ამბავი ქვრივებზე და უქმროდ დარჩენილ ცოლებზე
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
გიორგი ყაჯრიშვილი
ამბავი ქვრივებზე და უქმროდ დარჩენილ ცოლებზე
სლავომირ მროჟეკის დრამატურგია თანამედროვე ქართულ თეატრისთვის არ არის ახალი. სხვადასხვა თეატრში და სხვადასხვა დროს, იდგმებოდა მისი „ემიგრანტები“, „სტრიპტიზი“, „ღია ზღვაში“, „პოლიცია“, „ქვრივები“ . ახალგაზრდა რეჟისორმა გიორგი გამყრელიძემ პიესაში „ქვრივები“ შეცვალა პერსონაჟები და ქვრივი ქალების ნაცვლად პიესა დადგა ქვრივ მამაკაცებზე. შესაბამისად, დანარჩენი ორი პერსონაჟი, უქმროდ დარჩენილები კი - ქალები არიან. ასეთმა ტრანსფორმაციამ თავისთავად გამოიწვია მთელი რიგი ცვლილებები პერსონაჟების ხასიათებში, ვინაიდან სავსებით ცხადია, რომ ქვრივი მამაკაცის ფსიქოლოგიური პორტრეტი სრულიად განსხვავდება ქვრივი ქალისგან, რომელიც პირველწყაროშია მოცემული. მსგავსი თამამი ექსპერიმენტი ძალიან სახიფათო იყო, მით უმეტეს, დამწყები რეჟისორისთვის და დასაწყისშივე მინდა ვთქვა, რომ გიორგი გამყრელიძემ ოსტატურად გაართვა თავის ამ დასახულ ამოცანას. ინტერპრეტაცია იმდენად სრულყოფილი გამოვიდა, რომ სპექტაკლის ცქერისას ვერაფერი ვერ მიხვდები, რომ იგი ქვრივ ქალბატონებზეა დაწერილი. ჩემი აზრით, ყველაზე რთული სცენაც კი, მხედველობაში მაქვს დუელი, რომელიც პირველ და მეორე მამაკაცს შორის უნდა მომხდარიყო და ამჯერად, ქალებს შორის ხდება, ორიგინალურადაა გადაწყვეტილი დამდგმელი რეჟისორის მიერ.
კიდევ ერთი ამოცანა, რაც რეჟისორის წინაშე შეიძლება დამდგარიყო ესაა თეატრი და შემოქმედებითი კოლექტივი შერჩევა, სადაც ამ დრამატურგის ნაწარმოები უნდა განხორციელებულიყო. აქაც მინდა ვთქვა, რომ რეჟისორმა სწორი გათვლა გააკეთა და სპექტაკლის შესაქმნელად სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის მუნიციპალური თეატრი აირჩია. პირველ რიგში, ესაა თეატრი, სადაც თავის გრძელი თეატრალური ისტორიის განმავლობაში თეატრის დამფუძნებელ სანდრო მრევლიშვილს მრავალჯერ დაუდგამს აბსურდის თეატრის ნიმუშები, როგორიც არის იონესკოს, ბეკეტის დრამატული თხზულებები და ამ თეატრის მსახიობები - სანდრო მრევლიშვილის მოწაფეები პრაქტიკულად ასეთ დრამატურგიაზე არიან აღზრდილები და მათთვის თამაშის ეს სტილი ადვილად მისაღები იქნებოდა.
მეორე და არა არანაკლები ფაქტორი გახლდათ ის, რომ ამ თეატრს ძალიან პატარა სცენა გააჩნია, მაყურებელთა დარბაზი რამდენიმე რიგით და 20-25 მაყურებლით შემოიფარგლება, რაც თუ შეიძლება ასე ითქვას „ინტიმური“ - სპექტაკლის განხორციელების საშუალებას იძლეოდა. თან ის მცირე ხარჯები, რაც ამ წარმოდგენის დადგმას შეიძლება დასჭირდებოდა ადვილად ჩაჯდებოდა მუნიციპალური თეატრის ბიუჯეტში.
და რაც მთავარია, სანქტ-პეტერბურგის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის ინსტიტუტის აღზრდილმა გიორგი გამყრელიძემ რეჟისორ სანდრო მრევლიშვილის თეატრს მიაკითხა, რომლის დამფუძნებელსაც ეს ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული და გიორგი ტოვსტონოგოვის მოწაფე იყო.
სცენა შავ ყუთს წარმოადგენს, რომელშიაც რესტორნის სამი მაგიდაა განთავსებული. ორი მათგანი ცოტა წინა წამოწეული, მესამე კი ნიშაში დგას, ზედა შუქით განათებული. პირველ ორ მაგიდასთან მთავარი გმირები - ქვრივები (თორნიკე ბელთაძე, ზურაბ სულხანიშვილი) სხედან, მესამესთან კი სპექტაკლის მსვლელობისას შემოსწრებულები დაუპატიჟებლად იკავებენ ამ მაგიდას და ძირითადად ქვრივებთან პოლემიკაში ჩასართავად არიან მოსულნი.
მაყურებელს დარბაზში შესვლისთანავე ამ ორ მაგიდასთან მჯდომი შავებში გამოწყობილი ორი ქვრივი ხვდება, თავისთავად გასაგებია, რომ სცენას ფარდა არ აქვს და მაყურებელი მაშინვე აღმოჩნდება იმ რესტორნის გარემოში, სადაც მათ წინაშე ეს წარმოდგენა უნდა გათამაშდეს.
აქ ალბათ აუცილებელია განვმარტოთ რა ჟანრობრივი ცვლილება განიცადა პიესამ: ავტორისეულმა ტრაგიკომედიამ გიორგი გამყრელიძეს შემთხვევაში გროტესკული ფორმა შეიძინა, სადაც სიკვდილის თემა ისევ მთავარი რჩება, თუმცა აქცენტი გადატანილია იმაზე, თუ როგორ იღებს ესა თუ ის პერსონაჟი ამ აუცილებელ რეალობას, რას განიცდის სწორედ ამ მომენტში. რეჟისორის მიერ შემოთავაზებული ეს ხერხი რასაკვირველია ამართლებს: სპექტაკლი შენარჩუნებულია ავტორისეული „შავი იუმორიც“.
ქვრივი მამაკაცები ერთმანეთს თანაუგრძნობენ, მათი საუბარია მანერული-დეკლამაციურია, ოდნავ ეგზალტირებული და ნერვიულიც კი. ხოლო მათი ცოლების-საყვარლების (ნატუკა ფილია, ქეთევან ლუარსაბიშვილი) დიალოგებს საქციელებსა და ურთიერთდაპირისპირებაში დომინირებს ჯანსაღი იუმორი, სარკაზმი, რაც ახალისებს მაყურებელს.
ოფიციანტი (გიორგი ქვრივიშვილი) ხაზგასმით კომიკურია. განსაკუთრებით, იმ სცენაში, როდესაც საყვარლების მიერ გამოტანებული წერილები ერთმანეთში ერევა და ადრესატებს სხვასთან გაგზავნილი ბარათი ჩაუვარდებათ ხელში.
რეჟისორს წარმოდგენაში შემოჰყავს მესამე ქვრივიც (ლევან ფილაშვილი), ყვითელ საწვიმარში და ორი საჰაერო ბუშტით, რომელსაც ტექსტიც კი არა აქვს. ეს სწორედ ის მამაკაცია, რომელთანაც ღალატობენ ქვრივებს ცოლები და ვინც მათი დუელის ობიექტია.
წარმოდგენა პირობითად სამ ნაწილადაა გაყოფილი: პირველი სრულდება მაშინ, როცა ქვრივები წერილების წაკითხვის შემდეგ გულწასულები იატაკზე ეცემიან; მეორე ნაწილი ცოლების ურთიერთობის სიუჟეტს ეძღვნება, რაც მათი სიკვდილით სრულდება, და მესამე, რომელიც ზუსტად იმ მიზანსცენიდან იწყება, სადაც პირველი დასრულდა. ამ მხრივ, რეჟისორმა ერთად შეკრა ეს ორი თითქმის პარალელურად მიმდინარე ამბები - ქმრების და ცოლების ისტორია და ერთად ციკლურად გააერთიანა. მაყურებელი ზუსტად მიყვება მოვლენათა განვითარებას და ამ თითქმის „დეტექტიურ-კრიმინალურ“ ისტორიაში შეკითხვები აღარ უჩნდება.
იუმორისა და გროტესკის უმაღლეს წერტილს აღწევს ცოლების დუელი, რომელშიც მსახიობებმა ნატუკა ფილიამ და ქეთევან ლუარსაბიშვილმა გამოავლინეს მსახიობური ოსტატობის ნიჭიერება, პლასტიკისა და სასცენო მოძრაობის ელემენტების ზედმიწევნით ფლობა. მათი კოსტიუმები ფერადოვანია, განსხვავებული ქვრივთა შავი სამოსიდან. ამ სცენის ჰიპერბოლიზებით რეჟისორმა მიაღწია ავტორისეულ ტექსტთან და ჩანაფიქრთან მაქსიმალურ დაახლოებას და ჩვენს წინაშეა ჭეშმარიტი მროჟეკი თავის ჩვეული სარკაზმით, მოვლენათა აღწერის სიზუსტით, ხასიათთა გამოკვეთითა და იმ ფილოსოფიით და მსოფლმხედველობით, რაც მის ყველა ნაწარმოებშია გამოკვეთილი.
განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია რეჟისორის მიერ მოფიქრებული სცენის აღჭურვილობასა (მრგვალი მაგიდები, ვენური სკამები, ფერად-ფერადი ყვავილების ბუკეტები მაგიდებზე) და სცენოგრაფიასთან ერთად სპექტაკლის მხატვრული განათება (ლიდა ქავთარაძე) და მუსიკალური „მიქშერი“, რომელიც რეჟისორსავე ეკუთვნის და „ტანგოს“ შემსრულებელი გიორგი მანწკავა, რომლის მელოდია რამდენიმეჯერ ისმის წარმოდგენის განმავლობაში.