top of page

ანდრე და დორინი GIFT-ის ფოკუსში

0166A6AE-231B-4426-BD4D-CCA579107372.png

11.11.2025

ანი ცხვედაძე

ანდრე და დორინი GIFT-ის ფოკუსში
 


დიდი გერმანელი თეატრმცოდნე, ჰანს-თის ლემანი წიგნში „პოსტდრამატული თეატრი“ დისკურსულ მსჯელობაში „პოსტდრამატულის“ შესახებ აღნიშნავს:

ციტირება:
„პოსტდრამატულმა თეატრმა იცის არამხოლოდ „ცარიელი“, არამედ ხალხით გადავსებული სივრცეც; შეიძლება „ნიჰილისტურიც“ იყოს და „გროტესკულიც“ - მაგრამ იგივე ითქმის „მეფე ლირზეც“. მეორე მხრივ, პროცესუალობა, ჰეტეროგენულობა და პლურალიზმი ახასიათებს ნებისმიერი სახის თეატრს - იქნება ეს კლასიკური, მოდერნული თუ პოსტმოდერნული.“

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა 2025 წლის სეზონზე არსებობის 28 წელი მიითვალა; კვლავინდებურად, გემოვნებიანი, მაღალინტელექტუალური და მრავალპლანიანი პროგრამით, რომელსაც ყოველ წელს სთავაზობს მრავალფეროვან და ასევე ტრადიციულ მაყურებელს.


ფესტივალმა ახალი პროგრამის „ბასკურ-ქართული კულტურული გზაჯვარედინი: კავკასიიდან პირენეებამდე“ ფარგლებში - 28/29 ოქტომბერს ესპანურ თეატრალურ კომპანია „კულუნკას“ უმასპინძლა, ნიღბების თეატრის პირველ პრესტიჟულ და გახმაურებულ ნამუშევარს - „ანდრე და დორინის“ სიყვარულისა და თანაცხოვრების ემპათიურ ისტორიას. (მარჯანიშვილის თეატრში).                  

                                                                                                                                  
რეჟისორი: ინაკი რიკარტე; სცენოგრაფია: ლაურა გომესი; ნიღბები: გარბინე ინსაუსტი; კომპოზიტორი: იაიო კასერესი; მონაწილეობენ: გარბინე ინსაუსტი, ედუ კარკამო, მიკელ ინსაუსტი.

„ანდრე და დორინი“ გახლავთ ფიზიკური თეატრის მშვენიერი პოსტულატი, 80 წუთიანი ქრონომეტრაჟის არავერბალური, ემოციური, იუმორნარევი, ეგზისტენციალური პოსტ-დრამატული თეატრალური წარმოდგენა. (რეკომენდებულია ესპანეთის ეროვნული თეატრების ქსელის მიერ)
აღნიშნული სპექტაკლი 30-ზე მეტ ქვეყანაშია წარმატებულად წარდგენილი და ამიერიდან მათ რიცხვს საქართველოც შეემატა.

მოძრაობის, მარიონეტული ნიუანსების და ნიღბების სინთეზირებული კოლაჟი, უნივერსალური გრძნობის - სიყვარულის ბუკვალურად შეულამაზებელი რეპრეზენტაციული მანიფესტაციაა.
მუდმივად თანმდევი ამბივალენტურობით, ემოციური აღმაფრენებითა და იქვე ემოციური დაღმასვლის მაჩვენებელი ექსპრესიებით.

ცოლ-ქმრის, ანდრესა და დორინის ცხოვრებისეული პერიპეტია მთლიან სპექტაკლში მოყოლილი, ადამიანის ონტოლოგიური, გარდაუვლად არსებული კონდიციების ღია მეტაფორაა მსუბუქი მელიზმებით აკინძული;


ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანის ყოფა თანდათანობით ინვოლუციას განიცდის ფიზიკური ყოფის თვალსაზრისით, ბერდება და ა.შ. ანდრე და დორინის მაგალითზე გვაქვს დემენციით გამოხატული ფსიქო-სომატური კრიზისი, რომელიც თავის მხრივ იწვევს ეგზისტენციალურ კრიზისსაც. მსგავსი კრიზისებიდან თავის დაღწევის, ან ვერ დაღწევის ლაბირინთიდან გამოსავლის ძიება, ერთგვარი პანაცეაა საბოლოოდ რელევანტური.
ამ ყველაფრის დემონსტრირება მშვენივრად შეძლო ნიღბების თეატრ - „კულუნკამ“.

წყვილების თანაცხოვრება ხშირად ინტერნაციონალურად პარადიგმულია, ყველა ეთნოსს, კულტუროლოგიურ წყობასა და ცნობიერებას რომ მოიცავს ხოლმე; უპირობო მაჟორთან ერთად, სევდიან მინორსაც ითავსებს დროდადრო. თანაცხოვრების ქრონოლოგიური ტოპოსი - ყველა დროის, სივრცისა და მოცემულობისთვის ერთი და ნაცნობია, ერთგვარი სტანდარტულად აღიარებული ფუნდამენტი: ახალგაზრდობიდან სიბერემდე.

 

თანაცხოვრების პერიპეტიაში ყოველთვის წარმოიშობა ინდივიდუალური ინტენციური საფიქრალი. რამეთუ თანაცხოვრება არ გულისხმობს პირადი სურვილებისა და იდენტობის ანულირებას, არამედ ერთობლივი ცხოვრების წესიც აძლიერებს საკუთარ თავთან მარტო დარჩენისა და ფიქრის სურვილს, ინტერესებთან განმარტოებას, მთლიან ინტროსპექციულ პროცესებს.
 

ანდრეს შემთხვევაში თვითკმარობის აქტუალიზება გამოხატულია მწერლობის სიყვარულში, ხოლო დორინთან სუბლიმირებულია, დასაკრავ ინსტრუმენტზე-ჩელოსთან ურთიერთობის სიყვარულში.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს მომენტი, სწორედ <ვალიდური სენტენციაა> იმისა, თუ როგორ სჭირდება ყოველ ადამიანს „კონცენტრაციის ობიექტი“, თერაპიული კონტექსტით, მათ შორის.
„კონცენტრაციის ობიექტში“ მოვიაზრებ საქმიანობისადმი მისწრაფებას, ან გნებავთ, რაიმე სახის ჰობს და ა.შ. ყველაფერ იმას, რისი შეხებაც ადამიანს ჰედონისტურ ბედნიერებას ჰგვრის;
ამ დროს მნიშვნელოვანია სხვასთან გაზიარების სურვილი, რაც შესანიშნავად გამოიკვეთა სპექტაკლში იუმორისტული პასაჟებით.


უზუსტესი მიგნებებით აქცენტირებულია ადამიანის მიერ მეორე ადამიანისადმი ლტოლვა და ურთიერთობის სურვილი, რათა გაუზიაროს საკუთარი მისწრაფებები. ეს მომენტი კი ფუნდამენტურად, ჯერ მიკრო სოციუმებში - ოჯახებში ჩანს და შემდეგ მაკრო და კოლექტიურ საზოგადოებებში.

ამგვარ ფილოსოფიურ-ეგზისტენციალურ და სოციალურ პერიპეტიაში, ცენტრალური ადგილი უჭირავს ემპათია-თანაგანცდა-თანაზრუნვის აქტს...
„ანდრე და დორინთან“ ეს ცენტრალური რუდიმენტი, საბოლოოდ, სწორედ რომ უპირობო სიყვარულის მანიფესტაციით ვლინდება - ქმრის მხრიდან ცოლისადმი და ცხადია, პირუკუც(!).

რეზიუმე მაინც ის არის, რომ: სულ რომ რამდენიმეპლანიანი <საყვარელი საქმიანობა, პროფესია, უნარები, მისწრაფებები> ჰქონდეს ინდივიდს, სითბოსა და მეორე ადამიანთან სინერგიის, გულწრფელი თანაშეგრძნების, ემპათიის გარეშე, ამავე ინდივიდის ყოფა ემსგავსება მექანიკურ, სტატიკურ და ფლეგმატურ არსებობას, მშრალ და უსიხარულო, უღიმღამო რუტინულ ცხოვრებას!..

ესპანურმა თეატრალურმა კომპანიამ - ფესტივალ GIFT-ის წყალობით ქართველ მაყურებელს ნატიფი უტრირების მაგალითით, მიმზიდველ რეპრიზად კონსტრუირებული - არაბუკვალური და კინეტიკური იუმორნარევი კოლაჟებით, ადამიანის ონტოლოგიური ცხოვრების მორფოლოგია - რევერსიული ფრაგმენტებით გამოუძერწა.

 

 

ფოტო: ილია ბაბურაშვილი

bottom of page