
„ანბოქ სინგი“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ანასტასია ჩერნეცოვა
„ანბოქსინგი“
მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ცხოვრება ყუთია, რომელსაც საზოგადოებრივი ნორმებიდან გამომდინარე ვფუთავთ შესაბამის ქაღალდში, ვამკობთ სხვადასხვა აქსესუარით, მაგრამ ის, თუ რა დევს მასში, მხოლოდ ჩვენ ან ჩვენმა ახლობლებმა — მაგალითად, ოჯახის წევრებმა — იციან. სწორედ ლამაზად შეფუთული ყუთის განყუთვას გვთავაზობს ქალაქის თეატრში დადგმული თინათინ წულაძისა და გიორგი ტორიაშვილის ქორეოგრაფიული სპექტაკლი „ოჯახი“.
"ინსტაგრამულად" შეფუთული ოჯახის „ანბოქსინგი“ 55 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს. ამ მცირე დროში მაყურებელი საკმაოდ ბევრ „ამანათს“ აღმოაჩენს, რომელზეც საზოგადოების ერთი ნაწილი თვალს ხუჭავს ან ნორმად აღიქვამს, მაგალითად, ძალადობის თემას, რომელიც წარმოდგენას ლაიტმოტივად გასდევს.
ძალადობის მთავარი განსახიერებაა ანი იმნაძის პერსონაჟი — ახალგაზრდა, შეყვარებული ვაჟის (ზუკა პაპუაშვილი) დედაა, რომელიც სარძლოს (ნინა ლორთქიფანიძე) კონკურენტად აღიქვამს. ასევე, ის უხერხემლო მამაკაცის (ნიკა გუგუნავა) მეუღლეა, რომელსაც „საჭიროების შემთხვევაში“ სილასაც აწნის. ნიკა გუგუნავას პერსონაჟის უნიათობა განსაკუთრებით ჩანს სადღეგრძელოს სცენაში, სადაც იგი იბნევა და ორ სიტყვასაც ვერ აბამს.
ანი იმნაძის პერსონაჟი არა მხოლოდ ქმარს, შვილსა და სარძლოს, არამედ ოჯახის დანარჩენ წევრებსა და სტუმრებსაც აკონტროლებს. საკმარისია გავიხსენოთ ის სცენა, სადაც პერსონაჟები თავზე იმხობენ ყველაფერს მას შემდეგ, რაც ის ოთახს ტოვებს.
მართალია, ზუკა პაპუაშვილის პერსონაჟს უყვარს თავისი საცოლე — ნინა ლორთქიფანიძე, მაგრამ ის მაინც „მამიკოს, უფრო მეტად კი დედიკოს ბიჭადაა“ წარმოდგენილი, რაც ჩანს იმ ეპიზოდში, სადაც მშობლებთან ერთად ხელიხელ ჩაკიდებულია, როგორც პატარა ბავშვი, და პარალელურად მას საყვარელი ქალბატონი ელოდება, მშობლები კი საცოლესთან მისასვლელ გზას უღობავენ. ტრაგიზმი კი ისაა, რომ იგი თავად აძლევს მათ ამის საშუალებას.
გამოსარჩევია ეპიზოდი, სადაც სადედამთილო სარძლოს თავის საქორწინო კაბას აწვდის და ამ ქმედებით ფსევდო ტრადიციის მიღებას აიძულებს, არჩევანის შესაძლებლობას არ აძლევს. მნიშვნელოვანია, რომ დანარჩენი ქალბატონები ეხმარებიან ოჯახს სარძლოს გამოწყობაში და თან მორალურად ძალადობენ მასზე მითითებებით და ჩხუბით — ხუთავენ მას პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
სტოკჰოლმის სინდრომის მქონე ორსულ ქალს განასახიერებს რუსკა მაყაშვილი, რომელიც ერთი შეხედვით ლაღი და ექსცენტრიკულია, თუმცა ქმრის (ჯონათან როუსელი) გამოჩენისას 180 გრადუსით იცვლება — ხდება უსუსური და დაუცველი, რადგან სასტიკი ფიზიკური ძალადობის ატანა უწევს. მსახიობი როგორც სახის, ისე სხეულის მეტყველებით მძლავრად აგრძნობინებს მაყურებელს პერსონაჟის ტრაგიზმს. იმ ეპიზოდში, სადაც პერსონაჟი განმარტოებულია, მუცელს ეხუტება — თითქოს მისთვის ერთადერთი იმედი და საყრდენი ჯერ არ დაბადებული შვილია, რადგან, როგორც კი ხელს უშვებს, წონასწორობას კარგავს.
გამოსაყოფია სცენა, სადაც მთელი ოჯახი ჩვეულებრივად უყურებს ორსულ ქალზე ძალადობას. მეტიც, ქორეოგრაფთა გადაწყვეტით, კაცები მას იატაკზე ანარცხებენ და ატრიალებენ, შემდეგ კი ორივე სქესის წარმომადგენლები მას შეწირული მსხვერპლივით ზემოთ წევენ. ამით ჩანს, რომ ზოგადად ოჯახის წევრები თვალს ხუჭავენ და ახალისებენ ძალადობის ფაქტებს. ჩვენ ხომ იმ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, სადაც ფემიციდი ჩვეული ნორმაა, რომლის პარალელურად შეიძლება ოჯახის სიწმინდის დღეც აღინიშნოს.
ერთადერთი, მარია გიორგობიანის პერსონაჟია, ვინც ცდილობს ორსულის დაცვას, რასაც უკანასკნელი ეწინააღმდეგება, რადგან შეყვარებულია თავის მოძალადე ქმარზე. სხვათა შორის, სწორედ გიორგობიანის გმირი ცდილობს განყუთული, მრავალი პრობლემით აღსავსე ყუთის საზოგადოებრივი ნორმების შესაბამისად შეფუთვას; დრამატული ეპიზოდების შემდეგ იგი ოჯახის წევრებთან ერთად მხიარულ „სელფებს“ იღებს.
აღსანიშნავია, რომ „ოჯახში“ მსახიობები ვერბალურადაც მეტყველებენ: მაგალითად, მაყურებელი ხვდება, რომ ნიკა გოგიძის პერსონაჟი ანუკა შარიას მამაა, პირველის რეპლიკიდან გამომდინარე. ამასთან, მსახიობთა ნაწილი თავის ემოციებს ახმოვანებს — კივის, ყვირის, გოდებს — თუმცა ქორეოგრაფიული წარმოდგენის ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ შემსრულებლებმა არავერბალური მეტყველებით მოახდინონ მაყურებელზე გავლენა. ქორეოგრაფიულ დადგმებში საუბარი ნორმაა, უბრალოდ, გარკვეულწილად ამარტივებს დამდგმელთა სათქმელს.
სპექტაკლში ერთგვარ სიხალასეს შემოაქვს აკო გოგელიასა და ანუკა შარიას დუეტი, რომელიც კარიკატურულ რომეო და ჯულიეტად აღიქმება, ოღონდ ამ შემთხვევაში წინააღმდეგი მხოლოდ ქალიშვილის ოჯახია, რომელსაც არ სურს პლებე სასიძო. შესაბამისად, იკითხება კლასობრივი დაპირისპირება: გოგონას მშობლები — ნიკა გოგიძე და ნინი ნოზაძე — მკაცრი ჩაცმულობით (მხატვარი: ბარბარა ასლამაზი) და მოძრაობებით არისტოკრატების შთაბეჭდილებას ტოვებენ, თუმცა ეს მათ ასულზე არ ვრცელდება — პირიქით, ის სითამამითა და კომიზმით გამოირჩევა, როგორც ჩაცმულობის, ისე არავერბალური გამოხატულების თვალსაზრისით. სამწუხარო ისაა, რომ სასიყვარულო არჩევანის გამო, მშობლები მასზე ფიზიკურად ძალადობენ.
სპექტაკლის დასაწყისში ცოლ-ქმარი შემოაქვს ჭაღს და კაზიმირ მალევიჩის სურათს „გლეხი ქალი“, რაც ირონიულად „ჟღერს“, რადგან არისტოკრატთა სახლში „გლეხის“ სურათი ეკიდება, თუმცა ასეთ პერსონაჟებს შინაარსზე მეტად ავტორის ცნობადობა იზიდავს. ჭაღიც თავისებურად კეთილდღეობას უსვამს ხაზს — შესაძლოა, მოჩვენებით შეძლებულობას ასახავს, რადგან ცოლ-ქმრის მოსვლამდე ჭერი უჭაღო იყო.
აკო გოგელიას პერსონაჟს ეტყობა, რომ უმამოდ იზრდება, რადგან წვეულებაზე მხოლოდ ექსცენტრიკულ და ბრჭყვიალა სამოსში გამოწყობილ დედასთანაა (ქეთი გიორგაძე) მოსული. ორივე ცირკის მოცეკვავესავით აკრობატულად მოძრაობს. შვილი გადაპრიალებული თმითა და შეუსაბამო ტანსაცმლით კარიკატურულად გამოიყურება. ეს ვიზუალი თითქოს სასაცილოა, თუმცა რეალურად, ასეთი გადაწყვეტით შესაძლოა მატერიალური სიდუხჭირეა ხაზგასმული.
ანალიზიდან ჩანს, რომ ბარბარა ასლამაზის მხატვრობა მეტყველია, განსაკუთრებით კოსტიუმები, რომლებიც მსახიობებს ეხმარება პერსონაჟთა შინაგანი და გარეგანი ბუნების გამოსახატავად.
საბოლოო ჯამში, მაყურებელი ქალაქის თეატრის სცენაზე წარმოდგენილ „ოჯახში“ იხილავს ოჯახური ძალადობის მრავალფეროვანი ნაკრების „განყუთვას“, რომელსაც ინსტაგრამ "სთორებისთვის" შექმნილი „სელფებიც“ ვერ მალავს.