
ანტიგო ნე - ახმეტელის თეატრში
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

15.06.2026
ანი ცხვედაძე
ანტიგონე - ახმეტელის თეატრში
ლაბდაკიდების მითურ მოტივებზე კონსტრუირებული, სოფოკლეს „ანტიგონეს“ ვერსიის ანალოგიად მიჩნეული (მეტნაკლები სოციო-პოლიტიკური სხვაობებით) - ჟან ანუის „ანტიგონეს“ ახალი სცენური ინტერპრეტაცია, პრემიერის სახით ახმეტელის დრამატულ თეატრში გაითამაშეს და კიდევ გაითამაშებენ.
ანუის „ანტიგონე“ ხშირად ითვლება სტუდენტებისთვის საყვარელ პიესად, უმთავრესად იმიტომ, რომ იმ მასშტაბის დაუმორჩილებლობა “ნებისმიერზე“ და შეწინააღმდეგების მოზღვავებული სურვილის ურყევ პრინციპად ქცევა, პლუს, სასიყვარულო ურთიერთობის ფატალისტური დასასრული - უმეტესად სწორედ ამ პერიოდებში იწვევს გაუცნობიერებელ აღფრთოვანებას (ხოლმე)!
თუმცაღა, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ პიესაში წამოჭრილი აზრობრივი კონსტრუქტები გაცნობიერებული თვალისთვისაც მარად აქტუალურ მოდელებად რჩება - სოფოკლედან ანუიმდე და ანუიდან დღემდე.,
<ანტიგონეში> არსებული, პრინციპულობის, ერთგულების, სიმტკიცის, ჰეროიზმისა და ზნეობრიობის ერთგვარი კვინტესენციის მიღმა, რადიკალურად იკვეთება რეზისტენტულ/შეწინააღმდეგებაში მყოფი კონფრონტაციულობა; კრეონტს - დესპოტური კანონების პირსისხლიან დემიურგსა და ანტიგონეს - შეუპოვრად მტკიცე <არას> მთქმელ, ახალგაზრდა ქალის მოუდრეკელ ხმას შორის.
სახელმწიფოს ყველანაირი მოწყობის სქემაში წარმოიშობა მწვავედ კონფრონტაციული განშტოება - სუბორდინაციულად მაღლა მდგომი იერარქი და ამ იერარქის კანონიკასთან დაპირისპირებული, ხშირად თავგანწირვამდე მისული სამართლიანობის აპოლოგეტი, როგორსაც ანტიგონე განასახიერებს ანუის კონცეფციური დატვირთვით.
მარადაქტუალობას ყოველთვის შეინარჩუნებს ამ სახის კონტრ-დაპირისპირებულობა, ვინაიდან ეს არის, როგორც ადამიანის ეგზისტენციალური ტანჯვა-შფოთის მთავარი პრობლემა, იმდენად, დეტერმინირებულ კონტექსტში - ონტოლოგიური მრავალხმიანობისა და ანტიჰეგემონიის ნიშანდობლივი მტკიცებულება. რამეთუ, მყარად ფესვგამდგარ უკანონობას, ჩაგვრასა და უთანასწორობას ყოველთვის უპირისპირდება - ერთგვარი ეთიკური სათნოებების სახით, სამართლიანობისა და თანასწორუფლებიანობის იდეალისტური მიდგომა.
ირაკლი გოგიას რეჟისურით დადგმულ ვერსიაში, დამაკმაყოფილებელი კონტრაპუნქტული ხმები მოქმედებენ სცენაზე, ხოლო დომინაციური აქცენტირებით კი, რასაკვირველია, კრეონისა და ანტიგონეს ხანგრძლივი პაექრობის დრამატურგია.
მხატვარი: მარიკა კვაჭაძე, ლანა გოგოლაძე; კომპოზიტორი: მეჰრან მირმირი; ქორეოგრაფი: კატერინა ნეზვანოვა; მსახიობები: ანა ჯავახიშვილი, ანდრია გველესიანი, ჯორჯი დვალიშვილი, ანანო გულედანი, გვანცა კანდელაკი, ნიკა თეთრაძე.
ანდრია გველესიანის კრეონის აპარტე მაყურებელთან, ბერძნული მითის არქეტიპებზე გავლით, ფროიდისტული კონტურებით აკინძულ-აწყობილი მასკულინურობის თამამი დემონსტრირებაა, რომელიც ძალმომრეობას, დესპოტიზმს და უსამართლობისადმი კაპიტულანტურ, ამავდროულად მონურ მდგომარეობას დეკლარირებს სცენიდან. გველესიანის გმირი სპექტაკლის დასკვნით აკორდში, ანტიგონეს უსულო სხეულს მიუწვება, თითქოს და, ბოლოს დანებებული საკუთარი სისასტიკის მარწუხებს.
ანა ჯავახიშვილის ანტიგონე ანდრია გველესიანის კრეონს თამამ წინააღმდეგობას, შეუპოვრობას, სიმტკიცესა და თავგანწირვას უპირისპირებს - ფემინურობით კიდევ მეტად საინტერესოდ და მიმზიდველად.
ძვირფასმა კოლეგამ - დავით ბუხრიკიძემ ჩემთან საუბარში ნიშანდობლივი აღნიშვნა გააკეთა: -„დღეს ყველა დეკონსტრუირებული სტრუქტურით დგამსო“.
რასაც აბსოლუტურად ვიზიარებ, ყოველ შემთხვევაში ბოლო დროინდელი დაკვირვებებით; არ აქვს მნიშვნელობა სივრცულ სახელდებას, იქნება ეს სახელმწიფო, მუნიციპალური თუ დამოუკიდებელი თეატრი, მეტნაკლები სახესხვაობებით, ანუ ოდნავ მეტი დოზით ან ნაკლებით - დეკონსტრუირებული მასალა გამოაქვთ სცენაზე - ლამის რომ უკვე <ახალ სტერეოტიპად> იქცეს და არც ამჯერად გოგიას რეჟისურაა გამონაკლისი ამ თვალსაზრისით. დადგმის სქემა არაკონვენციურ სტილს მეტად ინარჩუნებს, მოქმედებათა რიგი უმეტესწილად ვერბალური თხრობის პრინციპს ემყარება, ვიდრე ქმედითი მიზანსცენების შინაარსობრივ ქრონოლოგიას.
ჰემონის პერსონაჟი (ჯორჯი დვალიშვილი), სოფოკლესთანაც და ანუისთანაც გარკვეულ მაგნეტიზმის მომენტს/განცდას წარმოშობს, როგორც ზნეობრივად სუფთა ფსიქოტიპი, ისე, როგორც ანტიგმირის ანტიპოდი, თუმცაღა, მისი მოქმედებების კარდიოგრამა შესაძლებელია ორგვარ ვარიანტად გავიაზროთ: ერთი მხრივ, არც იმდენად პოზიტიური თვალსაზრისით ანტიგონესთან მიმართებაში - დიდად რომ ვერაფერი მოიმოქმედა მამის წინააღმდეგ, საცოლის გადასარჩენად, რათა აერიდებინა <მსხვერპლშეწირვის აქტი> და მეორე მხრივ, ცალსახად არა-ნეგატიური კონოტაციითაც შეგვიძლია აღვიქვათ: - ჰემონს უყვარდა ანტიგონე და ამას ეჭვქვეშ ვერაფრით ვერ აყენებს <უმაღლესი მოქმედების აქტის> (ანუ სუიციდი) აღსრულების მტკიცებულება, რამეთუ, ის გაცნობიერებულად ირჩევს ფატალისტურ დასასრულს და აღარ აგრძელებს სიცოცხლეს ანტიგონეს გარეშე(!).
სოფია სებისკვერაძის ევრიდიკე-უტყვი გმირი, ჰორორის მსგავს ენერგეტიკულ მუხტს ქმნის, დუმილით, სტატიკური სვლებით, ტირილისა და სიცილის იმიტაციით, თუ ყვირილით.
ძიძის, ისმენესა და მცველის პერსონაჟები კი ნომინალურ ხაზს წარმოადგენს ახმეტელის თეატრის ვერსიაში.
სცენოგრაფიული ნიუანსები, იქნება ეს: თეთრი ზეწარი, რომელიც ასე ფუნქციურ ინსტრუმენტად არის ქცეული სპექტაკლის დასაწყისში, შუა და დასკვნით ეპიზოდებში; შემოსაზღვრული კვადრატული სივრცე - ტრაგედიის საპირწონე ქვეტექსტს ატარებს - კლაუსტროფობიული გარემოს ალუზიაა, სადაც ანტიგონეს ცხოვრების ყველა პერიპეტია სწორედ იქ თამაშდება და იქვე მთავრდება!..
<ანტიგონე> ყოველთვის იქნება ხელოვნებაში ინტერპრეტაციების, ხელახლა გამოხატვისა და ვარიაციების წინაპირობა ან საბაბი. ვინაიდან ჩემი აზრით, ისტორიულ ნარატივში ნიშანდობლივია, არა კონკრეტულად ძმის სიყვარულისთვის თავგანწირული მოსიყვარულე დის პროტოტიპის ჩვენება, არამედ გაცილებით მასშტაბური და ყოვლისმომცველი ნარატივი, რაც მოიაზრებს - <არას> თქმით დოგმების წინააღმდეგ მიმართულ ბასრ კონტრ-დარტყმას, მტკიცე ნონკონფორმიზმს - აღნიშნული ქმედება კი სიახლისა და ცვლილების პოზიტიურ პერსპექტივას მანიფესტირებს, რა მომენტშიც უმთავრესად იგრძნობა ხოლმე სიცოცხლის არსი(!).
კრეონისა და ჰემონის დასკვნით დიალოგში ერთმნიშვნელოვნად პრევალირებს შემდეგი ფრაზა: როცა ჰემონი შესთხოვს მამამისს ანტიგონეს გადარჩენას, რადგანაც ყოვლისშემძლეა და მბრძანებელი ყოველგვარი კანონის.
კრეონი უპასუხებს: „ყოვლისშემძლე ვარ კანონის შექმნამდე. მერე კი უძლური ვარ.“ მაშასადამე, იკვეთება შემდეგი პარადოქსი, რომ მბრძანებელი თავად გახდა მონა და უმოქმედო თავისი კანონების მარწუხებში. ჰემონი კი მემკვიდრული მავნე პრაქტიკის გამრღვევი აღმოჩნდა და ანტიგონეს მსგავსად ისიც მტკიცე <არას> მთქმელ ჰეროიკული გმირის პათოსს იაზრებს და პრაქტიკულადაც ახორციელებს, როგორც ანტი-ეპიგონი:
ჰემონი - „ნუთუ გგონიათ, რომ შევურიგდები თქვენებურ ცხოვრებას, შევძლებ ვიცოცხლო უიმისოდ, ვუყურო თქვენს ფუსფუსს, უაზრო ყბედობას, სიცარიელეს...“