top of page

ან განშორება, ანდა შეხვედრა...

275366426_1066964540828328_4854050082597655482_n.jpg

ლელა ოჩიაური

ან განშორება, ანდა შეხვედრა...

 

ყოველგვარი შესავალის, წინათქმისა და სხვა  თანმხლები ზოგადი  ინფორმაციის გარეშე, პირდაპირ ვიტყვი - მარტის დასაწყისში, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ  თეატრში, დათა თავაძის პიესაზე (პირველად საქართველოში), საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლის „დედაომი“ პრემიერა გაიმართა.  დავამატებ, რომ ამ სპექტაკლით გაიხსნა  თეატრის მესამე (დიდი და მცირე დარბაზების შემდეგ) - ექსპერიმენტული - სივრცე. და რომ ეს იყო „ოზურგეთელების“ მეათე პრემიერა,  შენობის პოსტრეაბილიტაციის ეტაპზე და პანდემიის დაწყებიდან. რომელსაც,  რამდენიმე დღეში, კიდევ ერთი - რეჟისორ თაზო იმნაძის „ფატი“ მოჰყვა, ნიკოლოზ საბაშვილის პიესის საფუძველზე. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ დათა თავაძემ  „დედაომის“ წერა  2008 წელს, აგვისტოს ომის შემდგომ  დაიწყო, ცოცხალი რეაგირებით აწმყოზე და 2013 წელს დაასრულა,  უკვე ხსოვნაში დალექილი ემოციებისა და მოგონებების მიხედვით. პიესა, რომელიც დაიწერა მაშინ, როდესაც ომები  საქართველოში უკვე ჩავლილი იყო და რომლის დადგმა საბა ასლამაზიშვილმა სწორედ მაშინ დაასრულა, როდესაც ომი უკრაინაში, სამწუხაროდ, წარსული კი არა, აწმყო აღმოჩნდა.

არ ვიცი, რამდენად იმოქმედა, თავის დროზე, დათა თავაძეზე, ჯგუფ  Dispatched-ის ამავე სახელწოდების სიმღერამ „დედაომი“ (Motherwar), ამავე სახელწოდების  ალბომიდან,  როდესაც  ომის განცდებზე, შეგრძნებებზე, ფიქრებზე პიესას წერდა. და როგორც დაასათაურა - იმაზეც. მაგრამ, ასეა, თუ არა, დანიელ ლუნდგრენის ტექსტი ამ სიმღერისთვის, დაახლოებით ასეთია: როცა ომია, რომელსაც სიკვდილი და განადგურება მოაქვს, როცა ომია, რომელიც ავადმყოფობასავით  ვრცელდება და სულებს ასახიჩრებს, რომელშიც გამარჯვებულები არ არიან და  სიკვდილი იარაღია - დედაომში, რომელშიც სიცოცხლე აღარაა და რომელშიც მკვლელიც შეიძლება იყო და მოკლულიც. კავშირი  მასთანაც შეიძლება აღმოვაჩინოთ. ისევე, როგორც ბევრი სხვა  საერთო და პარალელი ომის, ძალადობის, დანაკარგების სხვა რეალურ ფაქტებიდან თუ მათგან გამოწვეულ ასოციაციებთან.

დათა თავაძის „დედაომი“  სიტყვაში, ტექსტში, თანამედროვე დრამატურგიის ფორმაში, სტრუქტურაში  მოქცეული საავტორო ფიქრები, განცდები და სათქმელია, მატერიალიზებული საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლში,  თანამედროვე ხერხებითა და მხატვრული გამომსახველობით.

„დედაომი“ იმ მოგონებების მოგონებებია, იმ განცდების განცდაა, რომლებსაც შეიძლება სინამდვილესთან ფიზიკური კავშირი აღარ აქვთ, მაგრამ მეტყველად გამოხატავენ ავტორის იმდროინდელ აღქმებსა თუ  მიღებულ შთაბეჭდილებებს. გავლენებს ფსიქიკაზე, მიღებულ ტრავმებზე და დამოკიდებულებებზე - რეალობის, ომისა და მშვიდობის მიმართ.  და არა იმდენად იმაზე, რაც პირდაპირი მნიშვნელობით მოხდა.

ამასთან, დათა თავაძის პიესაში და საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლში თავისთავადი და შეიძლება ითქვას, „ტრადიციულისგან“ განსხვავებულ ჭრილში და  რაკურსით წამოჭრილია და  ასახულია  - ომის, ომის საშიშროების, ომის წინაპირობისა და შედეგების,  ძალადობის,  ნგრევისა და კავშირგაწყვეტილი წარსულის გააზრების საკითხები.

ზოგადად, ექსპერიმენტული სივრცე, როგორც ვიცით,  სივრცეა, რომელშიც დარღვეულია თეატრის „ტრადიციული“ დარბაზის გეგმა, სქემა, განლაგება და წესრიგიც და რომელიც  სპექტაკლის მოქმედების  განვითარების, აწყობის თავისუფლებასა და სხვაგვარი, თუნდაც კომპოზიციური, სტრუქტურული  გადაწყვეტის შესაძლებლობებს იძლევა.

ეს ადგილი ოზურგეთის  თეატრის სხვენში ფართოდაა გაშლილი და სივრცეში მოქმედების კიდევ უფრო გაშლას უწყობს ხელს. საბა ასლამაზიშვილი იყენებს ამ შესაძლებლობას და დარბაზის შიშველ  ქათქათა  თეთრ კედლებს, ჭერის ხის კონსტრუქციასაც თითქოს დეკორაციის ნაწილად იქცევა.

ცარიელი სივრცე, რომელიც, პირველ რიგში, სწორედ  პარამეტრებითა და მასშტაბით უფრო მოცულობითი და თან დისკომფორტის გამომწვევი ხდება (ამოცანიდან გამომდინარე და საერთო კონტექსტში), სიცარიელისა და არასიმყუდროვის ეფექტს ქმნის და პერსონაჟების (მათთან ერთად, მაყურებლის) სამყაროში დაკარგულობის  შეგრძნებას აძლიერებს.

სპექტაკლის სამოქმედო არე მაყურებლის სიახლოვესა და დარბაზის სიღრმეში - თამარ ოხიკიანის დეკორაციაში - თითქოს დიდი და უკაცრიელი მინდორია, ან ბრძოლის ველი, ან სასაფლაო, აქა-იქ მიმოფანტული აბსტრაგირებული, წაკვეთილი პრიზმის ფორმის ობიექტებით, თუ კუბოებით, თუ საფლავის ქვებით, თუ „უსისტემოდ“ დაყრილი ლოდებით.  რომლებსაც მსახიობები სხვადასხვა ვითარებასა და დანიშნულებით იყენებენ და რომლებიც თითქოს სულ ახსენებენ ადამიანებს ომისა და ძალადობის, სიცარიელისა და სიკვდილის, საფრთხისა და ბუნდოვანი მომავლის  არსებობას.

მაყურებლის პირისპირ, კედელთან შემინული გალერეაა. ძირითადად, გარკვეულ დრომდე ცარიელი.  მის შიდა კედელზე, საკიდებზე გაუთოებული ტანსაცმელია ჩამწკრივებული.  როგორც საქართველოში იციან, შეიძლება სხვაგანაც, ომში წასული და ხშირად, არდაბრუნებული ჯარისკაცების მოლოდინში. ან სამახსოვროდ. თითქოს უკვე  დიდი ხანია, ასე გრძელდება და პატრონი კი ისევ არ ჩანს.

რეალობა სიცხადეს კარგავს. როდესაც შუშაბანდი ნათდება და მოქმედება მის ტერიტორიაზე ინაცვლებს,  გმირების ხმები კი ყრუდ და დახშულად ისმის, იქმნება სიმყუდროვისა და სიმშვიდის (ტექსტის ყურმოკრული ფრაგმენტების შინაარსის მიუხედავად) ილუზორული განწყობა. ღამით, ვიღაცის განათებულ ფანჯრებში შეთმხვევით თვალმოკრულ სურათს რომ ჰგავს, სურათს მშვიდობიანი ცხოვრებიდან. მოქმედებას ხედავ და მხედველობით აღიქვამ. შესაბამისად აკეთებ დასკვნებს.

მინის კედელზე, გვერდით მიდგმული,  ფიცრისგან შეკრული„აღმართია“, უმისამართო „კიბე“ საფეხურების გარეშე, რომელიც კრავს დეკორაციის ამ, მთავარ, „ხელშესახებ“ ნაწილს. მასზე ასვლაც, სპექტაკლის პირველივე სცენებიდან,  რიტუალად იქცევა.  შეუძლებელი  - გასვლის - თავის დაღწევის ამაო მცდელობის მეტაფორად. ჩაკეტილი სამყაროს სახედ, საიდანაც გასაქცევი არსადაა და აღარც იმედი.

დაძაბულობის, შიშის, ხიფათის გაურკვეველი შეგრძნება, უარყოფითი ენერგიით გაჟღენთილი ატმოსფერო, ჯერ კიდევ მანამდე ჩნდება,  სანამ მოქმედება დაიწყება და შემდეგ ასევე გრძელდება. პერსონაჟები სხვადასხვა წერტილში გაუნძრევლად დგანან და დარბაზიც ნელ-ნელა მაყურებლით ივსება.  

შემდეგ მოვლენები ერთმანეთს მისდევენ და ცვლიან. დაძაბულობა მატულობს.  ტემპო-რიტმის შეუცვლელად. დრო გადის. თუმცა მისი „შიდა“ მსვლელობა პრაქტიკულად არ იგრძნობა. დრო გადის, მექანიკურად და უსასრულოდ  - სტრესებში, შიშში, უნდობლობაში, უიმედობაში, სიცრუეში,  სისასტიკეში, ძალადობაში გადაზრდილ ვნებაში და არა იმდენად გამარჯვების, არამედ, ომის დასრულების მოლოდინში.

სიჩუმესა და ხმაურში, შინაგანად დამუხტულ და ნერვულ გარემოში, თავშეკავებულად და სხვადასხვა თემით, დატვირთვითა და თუმცა  მცირე დოზით შემოდის ვახტანგ გვახარიას მუსიკა. მუსიკალური ხმაურები, ფრაგმენტები, თითქოს საიდანღაც,  „უხეშად“ გამოგლეჯილი ტაქტები. ამ ახალგაზრდა კომპოზიტორს აშკარად აქვს განსაკუთრებული „თეატრალური სმენა“ და ჟანრის, გარემოს, კონტექსტის შეგრძნება. „დედაომის“ საერთო ხასიათის შექმნაში მუსიკა აქტუალურ მნიშვნელობას იძენს და როლს ასრულებს.

სცენის ერთ კუთხეში მუდმივად ჩართული ტელევიზორი არაფერს აჩვენებს. მხოლოდ ცარიელი ეკრანია, გამოსახულების გარეშე, მხოლოდ მოძრავი ხაზებით. ხარვეზია მთელი სპექტაკლის განმავლობაში. გაჩერებული დროს კიდევ ერთი ნიშანი. წაშლილი და გამქრალი დროის. კონტაქტიც გარესამყაროსთან თითქოს გაწყვეტილია, რომლის არსებობას მხოლოდ დიალოგებში ნახსენები ამბები, მოკლე ფრაზები და კითხვები, მოვლენებისა და ამბების გაგების სურვილის გამოხატვა და კურიერის პერიოდული გამოჩენა ადასტურებს.

„არაბუნებრივი“ და „კონკრეტიკას“ მოკლებული, თავისებური შეფერილობისა და დადგენილი „წესების“ მიხედვით აგებული სცენები, რომლებიც არა რეალობას გამოხატავენ, არამედ საერთო ვითარებასა და შინაგან მდგომარეობას. განსაზღვრავენ სპექტაკლის ხასიათსა და მოცემულობის ერთიან მანერას და აბსტრაგირებულ რეგისტრში გადაჰყავთ. მათ გარშემო ქვეყანაში - სამყაროში -  ომია და ის ადამიანებსა და ცხოვრებას საბოლოოდ ცვლის. ჩვეულ ტემპსა და დინებას ანელებს. ასხვაფერებს.  შიში და გაურკვევლობა ყველას დაღს ასვამს. სხვა განზომილებაში გადაჰყავს. რეალობას საზღვრებს უკარგავს. რეალობის შეგრძნებას აქრობს.

აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს - ჭრიჭინა კალიად იქცეს.  ჯარისკაცი  - მანქურთად და ადამიანი - კაციჭამიად. ეს ისეთი დროა, როდესაც შენ შენ არ ხარ. სხვაც აღარაა ის, ვინც იყო და სულ სხვაა. როდესაც უკვე აღარავინ აღარავინაა.  ომი ყველაფერს ცვლის. ცვლის ადამიანებს.  და, როგორც სპექტაკლში ამბობენ, აერთიანებს.

ადამიანები კარგავენ და შორდებიან ერთმანეთს. უცხოები ხვდებიან და საკუთარ „კანონებს“ ამკვიდრებენ. წარსულს აწმყო სრულიად ცვლის და ყველაფერი, რაც ადრე ღირებული იყო, ფასს კარგავს. უფასურდება შეხვედრისა და განშორების მარადიული რიტუალი. სიცოცხლის არსებობას ახალი ნიშნები ადასტურებენ. სიკვდილსაც - ახლები. როგორც გაგა ნახუცრიშვილის მინიატურაშია: „თუ ზღვების იქით ისევ ზღვა არის, თუ კატა მზეზე მზეს აშტერდება, მაშინ, ვინ იტყვის: აბა რა არის ან განშორება, ანდა შეხვედრა“.

სამყაროში ქაოსია და საბა ასლამაზიშვილი ქმნის ასეთი ქაოსის  ასეთ  განწყობასა და მოჩვენებითი სიმყუდროვის ატმოსფეროს. მხოლოდ ადამიანები არღვევენ „სიმშვიდეს“. ქმედებით, ქმედების შეცვლით, მოძრაობით, მიმოსვლით. ნამდვილი თუ მეტაფორული სიკვდილით, მკვლელობით, კონფლიქტით საკუთარ თავთან და ერთმანეთთან. გაუცნობიერებელი პროტესტით გარესამყაროსთან, რომელიც არ ჩანს, მაგრამ სულ არსებობს, როგორც საპყრობილის უხილავი კედლები.

მსახიობები - თამარ მდინარაძე - ზინა, შორენა გვეტაძე -   მანანა, ციცი ბუცხრიკიძე - თინა და  ნიკა ძნელაძე - კურიერი - მიჰყვებიან ამ ხერხსა და გეზს და დაგეგმილ,  მექანიკაში გადასულ რიტმში, მექანიკურ მოძრაობაში, „ხელოვნურ“ პოზებში,  თავისთავად  პლასტიკაში გამოხატული გრძნობების  ირეალობის, გაუცხოების მდგომარეობას ბადებენ.

ისინი მეტყველებენ სპეციფიკური მანერით, ხაზგასმული მანერულობით, თითქოს სივრცეში გასროლილი ფრაზებით,  ცივი და განყენებული ინტონაციებით, ისევე, როგორიც მათი მოძრაობის დიდი ნაწილი და ქმედებაა.  ისინი მოქმედებენ მექანიკურად და ასევე წარმოთქვამენ ტექსტებს. ასეთივე ხერხით  გამოთქვამენ სიტყვებს - ცოცხლად, მიკროფონში თუ სხვისი სათქმელის „გახმოვანებისას“. უსიცოცხლოდ და შეფარული/დამალული ნამდვილი გრძნობებისა და სათქმელის  გამოუმჟღავნებლად.  

ოთხი ადამიანია და ბევრის არსებობის შთაბეჭდილება იქმნება. მსახიობები აღწევენ ასეთი განზოგადების, კრებითობის, ერთიანობის ხარისხს. მარტოობის, მარტო დარჩენის შიშით, მიუსაფრობითა და ინფორმაციის არქონით  გაურკვევლობის  პირობებში გაჩენილი უგულობის, დაუნდობლობის, შეუბრალებლობის ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს და მეტ დაძაბულობას, წარმოსახვების გაზვიადებას იწვევს.

მოძრაობაც და ქმედებაც, რაზეც განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ რეჟისორი და მსახიობები, თითქოს გაუცნობიერებელია, იმპულსური, ფარული ზრახვებისა და გრძნობების გამომხატველი.

საექსპოზიციო ნაწილში, ჯერ კიდევ მანამ, სანამ გაირკვევა, ვინ ვინაა და რა მოხდება, თინა ციცაბო ფიცარზე იწყებს არბენას, აირბენს, ვარდება. აირბენს, გორდება. და ასე რამდენჯერმე. მოგვიანებით, მანანაც ცდილობს, იგივე გზა (უღელტეხილი) გაიაროს და ისიც  - უშედეგოდ.

მიწაზე (იატაკზე) ხან ტანისამოსს ყრიან  და ხან ლობიოს.  უწესრიგოდ  მიმოფანტული  სამოსი იმ წესრიგის არსებობის ბოლო წერტილია, იმედისა და შინაგანი კავშირების ბოლო რგოლი, რომელიც საზოგადოებას ჯერ კიდევ  აიმედებს და რომელიც  თანდათან ქრება. წითელი  მარცვლები, რომლებსაც თინა ზინას პირში უტენის და სახეზე ასრესს,  სისხლის წვეთებს ჰგვანან  -  ომში დაღვრილი სისხლის ნიშნადაც შეიძლება აღვიქვათ, სიყვარულისკენ სწრაფვის სიმბოლოდაც, სიძულვილის, სისატიკის კიდევ ერთ გამოხატულებადაც. და სავარაუდოდ, ჯერჯერობით ერთადერთ საკვებად, რომელიც   ჩაკეტილ, იზოლირებულ ადამიანებს შემორჩენიათ.

ზინას  (დედის, ქალის, მეომრების ძალადაკარგული მფარველის) აღსარებები და გახმოვანებული ფიქრები, ხმამაღლა გამოთქმული შიშები და გრძნობები, რომლებიც, ფაქტობრივად მთელი სპექტაკლისა და მოვლენების მზიდი და ბიძგის მიმცემია,  ექსპრესიულ და მძაფრ ტონალობას აძლევენ  ყველასა და ყველაფერს და „დედაომის“ მთავარი ღერძის ძირითად გამტარად იქცევიან.

კულმინაციური სცენაა მანანას (ყველაზე გაწონასწორებული, საღი და მყარი ფსიქიკის ადამიანის) ცეკვა - რაიმე სტილის, ნახაზისა თუ „ზუსტი“ ილეთების გარეშე - სასოწარკვეთილი და უიმედო და ამასთან, მოზეიმე, გამარჯვებული ადამიანის როკვა, თითქოს რიტუალური, რომელიც  სპონტანურად იბადება და სრულდება.

კურიერის (რომელიც ყოველ შემოსვლაზე „სახესა“ და თვისებებს იცვლის) ჩუმი სიმღერა გიტარაზე, საკუთარი აკომპანიმენტის თანხლებით, თითქოს ამოვარდნილი საერთო ქსოვილიდან და განყენებული, ამავე დროს, ჰარმონიული ნაწილი, დისჰარმონიულ, დესტრუქციულ სისტემაში.

აქ - „დედაომის“ ომში - არც გმირები არიან, არც თავდადებულები.  არც გამარჯვების, ბოროტების სიკეთით დამარცხების დღესასწაულია  და არც იმედი.  და თუ  მაინც  არსებობენ, ისინი, რომლებიც სადღაც შორს, ბრძოლის ველად ქცეულ ტყეებსა და მინდვრებს მოსდებიან და სამშობლოსთვის იბრძვიან, ნგრევასა და სიკვდილს უპირისპირდებიან და ამარცხებენ - ამ სამყაროში არ ჩანან.

დათა თავაძის, 2008 წლისა თუ სხვა წინამორბედ (საქართველოსა და მსოფლიოში) ომებზე რეაქციით დაწერილი პიესა და საბა ასლამაზიშვილის 2022 წლის თებერვალ-მარტში დადგმული სპექტაკლი, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ახალ  დატვირთვას,  მნიშვნელობას, სიმწვავეს, სიმძაფრესა და ღირებულებას იძენს.

და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ - ბრძოლის ველზე, თუ  ტყვიებისა და ყუმბარების დარტყმების ქვეშ  მყოფი ქალაქებისა და სოფლებისთვის,  უშუალოდ არამეომარი ქვეყნებისთვისაც - ომი  უბედურებაცაა, პასუხისმგებლობაც, ვალდებულებაც და ადამიანობის,  გმირობისა და ერთიანობის, გაერთიანების გამოცდაც.

P.S. „დედაომის“ საპრემიერო ჩვენების შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე ომისა და უკრაინელი ხალხის თანადგომის ნიშნად, დათა თავაძე და თამარ ოხიკიანი მაყურებლის წინაშე უკრაინის დროშითა და ბაფთებით წარდგნენ. ოზურგეთის თეატრმა, სამხატვრო ხელმძღვანელ ვასილ ჩიგოგიძისა და დირექტორ ზაზა ჯინჭარაძის თაოსნობით,  მაყურებელ ქალებს უკრაინის დროშის ფერებში შეფუთული პატარა თაიგულები მიართვა. ყველა თანამშრომელს  მკერდზე უკრაინის დროშის სამკერდე ნიშნები და კოკარდები ეკეთათ. უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღესვე, პირველმა საქართველოს თეატრებიდან,  ოზურგეთის თეატრმა შენობის ფასადზე უკრაინის დროშა გამოფინა.  

bottom of page