ამერიკული კონოკომედია და კინოდრამა უახლესი ქართული თეატრის სცენაზე
მარინე (მაკა) ვასაძე
ამერიკული კინოკომედია და კინოდრამა უახლეს ქართულ თეატრში
ბოლო რამდენიმე წელია, სათეატრო რეჟისორები ხშირად მიმართავენ ცნობილი ფილმების თეატრალური ვერსიების შექმნას. 2015 წ. ორი საინტერესო სპექტაკლი შეიქმნა ქუთაისისა და თბილისის თეატრების სცენებზე. აღსანიშნავია, რომ ორივე სპექტაკლი ამერიკული ფილმების თეატრალურ ადაპტაციას წარმოადგენს. ერთი მსუბუქი, კომედიური, გასართობი ჟანრის სპექტაკლია, მეორე კი დრამატული, ადამიანთა გაუსაძლისი ცხოვრების ამსახველი.
ბილი უაილდერის „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ (Some like it hot, 1959) ყველა დროის საუკეთესო კომედიად არის აღიარებული. ამ ფილმს არასდროს აკლდა მაყურებელი და დღესაც, დიდ ინტერესსა და აღტაცებას იწვევს. ალბათ, სწორედ ეს გახლდათ რეჟისორ გიორგი სიხარულიძის მთავარი მოტივი, როდესაც მან ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილების“ დადგმა განიზრახა. მაყურებელი თეატრისგან ითხოვს, არა მარტო, საზოგადოებში არსებული მტკივნეული პრობლემების ასახვას და ამ საკითხებზე სცენიდან საუბარს, არამედ კომედიური, გასართობი, ე. წ. განსატვირთი სპექტაკლების შექმნასაც. ყველასათვის კარგად ცნობილი კინოკლასიკის გასცენიურება საკმაოდ თამამი გადაწყვეტილებაა, მაგრამ რეჟისორმა ინსცენირებაში აქცენტების გადაადგილებით, როლების სწორი გადანაწილებით მიზანს მიაღწია და კომედიური ხასიათის, მსუბუქი, გასართობი სპექტაკლი შექმნა.
მაკკოი ხორასის რომანის „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“ (They shoot horses, don’t they?) მიხედვით სიდნეი პოლაკმა გადაიღო ფილმი. ავთანდილ ვარსიმაშვილმა „თავისუფალ თეატრში“ თავისივე ინსცენირებით დადგა სპექტაკლი. პოლაკის ფილმი მაყურებელში განწირულობის, არაადამიანურობის, სისასტიკის განცდას აღძრავს. უმუშევრობით და უფულობით გადაღლილი, რწმენადაკარგული, სასოწარკვეთილი ადამიანები ყველაფერზე მიდიან, ოღონდ კი არსებობისთვის ფული იშოვონ. სხვები კი უფრო მეტი შემოსავლის ძიებაში ახალი ტიპის ცინიკურ გასართობს იგონებენ _ ცეკვა-მარათონს. რამდენიმე ათეული წყვილი დგას რინგზე, მათ გაუჩერებლად უნდა იცეკვონ, სანამ ყველა არ დაეცემა და ერთი მათგანი კი გაიმარჯვებს. ავთანდილ ვარსიმაშვილის გადმოქართულებულ ვარიანტში მთავარი სათქმელი უცვლელი რჩება. რეჟისორმა სპექტაკლში ქართული რეალობის ელემენტები შეიტანა, შეამცირა მარათონში მონაწილე წყვილთა რაოდენობა, შეცვალა პერსონაჟთა სახელები და მოქმედების ადგილი, გაათანამედროვა გმირთა ხასიათები და სიტუაციები.
გიორგი სიხარულიძემ, როგორც უკვე აღვნიშნე, მძიმე სოციალურ-პოლიტიკური პერიპეტიებით დათრგუნვილი მაყურებლის ცხოვრების განსატვირთად, მსუბუქი, მუსიკალური, გასართობი კომედია დადგა. მან 20-30-იანი წლების ამერიკაში _ ჩიკაგოსა და მაიამიში _ განვითარებული რომანტიკული, მხიარული, სათავგადასავლო კინო-ისტორია გააცოცხლა ქუთაისის სცენაზე. ინსცენირების ავტორები (გიორგი სიხარულიძე, გიგა ჩიქოვანი) სცენური ადაპტაციისას ეცადნენ გვერდი აეარათ კონკრეტული დროის ასახვისათვის _ მშრალი კანონის პერიოდი, განგსტერული გარჩევები _ ის, რაც ფილმშია პაროდირებული. გიორგი სიხარულიძის სპექტაკლში არ არის დაკონკრეტებული დრო და მოქმედების ადგილი, რეჟისორი ეცადა დროსა და სივრცეში განევრცო ფილმში ასახული ამბავი. დროის განზოგადება, სხვასთან ერთად, კოსტიუმების, ვარცხნილობის, მუსიკის, სიმღერების შესრულების მანერაშიც აისახა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სიუჟეტური მსგავსების და ცალკეული სცენების გამოყენების მიუხედავად, რეჟისორმა ისინი ახლებურად გადაწყვიტა, ისევე როგორც მთლიანობაში სპექტაკლი. დადგმაში ამოღებულია ზოგიერთი სიუჟეტური ხაზი, მუსიკალური ნომრები შემოკლებულია, ზოგიერთი სცენა თუ ამბავი ჩამატებულია. უფრო მეტიც, გიორგი სიხარულიძემ უარი თქვა ადოლფ დოიჩის მუსიკაზე, სიმღერებზე, სახელგანთქმული ტანგოს ვერსიაზე, რომლის ჰანგებზეც დაფნა თაყვანისმცემელ მილიონერს ეცეკვება. რეჟისორმა თავად გააფორმა სპექტაკლი მუსიკალურად. მან გამოიყენა სხვადასხვა ეპოქის და მიმდინარეობის ჯაზური კომპოზიციები, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დროისა და ადგილის განზოგადებას.
გიორგი სიხარულიძის სპექტაკლში ამბავი მატარებლების სადგურზე იწყება. აქ რეჟისორმა რეალური და პირობითი თეატრალური ენა ერთმანეთში გადახლართა. მაყურებელი და სპექტაკლში მონაწილე პერსონაჟები მატარებლის ბაქანზე აღმოჩნდებიან. რეალურისა და თეატრალური პირობითის გადახლართვის შემდეგ იწყება მთავარი ამბავი. შიგადაშიგ ძირითად მოვლენათა რიგს, ამბიდან ამბავზე გადასვლას ძველი კინოფილმებიდან გაცოცხლებული უხმო ეპიზოდები კრავს. რა თქმა უნდა, რთულია მთლიანად გაექცე ფილმის გავლენას და არ გამოიყენო ის, რაც საჭიროა ძირითადი ამბის მოსათხრობად. ქუთაისელთა სპექტაკლში სცენები, რომლებიც აუცილებელია სიუჟეტის, ურთიერთობების გადმოსაცემად, ორიგინალური გადაწყვეტის მიუხედავად, მაინც ახლოსაა ფილმში ასახული ამბის განვითარებასთან. საერთოდ, გიორგი სიხარულიძემ საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ამ ფილმის გასცენიურებას მოჰკიდა ხელი. უპირველეს ყოვლისა, ფილმს ყველა კარგად იცნობს, იგი კინოკლასიკადაა აღიარებული, გარდა ამისა, ბევრ ისეთ კინოსთვის დამახასიათებელ, ტიპურ ელემენტს შეიცავს, რომელთა პირობით თეატრალურ ენაზე გადმოტანა ძალიან ძნელია.
რეჟისორმა სპექტაკლი მასობრივ ცეკვებზე, ჯგუფურ სცენებზე ააგო. წარმოდგენა აღსავსეა ენერგიული, რიტმულად დამუხტული ქორეოგრაფიული მონახაზებით, ილეთებით, სახასიათო ელემენტებით, რომლებიც მონაწილეთაგან მოქნილობას და დახვეწილ პლასტიკას მოითხოვს. სპექტაკლში მუსიკალურ რიგს და ქორეოგრაფიას უდიდესი დატვირთვა აქვთ მინიჭებული. ქორეოგრაფის გიორგი ბარბაქაძის მიერ შექმნილი ცეკვები სპექტაკლის სტრუქტურის ერთ-ერთ უმთავრეს შრეს ქმნიან. ისინი განვითარებული ამბის დამატებითი ინფორმაციის მატარებლები არიან, მოცემული მოვლენების არსს გამოხატავენ და პერსონაჟთა განწყობას თუ სულიერ მდგომარეობას ვიზუალურად ასახავენ. ცეკვები მსახიობებს პერსონაჟთა ხასიათის გახსნაში ეხმარებიან და საერთო მდგომარეობის _ მხიარულების, სილაღის შთაბეჭდილებას უფრო ამძაფრებენ.
გიორგი სიხარულიძის „ორკესტრის“ ორკესტრანტები სინამდვილეში არ უკრავენ. მსახიობები მხოლოდ ინსტრუმენტებზე დაკვრის იმიტირებას აკეთებენ შესატყვისი პლასტიკით. ერთადერთი საკრავი, რომელიც ამ ორკესტრში „ცოცხლად“ ჟღერს _ გიტარაა, რომელიც აკომპანემენტს უკეთებს მომღერალთა ტრიოს. ტრიოს მუსიკალური ნომრები სპექტაკლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხაზი და წარმატების მიზეზია.
სპექტაკლში მონაწილე ყველა მსახიობს ზუსტად აქვს მიცემული პერსონაჟის გახსნისათვის აუცილებელი ამოცანა. მსახიობები პლასტიკით, აქცენტების სწორი დასმით, ინტონაციებით, ჟესტიკულაციით გროტესკულ, ირონიულ, კომიკურ სახეებს ქმნიან. დავით როინიშვილის და ზვიად სვანაძის მიერ განსახიერებული, ყველასათვის კარგად ნაცნობი პერსონაჟები _ ჟოზეფინა და დაფნა _ ერთდროულად სასაცილოები და შესაბრალისები არიან. სპექტაკლში აქცენტი სწორედ ამ ორი მსახიობის მიერ შექმნილ ტიპაჟებზე კეთდება. ისინი სამსახიობო გარდასახვის საინტერესო პროცესს გადიან. ამასთანავე, არ არღვევენ „ჟანრის კანონს“ _ მაყურებელს „არ ატყუებენ“, რომ ქალები არიან. ამით მსახიობები თავიანთ პერსონაჟებს კომიკურობას მატებენ და გამომსახველი ხერხების გამოყენებით, თავიანთ როლებს მეტ დატვირთვას და მნიშვნელობას სძენენ. მსახიობთა თამაში, მუსიკალური გაფორმება, ქორეოგრაფია, მხატვრობა სპექტაკლის ერთიან, აწყობილ და შთამბეჭდავ სურათს კრავს.
აღსანიშნავია, რომ ფილმისგან განსხვავებით, გიორგი სიხარულიძემ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებიც არასაშიშ, გროტესკულ არსებებად აქცია, რომელთაც მთავარი გმირებისგან განსხვავებით არ უმართლებთ. ეს, რა თქმა უნდა, სპექტაკლის საერთო ჟანრიდან, ხასიათიდან და მოვლენათა განვითარებიდან გამომდინარეობს. სპექტაკლში არ არის ასახული პოლიტიკური, კლასობრივი თუ სოციალური პრობლემატიკა. მისი გმირები არ არიან ერთი რომელიმე კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენლები. სპექტაკლი სიმსუბუქის, მხიარულების, ფერადოვნების, სილამაზის და სიცილის განწყობას ქმნის და საინტერესოა ყველა თაობის მაყურებლისათვის.
თავისუფალ თეატრში ავთო ვარსიმაშვილის მიერ განხორციელებული „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“, ქუთაისელთა სპექტაკლისგან განსხვავებით, თანამედროვე ცხოვრების ეკონომიკურ, სოციალურ კრიზისს ასახავს და პრობლემათა სიმწვავით გამოირჩევა. რეჟისორმა, რომანისა თუ კინოფილმის, გადმოქართულებისას შეცვალა მოქმედების ადგილი, პერსონაჟთა სახელები და შექმნა ქართული რეალობისათვის დამახასიათებელი გარემო. ავთო ვარსიმაშვილის ადაპტირებული ნაწარმოები, გმირთა ხასიათებითა თუ სიტუაციებით, ჩვენს თანამედროვეობას შეერწყა. რეჟისორი სპექტაკლში საზოგადოებისათვის მტკივნეულ საკითხებს სვამს: ვინ ვართ, რა ფასეულობებით ვცხოვრობთ, გვაქვს თუ არა გადარჩენის შანსი. ქართულ სინამდვილესთან დაახლოების მიზნით, დამდგმელმა პერსონაჟთა სამეტყველო ენაში _ თანამედროვეობისათვის დამახასიათებელი ჟარგონები, სლენგი, სამეტყველო ფორმები ჩართო. ამით პერსონაჟები მაყურებელთან კიდევ უფრო დააახლოვა.
სცენოგრაფების _ შოთა გაბალიშვილის და თეო კუხიანიძის _ მიერ სცენაზე შექმნილი სივრცე საჯინიბოს წარმოადგენს, რომელშიც შოუს შემქმნელებმა ცხენებად ქცეული რვა ადამიანი გამოამწყვდიეს. ამ საჯინიბოში გამომწყვდეულებს, დროდადრო პროდიუსერები არენაზე უშვებენ დაუსრულებელ მარათონში, არაადამიანურ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად. ოთხი წყვილიდან, მხოლოდ ერთი გაიმარჯვებს და მიიღებს დაპირებულ ფულად ჯილდოს. ჩაკეტილ წრეში მყოფი დაპირისპირებული პერსონაჟების წარმოჩენით რეჟისორმა თანამედროვე საზოგადოების ყოფა ასახა.
ქორეოგრაფია პერსონაჟთა ხასიათების შექმნაში ეხმარება მსახიობებს. მარიამ ალექსიძემ თითოეულ მათგანს დამახასიათებელი პლასტიკური ნახაზი შეუქმნა. „შოუში“ მონაწილეები, ამბიდან გამომდინარე, ბევრს ცეკვავენ, მაგრამ მათი მოძრაობები მონოტონურია, ხაზგასმით გაწელილია, თითქოს გაუსაძლისი ცხოვრების ამსახველია. იმავდროულად, მსახიობთა პალასტიკა გმირთა პროტესტის გამომხატველიცაა.
შოუში მონაწილეთა მიზანია _ ასი ათასი ლარის მოპოვება. რეჟისორი და მსახიობები სხვადასხვა ხასიათის ტიპაჟებს ქმნიან. მათ _ უყვარდებათ, მტრობენ, ებრძვიან, ეხმარებიან ერთმანეთს. ისინი ერთდროულად: ერთგულები, ადამიანურები, ანგარებიანები, ფარისევლები არიან. მათ აქვთ მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად სასტიკ ბრძოლაში, შეჯიბრში მონაწილეობენ. ზოგი ვერ უძლებს გაუსაძლის პირობებს და მარათონს ეთიშება. საბოლოოდ ერთი წყვილი იმარჯვებს. სპექტაკლში მონაწილე მსახიობები ქმნიან მხატვრულ ტიპაჟებს, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში, ჩვენ გარშემო არსებობენ. ზოგადად, სპექტაკლში ნაჩვენები შოუ ჩვენი ცხოვრების პატარა მოდელია. რეჟისორი გვეუბნება, რომ ჩვენი ცხოვრებაც მარათონია და ჩვენ ყველანი ამ მარათონში ვართ ჩაბმულები, ყველანი იმ შოუს მონაწილეები ვართ, რომელსაც ცხოვრება ჰქვია. ავთო ვარსიმაშვილი თითქოს მხოლოდ სოციალურ პრობლემატიკაზე აკეთებს აქცენტს, მაგრამ, ძირითად ამბავთან ერთად, დადგმაში ჩვენი ცხოვრების თანმდევი სხვა პრობლემებიც იკვეთება. სპექტაკლი ჩვენი საზოგადოების ხელმოცარულ, გზააცდენილ, ნიჭიერ ახალგაზრდებზეა. მათ სურთ იცხოვრონ ნორმალურად, ჰქონდეთ სტაბილური შემოსავალი. ისინი იბრძვიან, რათა გადარჩნენ. ამ ბრძოლაში კი იმ ქანცგაწყვეტილ ცხენებს ემსგავსებიან, რომლებსაც საბოლოოდ ხოცავენ.
ვფიქრობ, რეჟისორთა მიერ ცნობილი, კინოკლასიკად აღიარებული ამერიკული ფილმების გასცენიურებას ორმაგი დატვირთვა აქვს: გახმაურებული ფილმების სათაურებით თეატრში მაყურებლის მიზიდვა; ქუთაისის თეატრის შემთხვევაში, გიორგი სიხარულიძის მიერ, მხიარული, კომედიური ჟანრის სარეპერტუარო სპექტაკლის შექმნა; `თავისუფალი თეატრის~ რეპერტუარს კი, ავთო ვარსიმაშვილმა კიდევ ერთი მწვავე სოციალური პრობლემატიკის ამსახველი სპექტაკლი შემატა.
ლიტერატურა:
ოჩიაური ლელა. ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან. თეატრი და ცხოვრება, #2, 2015.
ჩხარტიშვილი ლაშა. კინოფილმის ორი თეატრალური ვერსიის შესახებ. თეატრი და ცხოვრება, #5, 2015.
Brotman Mikita, Sterritt David. They shoot horses, don’t they?. Turner Classic Movies, TCM Article.
http://www.tcm.com/this-month/article/151877%7C0/They-Shoot-Horses-Don-t-They-.html Finally had been reviewed in 2017.01.03.
Canby Vincent. They shoot horses, don’t they?. New York Times. 11 December, 11, 1969.
http://www.nytimes.com/movie/review?res=EE05E7DF1739E477BC4952DFB4678382679EDE Finally had been reviewed in 2017.01.03.
Suber Howard. Some like it hot. The Criterion Collection.18 December, 1989.
https://www.criterion.com/current/posts/963-some-like-it-hot Finally had been reviewed in 2017.01.03.
marine (maka) vasaZe, xelovnebaTmcodneobis doqtori
American Comedy and Drama Films in the Modern Georgian Theatre
Two interesting plays were created on the stages of Kutaisi and Tbilisi theatre in 2015. It should be noted, that both plays present the theatrical adaptation of American films. One is a light, entertaining, comedy genre, the second one is reflecting the dramatic intense life of human. Billy Wilder’s “Some like It Hot “(1959) is recognized as the best comedy of all time. This film has always had the audience and even today it causes the great interest and admire. Perhaps it was the main motive of director Giorgi Sikharulidze, when he aimed to stage “Some like It Hot” In Kutaisi’s Drama Theatre named after Lado Meskhishvili. The audience demands from theatre not only reflection of the painful problems existing in society and talk about it from the stage but the creation of comedy entertaining so called relieving plays. Making the stage performance of well-known film classics is fearless decision but director reached his goal and created entertaining, light play of having comedic nature by moving accents in the staging and sharing the roles correctly. Sidney Polak made a film according to novel “They shoot horses, do not they?” by McCoy Horace. Avtandil Varsimashvili staged a play by his dramatization in “Liberty Theatre”. Polak’s film arises the feeling of sacrifice, inhumanity and brutality in viewer. People of tired with unemployment, lack of money, desperate and having loss of faith are doing everything to earn money for existence. Others are making a new kind of cynical entertaining such as the dance-marathon for gaining more income. Several pairs are standing in the ring, they have to dance without rest until everyone fall and then one of them will become the winner. The main say remains unchanged in the Georgian variant of Avtandil Varsimashvili. Director added the elements of Georgian reality in the play, changed the names of characters and place of action, he made the nature of heroes and situation modern.
Marina (Maka) Vasadze, The Doctor of Art Study
The head of Shota Rustaveli Theatre and Film Georgian State University’s Publishing
House “Kentavri”;
Member of the International Association of the Theatre Critics of Georgian Section (IATC)