top of page

ამერიკელი დოროთის და ქართველი ქალ-ვაჟის დრამატული თავგადასავალი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

319209833_847037029908863_9092628058679521759_n.jpeg
306283216_2722216414580660_1521507700418896230_n.jpeg

ლაშა ჩხარტიშვილი

ამერიკელი დოროთის და ქართველი ქალ-ვაჟის დრამატული თავგადასავალი

 

 

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრმა აღდგენილი ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილი ტურნეს ფარგლებში, დედაქალაქში სპექტაკლები დამეგობრებულ თეატრებში წარმოადგინა. თეატრის ახალმა ხელმძღვანელობამ (სამხატვრო ხელმძღვანელი ირაკლი კიკვაძე, დირექტორი იმედა თავდგირიძე) საგასტროლოდ ორი ახალი ნამუშევარი წარუდგინა პატარა მაყურებელს და სათეატრო საზოგადოებას.

იოსებ ბაკურაძის სპექტაკლი „ზურმუხტქალაქის ჯადოქარი“ ბათუმელებმა მოძრაობის თეატრში წარმოადგინეს. დრამატული თეატრის რეჟისორმა იოსებ ბაკურაძემ ამერიკელი ავტორის ფრენკ ბაუმის „ოზის ჯადოქარის“ თავისებური ვერსია გვიჩვენა (ინსცენირების ავტორი თავად რეჟისორია). აღსანიშნავია, რომ ეს არის ამ ავტორის პირველი სცენური ინტერპრეტაცია ქართულ თეატრში. ნაწარმოები მკითხველს და სპექტაკლი მაყურებელს უჩვენებს მეგობრობის, რწმენის, წინააღმდეგობის დაძლევის, მიზანდასახულობის, ადამიანის შესაძლებლობის მაგალითს. ეს იდეები ნათლად იკითხება სპექტაკლში, რომელსაც ხან მხიარულად, ხანაც დრამატულად წარმოგვიდგენენ პერსონაჟები, რომლებსაც ხანაც თოჯინის, ხანაც ცოცხალი პლანის ხერხით წარმოგვიდგნენ მსახიობები.

რეჟისორმა იოსებ ბაკურაძემ საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დააყენა მსახიობები. მათ ერთდროულად უწევთ არა მხოლოდ ე.წ. ჯვარედინი პარტნიორობა (როდესაც ცოცხალი მსახიობი კოლეგის პარალელურად თოჯინის პარტნიორიცაა), არამედ გააცოცხლონ პერსონაჟი თოჯინისა და ამავდროულად ცოცხალი პლანის საშუალებით თავადაც. ცალსახად უნდა ითქვას, რომ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასის წევრებმა სალომე ცაგურიამ, მერი დიასამიძემ, ქეთევან სამხარაძემ, ეკატერინე გვარამიამ, ლევან მიდილიშმა, რევაზ ხოფერიამ, თედო ტუღუშმა ალექსანდრე გაბაიძემ, მინდია ჩოხარაძემ, ირინე ღლონტმა, ნინო დავითაშვილმა, სოფიო ცინცაძემ და მარიკა ბულეიშვილმა წარმატებით გაართვეს თავი რეჟისორის დაკისრებულ მხატვრულ ამოცანას. მსახიობები წარმოდგენაში ერთდროულად რამდენიმე როლს ასრულებენ და თანაც ორი საშუალებით, აცოცხლებენ თოჯინას და იმავე პერსონაჟს მომდევნო ეპიზოდში თავად განასახიერებენ. ასეთ შემთხვევაში რთულია, მაგრამ მიღწევადია ხასიათის შტრიხების მკვეთრი გამოვლენა და შეუფერხებელი სიუჟეტური განვითარება, მაგრამ რთულია პარტნიორობა ორ მსახიობს შორის, ვინაიდან ატმოსფერო, გარემო და ობიექტი - პარტნიორი ინტენსიურად იცვლება. ასეთ ხერხს იშვიათად იყენებენ თანამედროვე ქართულ თოჯინურ თეატრებში, თუმცა, თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი „ოტელო“ (შექსპირის მიხედვით, რეჟისორები გია მარღანია და დიმიტრი ხვთისიაშვილი) სწორედ ამ ხერხშია გადაწყვეტილი.

ზემოთ ნახსენებ სპექტაკლის გადაწყვეტის სტილსა და ფორმას იოსებ ბაკურაძე კიდე იმითაც ართულებს, რომ „ზურმუხტქალაქის ჯადოქარში“ თუ პერსონაჟ-თოჯინას ერთი მსახიობი განასახიერებს, იგივე პერსონაჟს ცოცხალ პლანში ცოცხალი მსახიობი. ამიტომაც, განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე იდგნენ მსახიობები ეკატერინე გვარამია და ქეთევან სამხარაძე. შეუძლებელია მაყურებელს დაავიწყდეს ეკატერინე გვარამიას განსახიერებული თოჯინა საფრთხობელა (თავად თოჯინაც დიდი ოსტატობითაა შესრულებული, რომელიც ქმედითია და მეტყველი, მხატვრის და თოჯინის მექანიზმის ოსტატის დახვეწილი ნამუშევარი, ავტორი გიორგი გოგიტიძე), ეკატერინე გვარამია და ქეთევან სამხარაძე ტიპაჟურად, ტემპერამენტისა და ჰაბიტუსის რადიკალური სხვაობის მიუხედავად, სრულ ჰარმონიაში არიან ერთმანეთთან და მათი ინტენსიური მონაცვლეობა სცენაზე მაყურებელს დისკომფორტს, დაბნეულობას თუ გაურკვევლობას არ უქმნის. სწორედ ასეთი დახვეწილი თოჯინაა დოროთი (ცოცხალ პლანში სალომე ცაგურია), რომელსაც მსახიობი: მერი დიასამიძე ოსტატურად, გრძნობით და ზუსტი დამოკიდებულებით პერსონაჟისადმი აცოცხლებს. არანაკლებ სახასიათო ტიპაჟად წარმოგვიდგენს რკინის შეშისმჭრელს მსახიობი რევაზ ხოფერია. პერსონაჟს, რომელიც განიცდის, რომ გული არ აქვს, მსახიობი გვიხატავს სევდიან ოპტიმისტად. მსახიობის ხმის ტემბრი და მეტყველების მანერა ზუსტად ესადაგება თოჯინის ვიზუალს, ამიტომაც ხდება თოჯინა მეტყველი და ცოცხალი.

აღსანიშნავია მარიკა ბულეიშვილის ნამუშევარი, ის დასაწყისში შავ პუდელს ათამაშებს, ხოლო შემდეგ ჯადოქრის ერთ-ერთი ანარეკლია, რომელიც არავერბალურად განასახიერებს მას. ორივე მკვეთრად განსხვავებული მხატვრული სახეა და ორივეს ოსტატურად ასახიერებს მსახიობი მიუხედავად იმისა, რომ ორივე როლი ეპიზოდურია. ვფიქრობ, მსახიობთა ერთ ჯგუფს (განსაკუთრებით მამაკაცებს) გარკვეული სამუშაო აქვთ ჩასატარებელი სასცენო მეტყველების კულტურის მხრივ. განსაკუთრებით თოჯინების თეატრში მნიშვნელოვანია მკაფიოდ და გარკვევით ისმოდეს თითოეული სიტყვა და მაყურებელი მუდმივად არ იყოს იმის ფიქრში, თუ რას ლაპარაკობს პერსონაჟი.

სამსახიობო ანსამბლის გარდა, სპექტაკლის მნიშვნელოვანი კომპონენტები გიორგი გოგიტიძის სცენოგრაფია და სანდრო ნიკოლაძის მუსიკაა.

გიორგი გოგიტიძემ სპექტაკლისთვის თანამედროვე (არა მარტო სტილისტიკით, არამედ შესრულების ტექნიკით), დახვეწილი და აბსტრაქტული დეკორაცია შექმნა, რომელიც ფორმისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით, ასოციაციას აღძრავს ლერი კარფინჯერის „კაბარესთან“ (მაკკოი რიგბის კომპანია, კალიფორნია). გიორგი გოგიტიძემ ფერადი, აბსტრაქტული და ზღაპრული გარემო გეომეტრიული ფიგურებისგან შექმნა, რომელიც სიუჟეტის შესაბამისად მხატვრული განათების საშუალებით იცვლება. ამ გარემოს ოსტატურად დამზადებული თოჯინები და ნიღბები ავსებენ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია სანდრო ნიკოლაძის მუსიკა, რომელიც მხოლოდ მუსიკალურ ფონს კი არ ქმნის სპექტაკლში და მეორე ხარისხოვანია, არამედ ქმნის განწყობას და ატმოსფეროს, რომელიც წარმოდგენის მნიშვნელოვან კომპონენტად იქცა. კლასიკური და ტექნიკური ტიპის მუსიკის ჰიბრიდი თანამედროვე ბავშვის ყურსაც აამებს და უფროსებისაც. სანდრო ნიკოლაძის მუსიკალური თემები ერთგვარი რიტმის მიმცემიცაა სპექტაკლში მიმდინარე მოქმედების. ორიგინალურად აქვს მოფიქრებული ე.წ. „პაკლონი“ ისოებ ბაკურაძეს: სპექტაკლის სიუჟეტი სწორედ „პაკლონის“ დროს სრულდება, მაურებელთან ტრადიციული თავის დაკვრის დროს თამაშდება ბედნიერი ფინალი. იოსებ ბაკურაძის სპექტაკლი მთლიანობაში ყველა თაობის მაყურებელზე დადებით ემოციებსა და განწყობებს აღძრავს, სცენიდან იღვრება სითბო, რომელიც გადამდებია, ხოლო პერსონაჟების მამაცობა და თანადგომა სამაგალითო.

 

***

თბილისის თოჯინების თეატრის სცენაზე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრმა ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლი „საიდანაც მზე მოდიოდა“ წარმოადგინა. ახალგაზრდა წყვილის სიყვარულის ჩასახვისა და განვითარების ფონზე, მაყურებლის წინაშე ცოცხლდება არა მხოლოდ საქართველოს კუთხეები (დამახასიათებელი ლანდშაფტით, ეთნოგრაფიითა, ტრადიციებით), არამედ უახლესი ისტორიით.

ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლს (თოჯინების მხატვარი ვახტანგ ქორიძე) შემეცნებითი ფუნქცია აქვს მოზარდი მაყურებლისთვის, გარდა იმისა, რომ მაყურებელი იღებს ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიის, მოსახლეობის და აშ. შესახებ, ეცნობა მის მხარეებს მდიდარი ფოლკლორითა და ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციით. მოქმედება სპექტაკლში ახალგაზრდა ქალ-ვაჟის სიყვარულის განვითარების ფონზე ვითარდება. ავანსცენაზე მიმართულების აღმნიშვნელი ისრები დგას საქართველოს კუთხეების წარწერებით. კამერული სცენის ცენტრში კი დაზგაა განთავსებული, რომელიც მაგიდის ფუნქციას იძენს. სპექტაკლი სუფრის გაშლის რიტუალით იწყება, რაც ქართველთა სტუმართმოყვარეობასა და სუფრის კულტურაზე მიუთითებს. მაყურებელი მოგზაურობას აფხაზეთიდან იწყებს და თბილისში ასრულებს. ზღვის ღელვის და ტალღების შრიალის ხმებს ტყვიების წვიმის და აფეთქებების ხმა ანაცვლებს და ისმის ცინუკი დადიანის „მაგნოლია“ ანა კალანდაძის ტექსტით „მე არ ვიცი რატომ, შენ არ იცი რატომ, ჩემო მაგნოლია...როგორ მინდა შენთან, როგორ მინდა შენთან, ჩემო მაგნოლია“, რომელიც ერთგვარ მიმართვას ჰგავს ქართველებისა და აფხაზებისადმი. აფხაზეთს აჭარა მოსდევს, ისევ ზღვა, ბიჭუნას ხელში ბადე უჭირავს, ხოლო გოგონას თეფში. ისინი ცეკვავენ „აჭარულს“ და მათ შორის სიყვარულიც ისახება, შემდეგ კი დები იშხნელების შესრულებით „ყველა სნეულებაზე“ ისმის და ვხვდებით, რომ სიუჟეტი იმერეთში ვითარდება, სპექტაკლის მთავარი გმირები გადაპრანჭულ, ყვავილებით მორთულ საქანელაზე ირწევიან. ოსტატურად არის წარმოდგენილი კახეთი რთველითა და უნიკალური „მრავალჟამიერით“, რაჭა ცეკვით რაჭული და ა.შ.

სპექტაკლის ყველაზე ემოციური სცენა ომის ეპიზოდია, როცა მსახიობები ცოცხალ პლანში თოჯინების გარეშე დაზგის უკან განლაგდებიან და იმ ტექსტებს წარმოთქვამენ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გვესმოდა ომში წასული მეომრებიდან, მათი მშობლებისგან, ოჯახის წევრებისგან. მათი ფრაზები ერთმანეთს ფარავენ, მაგრამ არ იფარება მათი ემოცია, განსაკუთრებით, მსახიობების: მერი დიასამიძისა და ქეთევან სამხარაძის. ისინი თითქოს მონოტონურად ისვრიან ფრაზებს, მაგრამ ამ მონოტონურობაში არის ემოციური ევოლუცია და მინი დრამატურგია. ისინი ტირიან კიდეც, მაგრამ მათი ცრემლი გულწრფელია, ზომიერი და რეალური, რაც ცხადია, გადაეცემა დარბაზს და მაყურებელიც თანაუგრძნობს მათ. მერი დიასამიძის „რატომ არ მპასუხობდი“ და ქეთევან სამხარაძის „ზარი გადის და არ მპასუხობს, აღარ ვიცი რა ვიფიქრო“, „არ დაგვღუპო დედიკო“ არის შემზარავი, ძლიერი ემოციურობით დატვირთული, რომელსაც სუნთქვაშეკრული უსმენს მაყურებელი, აკვირდება მათ ცრემლიან სახეს და ყელში ბურთი ეჩხირება. 

სპექტაკლში მონაწილე მსახიობები: ალექსანდრე გაბაიძე, მერი დიასამიძე, ვანო მაღლაკელიძე, ქეთევან სამხარაძე, სოფიო ცინცაძე ძირითადად ტექნიკურ სამუშაოს ასრულებენ, მათ თითქმის არ აქვთ ტექსტი. ისინი მხოლოდ ილუსტრირებენ რეჟისორის ჩაფიქრებულ მიზანსცენას და ქმედებაში აცოცხლებენ მუსიკალურ პარტიტურას.

 

სპექტაკლი ოპტიმისტური განწყობით სრულდება. ისმის რევაზ ლაღიძის „ჩემო კარგო ქვეყანავ“ და ვხედავთ ბიჭუნას, რომელიც ააფრიალებს საქართველოს დროშას, ომში გამარჯვებული ოჯახში ბრუნდება და მეუღლეს ეხვევა. შემდეგ კი ისინი მზის შუქში უჩინარდებიან.

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი არასდროს ყოფილა ჩაკეტილი თეატრი რეჟისორებისთვის. ამ ტრადიციას ღირსეულად და შემოქმედებითი მიდგომით აგრძელებს თეატრის ახალი ხელმძღვანელები, რომლებმაც უკვე რამდენიმე რეჟისორი მიიწვიეს სპექტაკლის განსახორციელებლად, როგორც დარგის საუკეთესო და შესაბამისად აღიარებული, სპეციალისტები, ასევე დრამატული თეატრის კრეატიულად მოაზროვნე რეჟისორები, რომლებიც ქმნიან არაერთგვაროვან რეპერტუარს, რაც ვლინდება ჟანრულ, თემატურ და სტილისტურ მრავალფეროვნებაში.

ფოტო ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის Facebook გვერიდან.

bottom of page