top of page

რანევსკაია „ათი წლის შემდეგ“

alublebi1.jpg

რანევსკაია – „ათი  წლის შემდეგ“ (ა. დიუმა) 


გიორგი ყაჯრიშვილი

ა. ჩეხოვის „ალუბლის ბაღი“ დიდი სცენური ისტორი აქვს. ასევე გრძელია რანევსკაის შემსრულებელთა სიაც: ო. კნიპერ–ჩეხოვა, ა. ტარასოვა, მ. ბაბანოვა, ა. დემიდოვა, ა. ფრეინდლიხი, მ. ნეეოლოვა, ტ. ლავროვა, ლ. მაკსაკოვა, ვ. ვასილიევა, რ. ლიტვინოვა, ა. ზახაროვა, ნ. ჭანკვეტაძე. ამ სიას სულ ახლახან კიდევ ერთი გვარი შეემატა – გურანდა გაბუნია.
ა. გრიბოედოვის თეატრის მცირე სცენაზე რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ  ა. ჩეხოვის საიუბილეოდ განახორციელა მისი `ალუბლის ბაღი~ და რანევსკაიას როლში მსახიობი გურანდა გაბუნია მოიწვია. ამის საბაბი ალბათ ის გახლდათ, რომ რეჟისორმა ამ მსახიობის ბოლო ნამუშევრები `ახლად გამოკვეთილი ამპლუა~–`აღმოაჩინა~, რაც  – მონოსპექტაკლებში და  მის  ე.წ. ბენეფისური შედევრებში : ი. გარუჩავას   და პ. ხატიანოვსკის `მიტევების დღე~ (რეჟისორი ქ. დოლიძე), ჯონ  მარლი „მემუარები“ (რეჟისორი ი. გოგია) გამოვლინდა,    როცა მსახიობი სრულიად იხსნება, ხდება სცენის ნამდვილი ბატონ–პატრონი და მბრძანებელი. (თუმცა სხვა რეჟისორებს მინდა საყვედურით შევახსენო, რომ მხოლოდ ეს არაა ამ უნიჭიერესი მსახიობის სცენური ღირსებები). 
ანდრო ენუქიძის რეჟისურა ყოველთვის ნოვატორულ ელემენტებს შეიცავს. ჯერ კიდევ თავისი შემოქმედების დასაწყისში რუსთაველის თეატრში რ. სტურუასთან ერთად დადგმული დ. კლდიაშვილის  `ირინეს ბედნირებამ~  ფორმითაც და შინაარსითაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში. რეჟისორი კვლავ აგრძელებდა ასეთ ძიებებს ასევე რუსთველი თეატრში დადგმულ ფ. დიურენტმატის `ვთამაშობთ სტრინბერგსა~ და ახლა უ. შექსპირის `მაკბეტში~ ბათუმის სახ. თეატრში. იგი ამ ნამუშევრებში უარს ამბობს  პარტერში მაყურებელთა ტრადიციულ განლაგებაზე და იგი სცენაზე აყავს. საქმე მხოლოდ მაყურებელთა და მსახიობთა ახლებურ განთავსებაში არაა. რეჟისორი მიმართავს ხერხს, სადაც მაყურებელი აქტიურადაა ჩართული სცენურ ქმედებაში. იგი უკვე მხოლოდ მაყურებელი აღარაა, იგი თანამონაწილე ხდება იმ მოქმედების, რაც იქ სათამაშო მოედანზე ხდება. ეს ნოვატორი ნიჭი დღევანდელ წარმოდგენაში გამოვლინდა. ჩვენ ვუყურებთ არა ჩვეულებრივ ა. ჩეხოვის `ალუბლის ბაღს~ არამედ მის ახლებულ სცენურ ვერსიას, რეჟისორის ხედვას და მის დამოკიდებულებას ა. ჩეხოვის ამ უკანასკნელი პიესის მიმართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელი მომენტია ყოველი რეჟისორის შემოქმედებაში. გამუდმებით ერთიდაიმავე პიესების ტირაჟირებისას არსებითია ის, როგორ ხედავს დამდგმელი რეჟისორი  იმ ქვეტექსტებს, ფურცელზე აღწერილ გრძნობებს  და შეგრძნებებს, რომელიც ამა თუ იმ დრამატურგიულ ტექსტებში ავტორის მიერაა ჩადებული. სწორედ ეს უნდა გახდეს რეჟისორის ამოცანაც და მიზანიც ამა თუ იმ პიესის წარმოსადგენად. ჩვენ სცენაზე უნდა ვიხილოთ არა `შეთხზული~ (რომელიც დრამატურგმა ერთხელ უკვე შეთხზა) წარმოდგენა, არამედ ის ახალი რაც რეჟისორს იტაცებ (ალბათ უფრო ზუსტი იქნებოდა - სათქმელი) და აწუხებს ამ პიესაში და ისე მიიტანოს მაყურებლამდე, რომ მანაც შეიგრძნოს და დაინახოს მოცემული დრამატურგიული ტექსტის რეჟისორული წაკითხვა. ამ მხრივაც ანდრო ენუქიძის მიერ ა. გრიბოედოვის თეატრის მცირე სცენაზე დადგმულ `ალუბლის ბაღში~ ყველაფერი სახეზე. 
ანდრო ენუქიძემ ლუბოვ ანდრეევნას და ვარიას პარიზში `მიაგნო~, სადაც მოქმედება ალუბლის ბარის გაყიდვიდან ათიოდე წლის შემდეგ მომდინარეობს და მოქმედება სამ დროით  განზომილებაში:  აწმყო (პარიზი),  წარსული (რანევსკაია მამული) და მომავალში (ისევ პარიზი) გაშალა. ისინი ერთ მყუდრო ბინაში ცხოვრობენ, რომლის ფანჯრიდან ეიფელის კოშკი მოსჩანს.
რანევსკაიას – გურანდა გაბუნია მიუხედავად მისი ხანდასმული ასაკია  სილამაზე და მომხიბლავობა შერჩენია, თუმცა ასაკმა თავი მაინც იჩინა და პარკინსონის დაავადებაც შეჰპარვია. მძიმედ გადაადგილდება სპექტაკლის დასაწყისში გურანდა გაბუნია თამაშობს მოხუცებულ ქალს, რომელიც მწარედ განიცდის ფირსის უყურადღებოდ მიტოვებასა და ალუბლის ბაღის დაკარგვას. მაინც და მაინც არც იმაშია  დარწმუნებული რომ მის წინაშე ვარია თუ ანიაა. სამაგიეროდ კარგად ახსოვს დროულად ყავის დალევა და ის, რაც იმ საბედისწერო დღეებში მოხდა, როდესაც უკანასკნელად ეწვია საკუთარ სახლს. მისი გამუდმებული პაექრობა ვარიასთან (ირინა მეღვინეთუხუცესი) თითქმის მთელი სპექტაკლის განმავლობაში მიმდინარეობს. საყვედურები ვარიას მიმართ რანევსკიას ერთგვარ თამაშად უქცევია, რომელიც პარიზშიც გრძელდება. გარდასული დროის მოგონებები აწუხებს ორივეს – ვარიას პირველი პარიზული შთაბეჭდილებები, ხოლო ლუბოვ ანდრეევნას წინაშე  ხელახლა გადაიშლება ალუბლის ბაღის გაყიდვის ისტორია. 
გაევი (ო. მჭედლიშვილი)  ისევ წარმოთქვავს თავის ცნობილ მონოლოგს კარადის შესახებ. დამხვდურებიც იგივენი არიან – ვარია, ეპიხანოვი. 
სპექტაკლის გაფორმება (მხატვარი მ. შველიძე) ძალიან მოკრძალებულია, თუმცა მას მენშჩანური გარემოს იერი მაინც ახლავს: კედელზე გაკრული მაქმანებიანი შპალერი და უზომოდ დიდი აბაჟური, ასევე მაქმანებით, რომელზედაც ლიუბოვ ანდრეევნას სამეჯლისო კაბებია ჩამოკიდებული და რომლებიც დროდადრო მუსიკის ჰანგებთან ერთად აცეკვდებიან.  
აქ აუცილებლად უნდა ითქვას კარადის ახალ ფუნქციაზე, რომელიც რეჟისორმა მიანიჭა: ძველი კარადა ამ სპექტაკლში კარებიცაა, სამალავიც და  თუ გნებავთ „ეშაფოტიც“,  რომელშიც რუსეთის რევოლუციის დროს პიესის დანარჩენი მოქმედი პირები იღუპებიან. 
ლაპახინი (ა. ბარათაშვილი) ისევ აქტიური და ენერგიულია როგორც ყოველთვის, განსაკუთრებით კი მაშინ როცა საქმე ალუბლის ბაღის გაყიდვას ეხება. მას ვერაფრით ვერ გაუგია რანევსკაია დროდადრო რატომაა ასე გულგრილი ამ ფაქტის მიმართ. მას, ლაპახინს ვერც კი წარმოუდგენია, რომ რანევსკაიას ფიქრები სულ სხვა მხარესაა მიმართული. ლუბოვ ანდრეევნას – გურანდა გაბუნიას ყველაზე დიდი საზრუნავი ვარიაა, რომელიც ლაპახინს მიანც ვერ მიათხოვა და უფუნქციოდ და სახლ–კარის გარეშე დატოვა. 
გურანდა გაბუნია თამაშობს სამშობლოზე შეყვარებულ ადამიანს, რომელსაც ვერ წარმოუდგენია საკუთარი თავი ალუბლის ბაღისა და იმ სახლის გარეშე, სადაც გაიზარდა და ვაჟიშვილი დაკარგა. ალუბლის ბაღის გაყიდვა მისთვის სამშობლოს დაკარგვის ტოლფასია. 
ჩვენ ორჯერ ვხვდებით  მისი ტრაგიკული განცდებისა მოწმე რომელიც რანევსკაის გულში ტრიალებს: პირველად როდესაც ალუბლის ბაღის გაყიდვის ფაქტს შეიტყობს – სავარძელში ჩაესვენება, გონს კარგავს და როდესაც აზრზე მოვა, სახეზე  ხელებს აიფარებს და მწარედ ტირის.  მეორედ გამგზავრების წინ. დანარჩენ დროს კი ისევ ვარიაზე წუხს, მოხუც ფირსზე ზრუნავს, პეტია ტრაფიმოვს ჭკუას არიგებს, ეპიხოდოვს ძველებურად ფულს ჩუქნის თუ ასესხებს, მხირულობს და არც მეჯლისზე სიარულზე ამბობს უარს, მღერის ძველ რუსულ რომანსებს, ჯიუტად არ პასუხობს ოდეზღაც პარიზიდან მოსულ გაუთავებელ დეპეშებს, თუმცა მშვენივრად ესმის რომ მისი ადგილი მეუღლის გვერდითაა, რომელსაც ის ძალიან სჭირდება. 
ა. ჩეხოვის ამ სცენურ ვერსიაში სადღაც გაქრნენ ანია და სხვა მოქმედი პირნი, თუმცა ვარია–ანია და შემდგომ შარლოტა შესანიშნავად შესრულებული ირინა მეღვინეთუხუცესის მიერ კიდევ ერთი საინტერესო მიგნებაა. ვარია და ანია თუ ძალიან გვანან ერთმანეთს შარლოტა ივანოვნა – ი. მეღვინეთუხუცესი სრულიად განსხვავებული სახეა – მაცდუნებელი, მომხიბლავი, ცოტა ვულგარული და მადისმომგვრელი. 
რაც შეეხება ფირს მასზე მხოლოდ მოგონებანი და განცდები დარჩა. ამ ერთგული მსახურის მიმართ ჩადენილი დანაშაული სინდისის ქენჩნას იწვევს ყველაში. ფირსი ისევე გაქრა როგორც ალუბლის ბაღი. რაც შეეხება თვით ალუბლის ბაღს – სრულიად სამართლიანად ამბობს ლაპახინი, რომ მისი ღირსება იმაშია, რომ დიდია და მართლაც რომ დავარღვიოთ ბაღის აღქმის სტერეოტიპი. უნდა ვთქვათ რომ ეს უზარმაზარი ტერიტორიაა, სრული 1000 ჰექტარი და სავსებით გასაგები ხდება ლაპახინის ინტერესიც და ამ ბაღის მფლობელთა ტრაგედიაც. 
პეტია ტრაფიმოვი (მ. ამბროსოვი) პირველი სცენიდან სრულიად კომიკური ფიგურაა, საგიჟეთიდან გამოქცეულს ჩამოაგავს თეთრებში მოსილი, რანევსკაის საკუთარ დედად რომ მოეჩვენება ბაღში მოსიარულედ –„როგორ დაბერებულხარ“ აღნიშნავენ ყველა და მართლა ამ მუდმივ სტუდენტს თმები გაჭაღარავებია, სახე დანაოჭებია, თუმცა ისევ ენერგიულია. შესანიშნავად გათამაშებული თევზაობის და „კალოშების“ ძებნის სცენები ახალისებს წარმოდგენას და სიცილს იწვევს მაყურებელში. 
ეპიხანოვის (მ. არჯევანიძე) თავის ამპლუაშია, გაუთავებელ ბანკის ვალებში ჩაფლული – ამ ოჯახს შემოჩვევია რომ რამენაირად ფული დასტყუოს და აღწევს ამას კიდევაც – ხან გაევი ხან თვითონ რანევსკაი უწილადებს რაღაცას. თუმცა პატიოსანია და დროულად აბრუნებს ვალებს. 
რაც შეეხება პიესის ჟანრს. როგორც ა. ჩეხოვი წერდა, ეს იყო მისი უკანასკნელი კომედია, სადაც სწორედ ამ ჟანრის თამაშს მოითხოვდა ავტორი. „თოლიის“  ჩავარდნის მაგალითიც (როცა ვ. კომისარჟევსკაი ტრაგედიას თამაშობდა) საკმარისი აღმოჩნდა დრამატურგისთვის, რომ თვალი ედევნებინა მისი ჩანაფიქრის ზუსტად სცენაზე გადატანისთვის. და მართლაც იმდროისათვის ანტონ პავლოვიჩ ჩეხოვისთვის ეს ყოველივე კომიკურად ჟღერდა – „შეხედეთ თქვენ თავს რა საცოდავები ხართ, როგორ მოსაწყენები“ – წერდა თვის პერსონაჟებზე დრამატურგი.
ა. გრიბოედოვის მცირე სცენაზე დადგმული წარმოდგენა უფრო ტრაგედიაა, სადაც თვისთავად მოხდა ჟანრობრივ სტრუქტურის ცვლილება. წინა პლანზე გადმოინაცვლა სამშობლოს სიყვარულმა, საკუთარი სახლის მონატრებამ, შავ–ბნელმა მოგონებებმა რაც მოხუცებულობაში უფრო და უფრო იჩენს თავს, ფირსის დაღუპვამ, რანევსკაიას მარტო დარჩენამ და უღიმღამო პარიზულმა ცხოვრებამ ეს ყოველივე ტრაგედია აქცია, რასაც ჩვენს წინაშე თამაშობს გურანდა გაბუნია.
სპექტაკლის ბოლო სცენა : Посидим на дорожку - რანევსკაია წინა პლანზეა, ჩემოდანზე ჩამომჯდარი გამგზავრების წინ, ჩაფიქრებული და თვალცრემლიანი, ავეჯი შეფუთულია, ჩემოდნები ჩალაგებული, სადაცაა ეტლიც მოვა. ეპიხანოვმა  სულ ახლახანს ნასესხები ფული დაუბრუნა ლუბოვ ანდრეევნას და მოკრძალებით კალთზე დაუდო. რანევსკაიმ ჯერ ვერც კი შეამჩნია, შემდეგ ისე აიღო არც დაუხედავს მისთვის. ერთი ასთუმნიანი ხელში მოიგდო, დანარჩენი კი იატაკზე მოისროლა. ფიქრებით ისევ სადღაც შორსაა და იწყებს ამ ასათუმნიანის ხელში გრეხვას, ცდილობს  გააქროს, მთელი ძალით და მთელი გულით სურს გაანადგუროს, ბაღის საფასურია აღარაფერია, ეს მხოლოდ `ხელის ჭუჭყია~ – „ო, ჩემო საყვარელო, ჩემო ულამაზესო ბაღო... ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ახალგაზრდობავ, ჩემო ბედნიერებავ ... მშვიდობით, მშვიდობით!“  

bottom of page