ამბავი ქალზე, რომელიც ომზე იმარჯვებს
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ლაშა ჩხარტიშვილი
ამბავი ქალზე, რომელიც ომზე იმარჯვებს
ალბათ, მკითხველს (შესაბამისად მაყურებელს) არ დაებადება კითხვა, თუ რატომ დაიწყო მუშაობა რეჟისორმა გაგა გოშაძემ ბერტოლტ ბრეჰტის პიესაზე „დედა კურაჟი“ 2022 წელს (რომლის პრემიერაც ოქტომბერში შედგა). 2022 წლის 25 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ეს ომი დღემდე გრძელდება. ჩვენც, როგორც მრავალ ომგადატანილი ერი, ამ ომის ცხოვრებითაც ვცხოვრობთ და ჩვენთვის სამწუხაროდ, არასდროს კარგავს აქტუალობას ომის თემატიკა. ბრეჰტის ცნობილი პიესა ომზე და მასში ჩართულ ადამიანებზე წარმოაჩენს ომის, როგორც მოვლენის გამოუსწორებელ ტრაგიკულ შედეგებს, ამავდროულად, ადამიანებს, რომლებიც ხეირობენ ომით (ამღვრეულ წყალში მეტ თევზს იჭერენ) და ეგუებიან მასთან ერთად ცხოვრებას. საზოგადოება, რომელიც მიეჩვია დამანგრეველ (მორალურად და ფიზიკურად) ომს, მას ცხოვრების წესად, ნორმად აქცევს.
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის „დედა კურაჟი“ ერთი მხრივ, ქრესტომათიული დადგმაა ბრეჰტის პიესის, ხოლო მეორე მხრივ, განსხვავებულია თავად ანა ფირლინგი, იგივე მამაცი დედა კურაჟი, რომელსაც ბათუმის თეატრის მსახიობი მარინა ბურდული ანახიერებს. ძირითადად (განსაკუთრებით, ქართულ თეატრში) დედა კურაჟის როლის შემსრულებლები ასაკს მიღწეული, ფიზიკურად ძლიერი და წარმოსადეგი, ბარიტონით მოსაუბრე მასკულინური ქალები არიან. მარინა ბურდულის დედა კურაჟი კი მომცრო ტანის, სუსტი ხმისა და ფიზიკური შესაძლებლობების ახალგაზრდა ქალია, რომელიც სიმამაცეს და სიმტკიცეს (გამოუვალ მდგომარეობაშიც კი) იჩენს თავისი მოხერხებულობით, გონიერებითა და გაწონასწორებულობით. მოვლენათა ეპიცენტრში დედა კურაჟია, ცხადია ეს პიესითაა ნაკარნახევი, თუმცა არტისტული თვალსაზრისითაც, მარინა ბურდული ახერხებს ეპიცენტრში იდგეს და არა მხოლოდ ფიზიკურად - მარტო შეებას ფურგონში, არამედ თავადაც „მოიკიდოს მხრებზე“ მთელი სპექტაკლის სიმძიმე და ღირსეულად, პროფესიული ოსტატობით ატაროს იგი საექსპოზიციო ნაწილიდან ფინალამდე. ფინალური სცენა - დაბერებული, დაჩაჩანაკებული, ენერგიადაშრეტილი დედა კურაჟი მარტო გაბმული ფურგონში, იკითხება როგორც მეტაფორა მსახიობისა, რომელმაც ლამის მარტომ ატარა მთელი წარმოდგენის უმძიმესი ტვირთი. მარინა ბურდულის დედა, საკუთარ შვილებზე მოძალადე დედაცაა, რომელსაც გულწრფელად უყვარს მისი შვილები, მაგრამ მათი დაკარგვის მიუხედავად, ის არ ეცემა და აგრძელებს ცხოვრებას, უფრო სწორად, ყოფას. გარეგნულად მარინა ბურდული რბილი და დამყოლი, კურაჟისთვის თითქოს უჩვეულო და შეუფერებელი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ პერსონაჟის სიძლიერეს, სიმკაცრეს, შეუვალობასა და მამაცობას მსახიობი გმირის შინაგან სამყაროში ავლენს.
ბერტოლტ ბრეჰტის „დედა კურაჟი და მისი შვილები“ პოლიტიკური პიესაა, გაგა გოშაძის ვერსიაში კი ეს არის ლირიკული ამბავი ქალზე, რომელიც ომზე იმარჯვებს. რეჟისორს უფრო მეტად აინტერესებს ომი, მისი შედეგები და გავლენა ადამიანებზე, ყველა სოციალური სტატუსისა და მსოფლმხედველობის ადამიანის მეტამორფოზა. რეჟისორის ასეთი პრიორიტეტების გამო, პოლიტიკამ, როგორც გლობალურმა პრობლემამ უკანა პლანზე გადაინაცვლა.
ზემოთ ვთქვი, რომ ბათუმის თეატრის „დედა კურაჟი“ ქრესტომათიული წარმოდგენაა - თქო. შესაბამისად, გაგა გოშაძე არ გვთავაზობს ბრეჰტის პიესის დედანიდან დაშორებულ სცენურ ვერსიას, აქა-იქ ინარჩუნებს ბრეჰტის ეპიკური თეატრის სტილისტიკას და პრინციპებს (აპარტეზე მსახიობთა მიერ ნათქვამი ტექსტი, ზონგების მსგავსი მუსიკალური ნომრები სიმღერითა და რეჩიტატიული შესრულებით). მოქმედება რომ თეატრში ხდება და მაყურებელმა „განცდის სკოლა“ რომ უნდა დაივიწყოს ეს გოგლა გოგიბერიძის სცენოგრაფიაშიც ვლინდება. მაყურებელი ხედავს ბოლომდე გაშიშვლებულ სცენას, სადაც ჩანს კულისების მეურნეობა. სცენაზე რკინის მონუმენტური ე.წ. დაზგა დგას, რომელიც სხვადასხვა ფორმის და სტილის კიბეებით ბოლოვდება და „გაწყობილია“ სხვადასხვა ეპოქის ინვენტარით, რითაც მხატვარი ტრივიალური გზით ცდილობს ხაზი გაუსვას იმას, რომ მოვლენები სხვადასხვა ეპოქაში ხდებოდა და ხდება დღესაც. სცენის წრე ბრუნავს და მასზე განლაგებული დაზგაც იერ-სახეს პირობითად იცვლის, რომელიც სხვადასხვა პერსონაჟის სამოქმედო სივრცედ იქცევა. კოსტიუმები ძირითადად ერთ სტილისტიკაში, ფერსა და ტონალობაშია გადაწყვეტილი, რომელიც სტილიზებულია და ყოფითობას გვარიანად დაშორებული, თუმცა კონტექსტიდან ამოვარდნილია გლეხის კოსტიუმი, რომელიც ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობის“ პერსონაჟს პეპიას მოგაგონებთ, ხოლო მეორე ფელდბებელის კოსტიუმი მულტიპლიკაციური თევზისა ფარფლებით. კოსტიუმებში აღრეულია არა ეპოქა, არამედ ჟანრი და სტილისტიკა.
ვფიქრობ, ზოგიერთი პერსონაჟის სცენური გააზრება და ფუნქცია ბოლომდე არ იკვეთება სპექტაკლში. მაგალითად, მხედართმთავარი, რომელსაც ზაზა ზოიძე ასრულებს, ამ მსახიობისთვის უჩვეულო მანერულობით გამოირჩევა. მხედართმთავრის აღტაცება თუ აღფრთოვანება კურაჟის უფროსი შვილით, აილიფით (გიორგი ყურავა) მისდამი ტრფობად უფრო აღიქმება. მათი ისტორია კი რეჟისორული გადაწყვეტის თვალსაზრისით აღარ ვითარდება და მხოლოდ დრამატურგიულ პირველწყაროს კარნახით სრულდება. სპექტაკლს, ინფორმაციული თვალსაზრისით, არაფერს მატებს მეორე მოქმედების მეორე ნაწილში გლეხების სცენა (ჯემალ ველიაძე, ლია აბულაძე, ტამანგო ჟღერია). ლია აბულაძის ოსტატურად წაკითხული მონოლოგით კი სრულიად ახალი სპექტაკლი იწყება, რომელიც აფერხებს და განზრახ წელავს დომინანტურ დრამატურგიულ ხაზს - მთავარი პერსონაჟების ტრაგიკულ ისტორიას. სახასიათო და დასამახსოვრებელ პერსონაჟებს ქმნიან: ნოდარ ძიძიგური (ინტენდანტი), დავით წერეთელი (ფელდბებელი), ავთო ქარჩავა (ფელდბებელი), ლაშა კონცელიძე (დამქირავებელი), თამარ მაყაშვილი (ივეტა), კახა კობალაძე (მზარეული). თითოეული მსახიობი ცდილობს ეპიზოდურ თუ მეორე ხარისხოვანი როლით დასამახსოვრებელი გახდნენ მაყურებლისთვის, ამიტომაც, მათ მიერ შექმნილი მხატვრული სახეები გამომსახველობითი საშუალებების უხვი გამოყენებით გამოირჩევიან, რომელიც ხელს კი არ უშლის სპექტაკლს, არამედ პირიქით, მრავალფერვანებას მატებენ წარმოდგენას. ცალკე აღნიშვნის ღირსია შორენა სიხარულიძე კურაჟის მუნჯი ქალიშვილის - კატრინის როლში. ახალგაზრდა მსახიობი დედა კურაჟის მსგავსად, თითქმის, არ გადის სცენიდან, მას არ აქვს ტექსტი, მაგრამ ის შინაგანი განცდით, შეფასებებით და დამოკიდებულებებით პერსონაჟებისადმი სცენაზე გათამაშებული მოვლენების ეპიცენტრში ექცევა. დაუვიწყარია მის მიერ შესრულებული არაერთი ეპიზოდი, მათ შორის, ივეტას წითელი ჩექმების მოპარვა-მორგების სცენა, სადაც მსახიობი ააშკარავებს კატრინის ოცნებებსა და მისწრაფებებს. საინტერესო სახეებს ქმნიან ზურაბ გორგილაძე (შვაიცერკასი) და მამუკა მანჯგალაძე (ლაშქრის მოძღვარი). მამუკა მანჯგალაძე ნიჭიერი მსახიობია, მას აქვს შესაშური პლასტიკა და ყველა მსახიობისთვის საოცნებო ვოკალური მონაცემები, ფლობს გარდასახვის ხერხებს და ეს უნარები ამ სპექტაკლშიც ნათელია, მაგრამ მსახიობმა აუცილებლად უნდა დაუთმოს ყურადღება სასცენო მეტყველებას, რათა მის მიერ წარმოთქმული ტექსტი მაყურებლამდე მივიდეს და გასაგები გახდეს.
სპექტაკლში ხშირად ჟღერს მიშა მდინარაძის მუსიკალური თემები, რომელიც ხანაც ფონს უქმნის მოვლენას და მსახიობს სცენაზე, ხანაც ატმოსფეროს ქმნის, მაგრამ ომის სცენაში მუსიკისა და პერსონაჟთა ქმედებების ტემპო-რიტმი თანხვედრაში არ არის ერთმანეთთან. მუსიკა, თავისი განწყობით თითქოს აცდენილია ქმედებებთან, ან პირიქით, რასაც ვერ ვიტყვი ფინალურ ეპიზოდებზე, თუნდაც კატრინის დატირების სცენა, რომელიც ზუსტი და ზომიერი ემოციურობითაა შესრულებული მსახიობის და გადაწყვეტილი რეჟისორის მიერ, რომელიც არ იმეორებს ამ ეპიზოდისთვის დამკვიდრებულ შტამპს - პიეტასა და კორდილიას დატირების მიზანსცენას.
გაგა გოშაძის „დედა კურაჟი“ ბევრ რამეზე დააფიქრებს მაყურებელს, მეტ ადრე, მაშინ, როცა ომი ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს, ამიტომაც ის, გამაფრთხილებელი სიგნალის ფუნქციასაც იძენს.
ფოტო: თორნიკე თავაძე