top of page

განსხვავებული სპექტაკლები ერთ თეატრში

6a1b9eeb-3da1-4cfc-a058-0ad84be5a934.jpg

მაკა ვასაძე

განსხვავებული ჟანრის სპექტაკლები ერთ თეატრში

 

„Andergraund XXI@yahoo.com ან რამდენიმე სიზმარი ბედნიერ ცხოვრებაზე“

 

2013 წლის მიწურულს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეტრმა ორი ახალი სპეტაკლიშესთავაზამაყურებელს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ქეთი დოლიძემ ინგა გარუჩავას და პეტრე ხოტიანოვსკის - „Andergraund XXI@yahoo.com ან რამდენიმე სიზმარი ბედნიერ ცხოვრებაზე“ - დადგა, ხოლო კოტე მირიანაშვილმა ნოდარ დუმბაძის რამდენიმე მოთხრობაგაასცენიურა და სახელწოდებით - „ჩიტის მოტანილი ამბავი“ -გააცოცხლა სცენაზე. ჩემს მოსაზრებებს, სპექტაკლების შესახებ რიგითობის დაცვით, გავუზიარებ მკითხველს.

ინგა გარუჩავას და პეტრე ხოტიანოვსკის დრამატურგიულ ნაწარმოებზე ქეთი დოლიძემ მეორეჯერ იმუშავა. რეჟისორმა, 4-5 წლის წინ თეატრში „ათონელზე“, წარმატებულად დადგა „დილა მშვიდობისა 100 დოლარიანო“. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ სპექტაკლი დღესაც რეპერტუარშია. თეატრის მოყვარულ საზოგადოებას, არასდროს დაავიწყდება: ნანა ფაჩუაშვილის, ნინელი ჭანკვეტაძის, რამაზ იოსელიანისა და არაპროფესიონალი მსახიობის ნუგზარ რუხაძის - შექმნილი პერსონაჟები.

პიესაზე - „Andergraund XXI@yahoo.com ან რამდენიმე სიზმარი ბედნიერ ცხოვრებაზე“ - ქეთი დოლიძემ მეორეჯერ იმუშავა. 2011 წელს მოსკოვში, სტას ნამინის თეატრში განხორციელებული სპექტაკლი, თბილისში, 2013 წელს აღდგენილ საერთაშორისო ფესტივალზე„საჩუქარი“ (Gift), ვნახე. მინდა გითხრათ, მოსკოვის და თბილისის დადგმები  ისე განსხვავდებიან, როგორც „ცა და დედამიწა“. უპირველეს ყოვლისა სხვაობა მსახიობთა შესრულებას ეხება. მოსკოვურ, მიუზიკლის ჟანრში გადაწყვეტილ წარმოდგენაში, რუსი მსახიობების უნიჭო, უსმენო სიმღერა და მოუქნელი მოძრაობები, იმდენად გამაღიზიანებელი და მომაბეზრებელი იყო, რომ გრიბოედოვის თეატრში მცირე რაოდენობითმოსული მაყურებელის (სპექტაკლი სამუშაო დღეს 3 საათზე ითამაშეს) უმრავლესობამ, მეორე მოქმედებიდან დარბაზი დატოვა.ამას გარდა, სხვაობა სპექტაკლის ფორმატსაც ეხება. თუმანიშვილის თეატრის ერთმოქმედებიანი წარმოდგენის ხანგრძლივობა საათი და თხუთმეტი წუთია. დაუსრულებელად აღიქმებოდა სტას ნამინის მუსიკალური თეატრის ორმოქმედებიანი სპექტაკლი. შედარებითი ანალიზით თავს აღარ შეგაწყენთ.

ქეთი დოლიძემ ორაქტიანი პიესა - „Andergraund XXI@yahoo.com ან რამდენიმე სიზმარი ბედნიერ ცხოვრებაზე“ - დაამუშავა, კუპიურები შეიტანა, ტექსტი შეამცირა, სასიმღერო ლექსები შეკვეცა, გადაადგილა, და, როგორც უკვე აღვნიშნე, თუმანიშვილის თეატრში ერთ მოქმედებად წარმოადგინა. ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელო ტექსტუალურმა ცვლილებამ მნიშვნელოვნად დახვეწა პიესა, მიუზიკლის ჟანრში გადაწყვეტილი წარმოდგენა სრულყო და მაყურებლისთვის საინტერესო, სახალისო სანახაობა შეიქმნა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჟანრის სიმსუბუქის მიუხედავად, რეჟისორმა, დრამატურგიული ნაწარმოებიდან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოებისთვის (და არა მარტო ჩვენი) საჭირბოროტო, მტკივნეული საკითხები გამოიტანა მაყურებლის სამსჯავროზე. სპექტაკლისა და პიესის შინაარსის მოყოლით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ იმას მოგახსენებთ, ჩემი აზრით, რისი თქმა სურდა რეჟისორს. სიყვარულსა და მეგობრობაზე, ერთგულებასა და ღალატზე, რწმენასა და ურწმუნოებაზე, სიწმინდესა და უწმინდურობაზე, ნიჭიერებასა და უნიჭობაზე, პატიოსნებასა და ხელმრუდობაზე, თანალმობასა და არაგულისხმიერებაზე, ამპარტავნებასა და თავმდაბლობაზე, ნებისმიერი ეპოქის ჩინოვნიკურ „მსოფლმხედველობაზე“, უახლოესი ისტორიულიწარსულისა და დღევანდელობის პრობლემებზეა სპექტაკლი.ადამიანებისთვის მტკივნეული თემები, რეჟისორმა და მსახიობებმა, სპექტაკლის ჟანრიდან გამომდინარე: სიმსუბუქით, იუმორით, ზოგჯერ ირონიითა და ზოგჯერ გროტესკით მიაწოდეს მაყურებელს. ვფიქრობ, რეალობაში არსებული პრობლემებით დატვირთულ, სხვადასხვა პოლიტიკურიბატალიითა, თუ სოციალური სიდუხჭირით„დახუნძლულ“ საქართველოს მოსახელეობას, ზოგჯერ (ხშირად თუ არა) საჭიროა ამგვარი, გასართობი სახის წარმოდგენებით ესაუბრო. მითუმეტეს, როდესაც ასეთ კარგ მსახიობთა ანსამბლთან ერთად ქმნი სანახაობას.

პიესასა და სპექტაკლში მოქმედება „მიწისქვეშეთში“, მიწისქვეშა გადასასვლელში ვითარდება. დრამატურგებმა და რეჟისორმა მეტაფორულად, სათაურშივე მიუთითეს სათქმელის არსი - XXI საუკუნე ინტერნეტ სივრცეში განშლილი „ჯოჯოხეთია“: ინტერნეტ სივრცე მთელ დედამიწას მოიცავს, XXI  საუკუნის მიერ მოტანილი ცხოვრების წესი კი ყველგან ერთნაირად სასტიკი და ულმობელია. სწორედ, ამ ჯოჯოხეთური ცხოვრებიდან, მიწისქვეშეთიდან დაღწევას ცდილობენ სპექტაკლის პერსონაჟები. ჩაკეტილ სივრცეში მოათავსებული პერსონაჟი-მსახიობები ადამიანთა სხვადსხვა ტიპაჟს განასახიერებენ. ვის არ შეხვდები აქ: პატიოსანსა და ხელმრუდს, პრინციპულსა და უპრინციპოს, ნიჭიერსა და უნიჭოს, რომანტიკოსსა და პრაგმატიკოსს, მორწმუნსა და ურწმუნოს, წმინდასა და უწმინდურს... რეჟისორმა და მხატვარმა მიშა მდინარაძემ ყველანი კინოკადრში მოათავსეს. სცენოგრაფია სადაა, არ არის გადატვირთული დეკორაციით და რაც, მთავარია რეჟისორის ჩანაფიქრს ზუსტად ესადაგება. სათამაშო მოედანი კინოეკრანის და ე. წ. „ზუმის“ პრინციპით აგებული კინოკადრის  ასოციაციას ბადებს. ფიცარნაგზე სამი ლიუკია განთავსებული, სცენის ერთ კუთხეში მუსიკალური ინსტრუმენტები, მეორე კუთხეში კი თეჯირი და სავერაძელია მოთავსებული, ორივე მხარეს  მოგრძო უზურგო ხის ორი სკამი დგას, კინოეკრანს კრავს რამდენიმე ფენად სცენის ორივე მხარეს ჩამოშვებული გვერდები, ერთ-ერთ მათგანზე მთელ სიგრძეზე გრეტა გარბოს პორტრეტია, სხვებზე ყვავილები, მუსიკალური ინსტრუმენტები, სანოტო ნიშნები და ანგელოზებია გამოხატული. სიღრმეში შეყავხარ, ასევე რამდენიმე ფენად აკეცილ, თითქოს ნახევრად დაგორგოლავებულ ეკრანებს, რომლებზეც ასევე მუსიკალური ინსტრუმენტები და სანოტო ნიშნებია ჩახატული. ყველაფერ ამას კი ასრულებს სცენის სიღრმეში, მთელ სიგრძეზე გადაჭიმული „ეკრანი“ - ლურჯი, ლაჟვარდოვანი ცა და მასზე გამოსახული ანგელოზი. რეჟისორი და მხატვარი მიგვანიშნებენ, რომ გამოსავალი ყველანირი სიტუაციიდან, მიწისქვეშეთიდანაც კი არსებობს, მთავარია შენ, ადამიანმა მოინდომო...

პიესასა და სპექტაკლში ორი მთავარი პერსონაჟია: პრინციპული, პატიოსანი, ამავდროულად მეოცნებე-რომანტიკოსი დირიჟორი და ასევე პატიოსანი, უფრო მეტად მეოცნებე, ყველაფრისდა მიუხედავად ოპტიმიზმით აღსავსე, მთელი არსებით სასწაულის მომლოდინე, მათხოვარი ქალი. დანარჩენები, მათი ცხოვრების თანმდევი პერსონაჟები არიან: შეგირდი, შვილი, ყოფილი ცოლი, ქურდი, პოლიციელი, ჩინოვნიკი, ყოფილი ცოლის ყეყეჩი ქმარი, შეყვარებული - შემდგომში მექორწინე წყვილი.

წარსულში ფეიქარ-მშრომელ ქალს, რეალობაში ულმობელი ცხოვრებისაგან გამათხოვრებულს, მზია არაბული განასახიერებს.ყმაწივილობიდან მოყოლებული, გრეტა გარბო - 20-იანი წლების კინოვარსკვლავი, მისი იდეალი, სათაყვანებელი ქალია. გამჭრიახი გონების მათხოვრმა, გრეტას იმიჯი, პურის ფულის შოვნის ხერხად გამოიყენა. მზია არაბულმა მაკიაჟის, კოსტიუმების, მიმიკის და პლასტიკის საშუალებით, თავისი პერსონაჟი მართლაც საოცრად დაამსგავსა ყველა დროის ულამაზეს ქალბატონს. რამაზ იოსელიანის მაესტრო გხიბლავს უშალობით, თითქოს უბრალო, მარტივი, მაგრამ ჩვენს დროში დეფიციტური ადამიანური თვისებებით. მსახიობმა - სითბოთი, მოყვასისადმისიყვარულით, მიმტევებლობით, მადლიერების გრძნობით, ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობით, ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების დანახვისა და მათში ამ ნიჭის გამოვლენის უნარით აღვსილი პიროვნების სახე შექმნა. ადამიანებისგან, ცხოვრებისგან ბევრჯერ „ნაცემი“, გულნატკენი, მაინც უბოროტო რჩება. რამაზ იოსელიანი ყოველთვის გამოირჩეოდა პლასტიურობით, მაგრამ, მაინც, მინდა აღვნიშნო, „ანდერგრაუნდში“ მისი თავშეკავებული, გემოვნებით, ზომიერი მოძრაობებით შესრულებული ცეკვები.მზია არაბულის პლასტიკა კი ცეცხლოვანი, მგზნებარეა. მარიამ ალექსიძის დახვეწილი გემოვნებით შესრულებული  სპექტაკლის ქორეოგრაფიულ ნახაზი მიუზიკლის სანახაობით მხარეს უფრო ეფექტურს ხდის.თეთრ კოსტიუმში გამოწყობილი, უცხოეთში მომუშავე დიპლომატის, ვითომ სასტიკი, სინამდვილეში კი ამპარტავანი ბრიყვის პერსონაჟი განასახიერა პაატა ბარათაშვილმა ეკას მოქმედი ქმრის ეპიზოდურ როლში.

ახალგაზრდა შემსრულებლებიდან მინდა აღვნიშნო ვანო დუგლაძე - სიყვარულისა და მზურნველობის შედეგად, გამოსწორების გზაზე დამდგარი, გულუხვი და გულკეთილი ხელმრუდი (ქურდი). წარმოსადეგი, გამომსახველობითი მიმიკის, ჟესტიკულაციისა და პლასტიკის მქონე ახალგაზრდა მსახიობისამ სპექტაკლშიმყავს ნანახი: ადიკო „გუშინდელნში“ (სოხუმის თეატრი, რეჟ. გ. კაპანაძე), სხვადასხვა პერსონაჟი „ჩიტის მოტანილ ამბავში“ (თუმანიშვილის თეატრი, ნ. დუმბაძის მოთხრობების მიხედვით, რეჟ. კ. მირიანაშვილი), ქურდი „ანდერგრაუნდში“. სამივე წარმოდგენაში ახალგაზრდა მსახიობმა განსხვავებული სახეები შექმნა. ზემოჩამოთვლილი მონაცემების გარდა, მას კარგი სასცენო მეტყველება აქვს, რაც ასე იშვიათია თანამედროვე ქართულ თეატრში. ქეთი დოლიძემ კიდევრვა ახალგაზრდა მსახიობი დააკავა სპექტაკლში. რეჟისორთან ერთად მათ მეტ-ნაკლებად საინტერესო ტიპაჟები შექმნეს. ნიჭიერი, ორკესტრის ყოფილი სოლისტი, ახალგაზრდისთვის დამახასიათებელი პირდაპირი, „პირში მთქმელი“, იმავდროულად სამართლიანი და პატიოსანი პერსონაჟია ბექა ჯიბუტის კლარნეტისტი. მეოცნებე, მამაზე მზრუნველი, რომანტიული შეყვარებული, ემოციური ბუნების მქონე ადამიანის ტიპაჟია -ირინა გიუნაშვილის - მაესტროს ქალიშვილი ნიტა.ცოტათიკეთილი გულის ბრიყვ, მაგრამ გაქნილ, „ხარკის ამკრეფ“ პოლიციელს თამაშობს გუგა კახიანი. საყვარელი ადამიანის ღალატის გამო დატანჯული, მონანიე ქალის - მაესტროს ყოფილი ცოლი ეკა - სახე შექმნა ანა მატუაშვილმა. მხიარული, ცხოვრებისგან ჯერ კიდევ გაურყვნელი შეყვარებული -  მექორწინე წყვილს თამაშობენ თამუნა ბუაჩიძე და ილია ჭეიშვილი. გადაგლესილ თმებიანი, წვრილი სათვალით, თვითდაჯერებული, „მაწაკი“ გაიძვერაა ზაზა ვაშაყმაძის ჩინოვნიკი. სპექტაკლის სარეჟისორო კონცეფციის - ყველაფრისდა მიუხედავად სიკეთე, სიწმინდე მაინც იმარჯვებს („ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“-ს პრინციპით) - განსახიერებაა,ნიკა წერედიანის, შიგნიდან გამოკერებულ თეთრ ბუმბულებიან გრძელ ლაბადაში გამოწყობილი, იუმორის გრძნობის მქონე, კეთილი ანგელოზი.

მოქმედ პირთა კოსტიუმების მხატვარია სოფო ქორიძე, რომელმაც სპექტაკლის ჩანაფიქრიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის, ეპოქის გამომხატველი, პერსონაჟთათვის დამახასიათებელი სამოსი შექმნა. მაგალითად, მზია არაბულის მათხოვარი, გრეტა გარბოს მიერ ნათამაშებ, რამდენიმე კინოროლს აცოცხლებს სცენაზე. აქედან გამომდინარე იგი რამდენჯერმე იცვლის კოსტიუმს.

სპექტაკლის მუსიკალური რედაქტორია რუსუდან ბახტაძე. შერეული ჟანრის სპექტაკლში, ძირითადი აქცენტი, მუსიკალური თვალსაზრისით, მოცარტის ნაწარმოებთა ნაწყვეტების გამოყენებაზეა გაკეთებული.მიწისქვეშა გადასასვლელში სამათხოვროდ განლაგებული ორკესტრი, მაესტროს დირიჟორობით, სწორედ მოცარტს ასრულებს ხოლმე. ღვთიური გენიით დაჯილდოებული კომპოზიტორი, ალბათ, მაესტროს ყველაზე მეტად სათაყვანებელი, და, შეიძლება წარსულში (პრინციპულობის გამო საგიჟეთში მოხვედრამდე), მისი წარმატების ერთგვარი ქვაკუთხედი (საწინდარი) იყო.ჩართული სიმღერების ტექსტის ავტორებიინგა გარუჩავა და ჯანსუღ ჩარკვიანი არიან.მუსიკა ლექსებისთვის კი მიშა მდინარაძემ დაწერა. თითოეული პერსონაჟი თავისი არსის გამოსავლენ თითო სიმღერას ასრულებს. თუმანივილის თეატრის მსახიობთა უმრავლესობა კარგად მღერის, ამიტომაც ჩემთვის მოულოდნელი იყო მათ მიერ ფონოგრამაზე ჩაწერილი ნამღერის მოსმენა. მიუზიკლის ელემენტებით გაჯერებულ სპექტაკლში ცოცხალი შესრულება, ვფიქრობ უფრო სწორი და ეფექტურიც იქნებოდა. მითუმეტეს, რომ სპექტაკლი, რეჟისორს ინტერაქტიული ფორმით აქვს გადაწყვეტილი. დასაწყისიდანვე მთელი სპექტაკლის განმავლობაში მსახიობები მაყურებელთან კონტაქტში შედიან. რეჟისორის კონცეფციით,სპექტაკლის დასაწყისშივე, პერსონაჟები მაყურებელთან კონტაქტს ამყარებენ და, მხოლოდ შემდეგ, დარბაზიდან ადიან სცენაზე (რამაზ იოსელიანის მაესტროს გარდა). წარმოდგენის მსვლელობის დროსაც, რამდენჯერმე ხდება მაყურებლის ჩართვა ქმედებაში. მაყურებლის და პერსონაჟთა ამგვარი უშუალო კონტაქტის შემთხვევაში მითუმეტეს ყალბად ჯღერს    ფონოგრამაზე ჩაწერილი  მსახიობების მოსმენა.

სანახაობითად ძალიან ეფექტური ფინალი აქვს გაკეთებული ქეთი დოლიძეს (ტექნიკური რეჟისორი - სოფო დანელია). სცენის სიღრმეში, ლურჯი ცის ფონზე ანგელოზის გამოსახულებიან ეკრანზე გრეტა გარბოს (ერთ-ერთი ფილმიდან ნათამაშები) პორტრეტი ცოცხლდება კინოკადრების პროექციის მეშვეობით. ზემოთ ნახსენები კინოხერხის - „ზუმის“, გამოყენებით პორტრეტი ნელ-ნელა მსხვილდება, დიდდება, თითქოს მაყურებელთა დარბაზში უნდა გადმოვიდესო. სპექტაკლის ყველა მოქმედი პერსონაჟი სცენაზე აჩქარებული ნაბიჯით მიდი-მოდის. შემდეგ, პორტრეტი-კინოკადრი იწყებს შემცირებას, დაპატარევებას, ბოლოს კი წერტილად იქცევა. სცენა ბნელდება. რამდენიმე წამში, თბილი, რბილი ფერებით ნათდება ლურჯი ცის ფონზე ანგელოზის გამოსახულებიანი ეკრანი, მის უკან სპექტაკლის მონაწილეები არიან განლაგებულნი, შუაში ანგელოზი დგას თეთრი, გაშლილი ფრთებით.

დასასრულს ერთი შენიშვნა მინდა გამოვთქვა. წარმოდგენის ფინალისკენ მზია არაბული იმედა არაბულთან ერთად ცეცხლოვან ტანგოს ასრულებს (ცეკვავს). მაყურებლისთვის ცოტათი დამაბნეველია იმედა არაბულის ასეთი უეცრი და უცაბედი შემოყვანა სპექტაკლში. აღსაქმელად გაუგებარია ვინ არის ეს პერსონაჟი: მათხოვარი-გრეტას საოცნებო მამაკაცი, თუ, მისი წარსულიდან მოსული გახსენება. გასაგებია, რომ რეჟისორმა შერეული ჟანრის წარმოდგენა კინომონტაჟის პრინციპზე ააგო, მაგრამ ალბათ, აჯობებდა უფრო მეტი სიცხადე შეეტანა იმედა არაბულის უეცარ გამოჩენსა და გაქრობაში.

 

 

ჩიტის მოტანილი ამბავი

თუმანიშვილის თეატრში, წლის ბოლოს განხორციელებული მეორე პრემიერა, როგორც უკვე აღვნიშნე, ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლია. კოტე მირიანაშვილმა მწერლის რამდენიმე მოთხორობიდან მისთვის საინტერესო ეპიზოდები აიღო, გადაამუშავა, ერთ ხაზად შეკრა და მისეული, რეჟისორული ხედვით წარუდგინა მაყურებელს. მოთხრობების: „ჩიტი“, „დედა“, „ქალაქში მიმინოს რა უნდა“, „კორიდა“, „მზე“ და დედა-შვილის დიალოგი რომანიდან „მარადისობის კანონი“ - მიხედვით შექმნილ ინსცენიერებას, რეჟისორმა ერთმოქმედებიანი სევდიანი კომედია „ჩიტის მოტანილი ამბავი“ უწოდა.

სპექტაკლის სცენოგრაფია სადა და მარტივია. სცენაზე რამდენიმე თეჯირი, სკამი, ორი პატარა მრგვალის ხის მაგიდა დგას, ზედ მოთავსებული ყავის ფინჯნებით. მხატვარმა - მურმან ბაღაშვილმა, სარეჟისორო კონცეფციის ვიზუალური გამოხატვისთვის, თანამედროვე თეატრისთვის დამახასიათებელი, ვიდეოპროექციაც გამოიყენა. სწორედ ამ შირმების გადაადგილებით, მონაცვლეობით ხდება სცენიდან სცენასა, თუ, ეპიზოდიდან ეპიზოდზე გადასვლა.  კოტე მირიანაშვილმა ნოდარ დუმბაძის მოთხრობებიდან აღებული სხვადასხვა სიუჟეტი ერთ ამბად შეკრა. მათ გამაერთიანებელ ხაზად  კი  მოთხრობა „ჩიტი“ აიღო. სპექტაკლის პერსონაჟებიც ამ სხვადასხვა მოთხრობის გმირები არიან: ნოდარი და გვანჯი - ზემოხსენებული ნაწარმოებთა გმირების კრებითი სახეებია, ბედია - „ჩიტიდან“ არის, სახელშეცვლილი ქვიქვი (მოთხრობაში აგრაფინა) - „ჩიტისა“ და „მზის“ - ტიპაჟების ნაერთია, ქალად ქცეული გულსუნდა -  ფოსტის მუშაკი გერონტის პროტოტიპია „ჩიტიდან“, ცვაფია - რეჟისორის გამონაგონია, თვად ჩიტი კი - „ჩიტიდან“ და „ქალაქში მიმინოს რა უნდადან“ აღებული სახეა.

კოტე მირიანაშვილმა სპექტაკლის დასაწყისი და ფინალი, პროლოგი და ეპილოგი, ვიდეოპროექციით თეჯირზე  ფოტოგამოსახულების მეშვეობით გააერთიანა. ნახევრად ჩაბნელებულ, ლურჯი განათების ფონზე სცენაზე ორი მამაკაცი დგება ერთმანეთის პირისპირ. თეჯირზე ორ ადამიანს შორის წითელპალტოიანი პატარა ბავშვის ფოტო გამოისახება. ფოტო ბუნდოვანია, შესაძლებელია, რომ ეს „ბეწვის ხიდია“, რომელზეც უფროსები ცდილობენ ბავშვის გადმოყვანას. ერთ-ერთი მსახიობი დგება ბავშვის გამოსახულების წინ. გამოსახულება თანდათან დიდდება, წითელი პალტო მის სხეულზე აირკლება და მსახიობი ნელ-ნელა წინ მოიწევს. რეჟისორული მეტაფორა ნათელი და გასაგებია. სწორედ ამ წითელპალტოიანი ბავშვი-მამაკაცის ამბავს მოგვითხრობენ სპექტაკლის შემქმნელები. სისხლისფერი წითელი კი გმირის ისტორიის დრამატულ დასასრულზე მიგვანიშნებს.

კოტე მირიანაშვილმა, როგორც აღვნიშნე, სპექტაკლს სევდიანი კომედია უწოდა. რეჟისორმა შეიძლება ითქვას ზუსტად განსაზღვრა ნოდარ დუმბაძის კონკრეტულად აღებული მოთხრობების თუ ზოგადად მწერლის ნაწარმოებთა სტილისტიკა. მწერლის, სითბოთი და სიყვარულით გაჯერებულ, პროზაულ და პოეტურ ნაწარმოებთა  კითხვისას, არა აქვს მნიშვნელობა ვისთვის არის განკუთვნილი, ზრდასრულთათვის თუ  ბავშვებისთვის, ხან გეღიმება, გეცინება, ახარხარდები კიდეც, ხან კი, სევდა შემოგაწვება გულზე და თვალიდან ცრემლიც წამოგცვივდება. მის ნაწარმოებებში არსებული კომიკური პერსონაჟების თუ სიტუაციების თანმდევია სევდიანი, ხშირად დრამატული მოვლენები.

სარეჟისორო კონცეფციით ორი ახალგაზრდა, შემდგომში სპექტაკლის პერსონაჟები - მწერალი ვანო და მისი მეგობარი გვანჯი - სადღაც სარდაფში წარმოდგენას ამზადებენ. კოტე მირიანაშვილს თეატრში თეატრის თამაშის ხერხს იყენებს. ვანო დუგლაძის და სოსო ხვედელიძის პერსონაჟთა ქმედითი ხაზი იმგვარად არის აგებული, ახალგაზრდა მსახიობთა მიერ ოსტატურად გათამაშებული (შესრულებული), რომ სცენაზე განვითარებულ ამბავში, ზღვარი რეალურსა და გამოგონილს შორის წაშლილია, უფრო სწორად, რალობა, გამონაგონი, თუ, მოგონება-გახსენება ერთმანეთშია გადახლართული. საბოლოოდ კი, რეჟისორმა და შემოქმედებითმა დასმა, პატარ-პატარა ეტიუდებისაგან, დასრულებული სპექტაკლი  ააგეს და ერთ მთლიანობაში შეკრეს. მაყურებელმა შესაძლოა სხვადასხვაგვარად აღიქვას ვანო დუგლაძისა და სოსო ხვედელიძის პერსონაჟთა ვინაობა. ჩემი აზრით კი ისინი, ჩვენი სამშობლოსგან ძალით მოწყვეტილი, ჩვენთვის წართმეული, ულამაზესი, მტკივნეული მხარის - აფხაზეთის შვილები, აფხაზეთიდან ლტოლვილები არიან. სპექტაკლის მესამე მთავარი პერსონაჟი - ნინო ბურდულის ჩიტია, სცენაზე ვანოსა და გვანჯის ჩანაფიქრის, გათამაშებული წარმოდგენის, მთავარი მოქმედი პირი. ეს სამი პერსონჟი: იდეის ავტორი, მწერალი ვანო, მისი ბავშვობის მეგობარი, იდეის განმხორციელებელი, მსახიობი გვანჯი და მათი ფანტაზიის ნაყოფი (თუ რეალობა) ჩიტი - თითქმის მთელი სპექტაკლის განმავლობაში სცენაზე არიან და ქმედებას წარმართავენ.

ნინო ბურდულის არტისტული ოსტატობით, პროფესიონალიზმით შესრულებულმა, თითქმის უსიტყვო როლმა, ჩემში, როგორც მაყურებელსა თუ კრიტიკოსში გამოწვეული ემოცია, ერთი სიტყვით შერმიძლია გამოვხატო - აღრფთოვანება. ხელოვნებისა თუ ხელოვანის დანიშნულებაც ხომ სწორედ ესაა, ადამიანში ემოცია გამოიწვიოს, რაც შემდგომ -  ემოცია, შთაბეჭდილება - ბადებს ანალიზს, განსჯას (აქედან გამოდინარე ხელოვნება ანვითარებს აზროვნებას). თანამედროვე, პოსტმოდერნულ და დღეს უკვე პოსტ-პოსტმოდერნულ სათეატრო სივრცეში, ასე მოდური, არავერბალური თეატრის, შეიძლება ითქვას ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ნინო ბურდულის მიერ განსახიერებული ჩიტი. სათეატრო პირობითობას, მაყურებელი მაშინ იღებს, თუ თამაშის წესს პროფესიონალები გთავაზობენ. ნინო ბურდულის სცენაზე გამოჩენისთანავე მაყურებელი ხვდება, რომ იგი განასახიერებს ჩიტს. მსახიობი სცენაზე გამოსვლისთანავე სთავაზობს მაყურებელს - მე ჩიტს ვითამაშებ, ამყვები ამ თამაშში? ნინო ბურდულის, როგორც მსახიობის პროფესიონალიზმი, არტისტული ნიჭი, სწორედ იმაშია, რომ იგი თავიდანვე ითანხმებს მაყურებელს, მის მიერ შეთავაზებული თამაშის პირობაზე. პლასტიკით, მიმიკით, ჟესტიკულაციით, შინაგანი თუ გარეგანი ქმედებით, რიტმით, განცდით, გარდასხვით - აგებს ნინო ბურდული პერსონაჟის ქმედით-ემოციურ ხაზს. ფინალისკენ იგი ხან დედაა და ხან ჩიტი. ნოდარ დუმბაძის ტრაგიკულად დასრულებულ მოთხრობაში „ჩიტი“, ბედია ჩიქვანის კარზე მოფრენილი თავშაველა, თავის დაკარგულ შვილს, ბარტყს ეძებს. რეჟისორის ჩანაფიქრით კი ნინო ბურდულის ჩიტი დედად, ბედია ჩიქვანის გარდაცვლილ მეუღლედ, გვანჯის დედად გარდაისახება. სწორედ აქ გამოიყენა კოტე მირიანაშვილმა დედა-შვილის დიალოგი, რომანიდან „მარადისობის კანონი“.

პატარ-პატარა ეპიზოდ-ეტიუდებად შეკრულ სპექტაკლში, ვანოს მიერ თეჯირების გადაადგილების საშუალებით, ხან სალახანა-ლოთთან ერთად სარდაფში მოთავსებულ დუქანში აღმოჩნდები (მოთხრობიდან „დედა“), ხან ზღვის ბულვარზე მოთავსებულ ყავახანაში (მოთხრობიდან „ქალაქში მიმინოს რა უნდა“), ხან ბედიას კარ-მიდამოში (მოთხრობიდან „ჩიტი“), ხან ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში გამართულ კორიდაზე (მოთხრობიდან „კორიდა“), ხან ზღვის სანაპიროზე მღვდელთან და მილიციელთან ერთად (მოთხრობიდან „მზე“), ხან ისევ ზღვის სანაპიროზე, ბედიას მეზობელ ქალბატონ ქვიქვისთან ერთად (მოთხრობებიდან „მზე“ და „ჩიტი“), ხან ფოსტაში (მოთხრობიდან „ჩიტი“)  და შემდომ ისევ ბედიას კარ-მიდამოში. რეჟისორი და მხატვარი სხვადასხვა დეტალებით ქმნიან გარემოს. მაგალითად, ეპიზოდში მღვდელი და მილიციელი ზღვის სანაპიროზე, მსახიობებს ვანო დუგლაძეს და სოსო ხვედელიძეს, სცენაზე ორი უზარმაზარი ლურჯი რეზინის ბურთი შემოაქვთ სცენაზე. ზღვაში ცურვის იმიტაციას სწორედ ამ ბურეთების მეშვეობით ახორციელებენ. ძალიან საზრიანად, ეფექტურად და სახალისოდ არის გაკეთებული და შესრულებული ეს სცენა.

ჰომერულ სიცილს იწვევს მაყურებელთა დარბაზში, ნანა შონიას მიერ განსახიერებული, მეგრელი ქალბატონი ქვივი. იქნება ეს მეგაფონით ხელში, სანაპირო ზოლის მეთვალყურის, თუ საკუთარი სახლის კარ-მიდამოში ჭკვიანური სახით „სიბრძნეების“ გადმომფრქვევი, ჭორიკანა ქალბატონის ეპიზოდი. ძალიან დამახასიათებელი, სასაცილო ფოსტის მუშაკის ტიპაჟი შექმნა დარეჯან ჯოჯუამ. ზევით აღვნიშნე, რომ ნოდარ დუმბაძესთან ეს პერსონაჟი კაცია. ვფიქრობ, რეჟისორმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც დარეჯან ჯოჯუას მიანდო ამ პერსონაჟის შექმნა. ნანა შონიას ქლბატონი ქვიქვი, მოუხეშავი, სასაცილოდ კეკლუცი დარეჯან ჯოჯუას გულსუნდა და გდაპრანჭული, ბედიას შვილში შეყვარებული, ანა ნიკოლაიშვილის ლამაზმანი - დასამახსოვრებელი, ზუსტად, წარმატებულად  მიგნებული და შესრულებული ქალთაა ტიპაჟების ტრიოა.

ვახტანგ ახალაძის ბედია - კომიკური ელემენტებით გაჯერებული ტრაგიკული პიროვნების სახეა. იგი, უდროოუდ დაღუპული მეუღლის გარეშე, ერთადერთი შვილის გამზრდელ მამას განასახიერებს. თბილისში სასწავლებლად გაგზავნილი შვილისადმი უზომო სიყვარულით გამოწვეული მონატრება, ხდება მიზეზი მისი ტრაგიკულად დაღუპვისა. ეზოში შემოფრენილი ჩიტი თავშაველა აღუძრავს მას ცრურწმენობისთვის დამახასიათებელ აზრებს. თუმცა, რეჟისორის გადაწყვეტით, ეს ჩიტი მისი ბედისწერაა, მისი გარდაცვლილი მეუღლის მეტაფორაა, რომელიც ქმარს მოსალოდნელი უბედურების შესახებ აფრთხილებს.

სპექტაკლის მთავარ, წარმმართველ პერსონაჟებს (ნინო დუმბაძის ჩიტთან ერთად) - მთხრობელს,  მეგობარს, რეჟისორს, ტორეადორს, მღვდელს, შვილს, სალახანა ლოთს, მილიციელს -  ვანო დუგლაძე და სოსო ხვედელიძე განასახიერებენ. ახალგაზრდა მსახიობებმა ერთ სპექტაკლში შეძლეს სხვადასხვა ტიპაჟების შექმნა. კარგი ხმა, მეტყველება, პლასტიკა აქვთ ამ ახალგაზრდა მსახიობებს. ასაკისა და მიუხედავად უკვე რამდენიმე დასამახსოვრებელი სახე შექმნეს სხვადასხვა თეატრსა თუ სპექტაკლში.

ფინალამდე სცენა, ძველი, გახუნებული ფოტოსურათის ექსპოზიცის სტილშია გადაწყვეტილი. აზრობრივად, საიქიოში ხვდებიან ერთმანეთს ოჯახის წევრები: დედა, მამა და შვილი. ვიზუალურად, თეჯირიდან შექმნილი სახლის ფასადის ფონზე, დედ-მამა დგას(?), მათ წინ კი ემბრიონის პოზაში შვილი არის გაწოლილი. სპექტაკლის ეპილოგი პროლოგის იდენტურია და მსიი აღწერით თავს აღარ შევაწყენ მკითხველს. რეჟისორი სპექტაკლს ამთავრებს იმით რითაც დაიწყო.

დასასრულს, მინდა ვთქვა, რომ თუმანიშვილის თაეტრში ორი კარგი, განსხვავებული ჟანრის სარეპერტუარო სპექტაკლი შეიქმნა. ორთავეს ეყოლება თავ-თავისი მაყურებელი.

bottom of page