის ზღვარი გარდასახვასა და სხვისი როლის მორგებას შორის. ფსიქოლოგიური, განცდის და წარმოდგენის თეატრს შორის - ჟან ანუი თავისდაუნებურად ირჩევს მეორეს, ჯერ კიდევ მაშინ სრულიად ახალ თეატრალურ ფორმას.
ანტიგონე ებრძვის კრეონს იმისათვის, რომ მან ანტიგონეს როლის შესრულებაში ხელი არ შეუშალოს და არ მიუსაჯოს ხანგრძლივი სიცოცხლე. კრეონი, გამეფებამდე ახალგაზრდა კაცი იყო, რომელსაც უყვარდა ხელოვნება, მუსიკა, სეირნობა, ვარჯიში და სპორტულ ცხოვრებას ეწეოდა (გავიხსენოთ კრეონის - ანდრია გველესიანის შემოსვლა), მაგრამ ბედმა არგუნა რომ მეფე გამხდარიყო და ახლა იძულებულია ეს როლი შეასრულოს. ისინი ერთმანეთის ღირსეული პარტნიორებია არიან, მხოლოდ ანტიგონეს (ანა ჯავახიშვილი) დადებითი როლი აქვს, კრეონს უარყოფითი.
ძიძა, რომელიც სულ სხვანაირად ფიქრობს, ხელს უწყობს თავის აღზრდილს ჩაფიქრებულის აღსრულებაში, მაგრამ მასაც მკაცრი ძიძის როლი არგუნეს და ვალდებულია წინ აღუდგეს ანტიგონეს განზრახვას. ჰემონი - ანტიგონეში უზომოდ შეყვარებული, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეყვარებული გადაარჩინოს, მამას სთხოვს გაუშვას, სულაც არ სურს თავის მოკვლა, მაგრამ მანაც ასეთი ჰემონი უნდა ითამაშოს.
ამ პიესის დადგმის დიდი ისტორია გვაქვს ქართულ თეატრში, ამიტომ ამის შეხსენებას არ ვაკადრებ მკითხველს. მხოლოდ ერთი კითხვა რჩება: ამოიცნო თუ არა ეს ყოველივე ახმეტელის თეატრის დირექტორმა და რეჟისორმა ირაკლი გოგიამ და ვნახავთ თუ არა ახლებურ „ანტიგონეს“ განსხვავებულს სოფოკლეს ან ბრეხტის ვერსიიდან.
დიახ, ეს ასეა.
ფარდის ახდის შემდეგ სცენაზე ვხედავთ დიდ ყუთს - რეჟისორი აქედანვე არღვევს თეატრის სამი კედლის პრინციპს და გვთავაზობს ოთხ კედელს, სადაც წინა კედელი თან არის და თან არ არის. არის იმიტომ, რომ მსახიობები მის მიღმა თამაშობენ და არც არის იმიტომ რომ სრულიად გამჭვირვალეა (მხატვარი მარიკა კვაჭაძე, ლანა გოგოლაძე).
რეჟისორი ანუის პიესის პერსონაჟებს უმეტესწილად ჩაკეტილ სივრცეში ამყოფებს, საცდელი, ექსპერიმენტის სუბიექტებივით (ბოდიშს ვუხდი ასეთი შედარებისთვის პერსონაჟებსაც და მის შემსრულებლებს) და მაყურებელთან ერთად აკვირდება თუ როგორ გაართმევენ თავს ისინი იმ როლებს რაც პიესის ავტორმა არგუნა. აქვე დავძენ, რომ ეს არ არის თეატრი თეატრში.
როგორც ზემოთ აღვნიშნე ესაა, როცა პერსონაჟებმა იციან რა მითოლოგიური, კლასიკური პერსონაჟი უნდა განასახიერონ. ანტიგონემ (ანა ჯავახიშვილი) ოიდიპოსის მეამბოხე შვილის, კრეონმა (ანდრია გველესიანი) კანონის ერთგული მეფის, ძიძამ (გვანცა კანდელაკი) - მკაცრი ძიძის, ჰემონმა (ჯორჯი დვალიშვილი) - თვითმკვლელი შეყვარებულის, ისმენემ (ანანო გულედანი) მეფის ერთგულის და დამჯერის, რომელიც სულ მალე პაჟის თანამდებობასაც მოირგებს, ევრიდიკემ (სოფია სებისკვერაძე) - მეფის მეუღლის უხმო როლი. ყუთის შიგნით მხოლოდ ორი სკამი და საქანელა-სარეცელია, რომელზედაც ალისფერ კაბაში გამოწყობილი ევრიდიკე ისვენებს, მან უტყვი დედოფალი უნდა ითამაშოს, ამისთვის საჩხრიალოც მოუმარაგებია, რათა მის მეშვეობით გამოხატოს აღფრთოვანება (ძალიან იშვიათად) და აღშფოთება (თითქმის გამუდმებით) - უხმო მოწმე ყოველივეს რაც აქ მოხდება. ახალა კი ეთეოკლეს და პოლენიკეს მრავალჯერ მოყოლილ ისტორიას მშვიდად ისმენს - აქ, ამ შემოფარგლულ სივრცეში გვამის აყროლებული სუნი ვერ აღწევს.
პიესის ტექსტში სიტყვა„ არა“ 51 არის გამოყენებული და აქედან 30 ანტიგონეს ეკუთვნის. მისი შეურიგებელი ბუნება უარს ამბობს ყოველივე ცხოვრებისეულზე. მან ხომ ჟანა დ′არკივით (ანუის „ტოროლა“) დაიჯერა რომ მას მხოლოდ ერთი მისი აქვს - დაასაფლავოს მიცვალებული ძმის ნეშტი - არა აქვს მნიშვნელობა მოღალატე იყო იგი თუ გმირი. ანუის მსგავსად სპექტაკლის რეჟისორის ირჩევს წარმოდგენის თეატრს და ყოველი სცენა მას პასუხებს - დაწყებული ანტიგონეს გამოჩენიდან. მოკლედ აღვწერ ამ საყურადღებო სცენებს:
ანა ჯავახიშვილის - ანტიგონეს თინეიჯერივით შორტები და მაისური აცვია და ავანსცენაზე ყუთის წინ გვანცა კანდელაკს - ძიძას ხვდება ნაცრისფერ, ოფიციალურ კოსტიუმში გამოწყობილს. მას მკაცრი უტყვი სახეა, რაც თავისთავად მიუთითებს მის ამპლუას - შეხვედრა ოფიციალურია, მკაცრად განსაზღვრული და დაგეგმილი, რათა არ გაუშვას ხელახლა ანტიგონე.
აქ შემთხვევით არ ვახსენე ამპლუა. ჟან ანუი ის დრამატურგია, რომელმაც თავის პიესებში დააბრუნა ამპლუას, მხოლოდ სხვა გაგებით და შინაარსია. მისი ახალგაზრდა პერსონაჟები, გმირობისთვისაა დაბადებული, თანაც ძალიან ცოტა დრო აქვთ გამოყოფილი ამისთვის.
ესენი კლასიკოსი გმირები არიან, რომელნიც ვერაფრით ასცდებიან და ვერ შეცვლიან თავის ამპლუას. მის პიესებში გმირები თვითონ განსაზღვრავენ თავის ამპლუას. ამ მხრივ იგი ძალიან წააგავს პირანდელოს, რომელიც თვლიდა რომ იმ სამყაროში ადამიანი იძულებული ატაროს ნიღაბი და ის როლი ითამაშოს, რაც მას არ ახასიათებს.
ძიძა ზურგჩანთაში აღმოჩენილ ნივთებს, აირწინაღს, ღამის სათვალეს, ნიჩაბს, საწვიმარს აღმოუჩენს, ნაგვის ყუთში ჩაუძახებს და ანტიგონეს უარის თქმის შემდეგ თავსაც ამ ყუთში ჩააყოფინებს, თუმცა სპექტაკლის ფინალში თვითონ ამ საწვიმარში გაეწყობა, ინსტრუმენტებს აიღებს და გვამის დასამარხად მიდის. იოდიპოსის ქალიშვილები მუდმივი დაპირისპირებაში იკვეთება ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ამპლუა - ანტიგონე და ისმენე, დამჯერი, დაზე ნაწყენი, ვინაიდან ჰემონი მის საქმროდ მოიაზრებოდა. იგი მის დათმობასა და გადაცემას გაითამაშებს.
ყუთის შიგნით გმირები ერთად იკრიბებიან, ფეხზე დგანან, ხელიდან ხელში გადასცემენ გვამის მახლობლად ჩაფარის მიერ ნაპოვნ ნიჩაბს ამოსაცნობად. მის თავში მარცხნივ კრეონი ზის, მარჯვნივ ანტიგონეა. ეს ის ნიჩაბია, რომელიც კრეონმა რასაკვირველია იცნო, მაგრამ სურს ოპოზიციის მიერ მოწყობილ ხრიკებად აღიქვას. აქვე გაისმის ევრიდიკეს ხარხარი - ევრიდიკეს სიცილი ისევ როგორ ჩაფრის (ნიკა თეთრაძე) ანტიგონესთან საუბრის დროს აქ დაცინვისა და შეფასების ფორმაა. სარეცლის საფარი, ზეწარი - ერთ-ერთი მოქმედი პირია, რომელსაც დიდი რუდუნებით ასწორებს კრეონი, ხოლო ანტიგონე კი აურევს, მასში გახვევას ცდილობს, ხან ისევ გაასწორებს და სწორედ ამ ზეწრის იკლავს თავს. სარეცელის ხან კრეონი იყებს ხან ანტიგონე, შემდგომ კი მათი ბრძოლის ასპარეზი ხდება. კრეონი კალთაში ჩაისვამს მას, როგორ ადრე ბავშვობისას და მას ძმებისა და ოიდიპოსის ამბებს უყვება - „ხელი ისე მომიჭირე, დამიბუჟდა და ტკივილს ვერ ვგრძნობ“ - ეტყვის ანტიგონე. ამ ბრძოლაში ვლინდება ორივე მათგანის შეუპოვარი ხასიათი. ანტიგონესთვის არანაირი არგუმენტი მისაღები არაა. აქ უნდა გაირკვეს პასუხი კითხვაზე რასაც სპექტაკლის ანონსში ვკითხულობთ „სად გადის ზღვარი სახელმწიფოებრივ აუცილებლობასა და ადამიანურ ღირსებას შორის?“. „ხომ უნდა იცოდე რისთვის კვდები“ - სიმართლე მხოლოდ ისაა, რაზეც არავინ საუბრობს“. „ჩემს ოთახში წავალ“ - ეს კომპრომისი არაა, მოყოლილ ამბებზე მხოლოდ ემოციური პასუხია, რომელიც ვერ ხდება შეწყალებაზე ხელის მოწერის საბაბი. კრეონი კი კმაყოფილია - შედეგს მიაღწია - „ბრძოლის ველს“ ალაგებს. ზეწარს გააფენს და აწესრიგებს.
კრეონისა და ჰემონის შეხვედრა - პერანგს გახდის, საკუთარ სამხედრო კიტელს აცმევს, მომავალს უწინასწარმეტყველებს ცოლის მოყვანასა და მეფობას სთავაზობს, მაგრამ მთავარ თხოვნას არ უსრულებს. იარაღს წაართმევს და იქვე სარეცელზე დებს - რომელიც აუცილებლად გაისვრის. ყუთში შესულმა პერსონაჟებმა/მსახიობებმა მშვენივრად იციან რა რით უნდა დასრულდეს, ეს ვიცით ჩვენს. აქ საინტერესო მხოლოდ ისაა როგორ გვთავაზობს ამ საფინალო სცენას რეჟისორი - სასიკვდილო სარეცელს - რაზეც კი ყველა ერთად აღმოჩნდებიან: ევრიდიკე, ანტიგონე, შემდეგ ჰემონი და თვითონ კრეონი - ტანს გაიხდის და ანტიგონეს გვერდით მოთავსდება და „მარადიულ ძილს“ მიეცემა.