
„აკრძა ლული თამაშები“ - ოთარ ქათამაძის უკანასკნელი სპექტაკლის ამბავი
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
.jpeg)
26.10.2025
ლელა არაბიძე
„აკრძალული თამაშები“ - ოთარ ქათამაძის უკანასკნელი სპექტაკლის ამბავი
„კანონზე რამდენიც გინდათ ვისაუბროთ, ოღონდ არა ამ ქვეყანაში“
ეს სპექტაკლი დიდი ხნით ადრე უნდა მენახა - მაშინ, როცა პრემიერა შედგა, ეს ივლისის ბოლოს იყო, თეატრალური სეზონი სრულდებოდა. მაშინ ვიფიქრე, რომ ახალ სეზონზე ვნახავდი და რეჟისორთან ერთად ბევრს ვისაუბრებდი. ეს ახალი სეზონი დადგა, ოღონდ რეჟისორის გარეშე. პიესაზე დიდხანს ფიქრობდა, ბევრს ფიქრობდა და ჩაჰკირკიტებდა. ისე მოხდა, რომ სწორედ ეს სპექტაკლი აღმოჩნდა ამქვეყნიურ ცხოვრებაში მისი ბოლო წარმოდგენა, მერე რეჟისორი წავიდა, მე მჯერა, რომ უკეთეს ქვეყანაში წავიდა, საიდანაც აღარ ბრუნდებიან ხოლმე...
ედნა მაზია ისრაელელი დრამატურგი და სცენარისტი იყო, მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესაა „აკრძალული თამაშები“ (ორიგინალში პიესის ზუსტი სახელწოდებაა „თამაში ეზოში“), რომელიც ქართულ სცენაზე რამდენჯერმე დაიდგა. პიესა რეალურ ამბავს ეფუძნება - 1988 წელი, ისრაელი, სკოლის მოსწავლეები ჯგუფურ გაუპატიურებაში არიან ეჭვმიტანილები, მსხვერპლი ამავე სკოლის მოსწავლეა, 14 წლის გოგონა, სასამართლო პროცესი დიდხანს გრძელდება, საზოგადოების რეაქცია არაერთგვაროვანია, ვინ არის დამნაშავე? განა შეიძლება ძალადობის გამართლება? როდის გადაიზრდება თამაში ძალადობაში? ვინ დახუჭა თვალი რეალობაზე? ვინ აირიდა პასუხისმგებლობა? როდის იწყება მისი - პატარა მსხვერპლის ტრაგედია? - როდესაც ის სათამაშო მოედანზე ჩადის და საქანელაზე ჯდება? თუ ბევრად უფრო ადრე?
ოთარ ქათამაძე, რომელიც მსახიობი, რეჟისორი და დრამატურგი იყო (რა უცნაურია - იყო!) ბოლო წლებში ბევრი ტექსტის ადაპტაციის ავტორად გვევლინება თეატრში. ამ შემთხვევაშიც, მან ედნა მაზიას პიესა თანამედროვე ქართულ რეალობას მოარგო - 14 წლის დვორნი მიხნასი აქ ნატა მეტრეველია - ერთი შეხედვით მარტოსული გოგონა, რომელსაც სათამაშო მოედანზე საქანელაზე განმარტოება და ფიქრი უყვარს. ნატა დედისერთაა, მამა ხუთი წლის ასაკში დაკარგა და დედას არაფერსაც არ ეკითხება!
ახმეტელის თეატრის დიდი სცენა სათამაშო მოედნად გადაქცეულა (სცენოგრაფია თავად რეჟისორს ეკუთვნის). მაყურებლის პარტერში შემოსვლისას მოქმედება უკვე დაწყებულია და გოგონა სათამაშო მოედანზე გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ის ლაღია და თავისებურად უკვე თამაშობს, გარემო ძალიან მძაფრია, სიმძაფრე კიდევ უფრო იმატებს, როდესაც ნატა საქანელაზე ჯდება და კლასიკურ პიჯაკში გამოწყობილი ოთხი ვექილი მის ირგვლივ იკრიბება. კალათბურთის ბურთი, მწვანე საფარიანი სათამაშო მოედანი, საქანელა, 14 წლის მეოცნებე ნატა - არაფერია აქ ბავშვური, განათება, მუსიკა, სასცენო სივრცე... თითქოს რაღაც უხილავი ძალა გაბატონდა, მძიმე, დამთრგუნველი, ამ ძალამ შეგვბოჭა მომდევნო ერთი საათის განმავლობაში, ამ ძალამ მოიცვა ყველა და ყველაფერი, ამ ძალამ დაგვაფიქრა - მართლაც, როგორ ჩუმდება საზოგადოება ძალადობაზე? როგორ ჩერდება მსხვერპლი ძალადობაზე? საერთოდ, როგორ შეიძლება ძალადობაზე გაჩუმდე?
ნატა მეტრეველის როლს ახმეტელის თეატრის ახალგაზრდა მსახიობები - ანანო გულედანი და ანა ჯავახიშვილი თამაშობენ. მე ანანო გულედანის ნატა მეტრეველი ვნახე, მისი პროფესიული ზრდა ნამდვილად თვალშისაცემია, თან განსაკუთრებით რთული და ემოციურია ის, რომ ეს ზრდა უშუალოდ ოთარ ქათამაძის სახელთან არის დაკავშირებული, რასაც თავად მსახიობი ხშირად აღნიშნავს. ანანო გულედანი სპექტაკლის დასაწყისში წარმოგვიდგენს დამოუკიდებელ, ლაღ და მეოცნებე გოგონას, რომელიც თითქმის თანატოლ ოთხ ბიჭთან თამაშის დაწყებისთანავე იცვლება, ცვლილებები ნელ-ნელა თვალშისაცემი ხდება. ანანო განასახიერებს თან თავისუფალ გოგონას, რომელიც მხოლოდ 14 წლისაა, თან სადღაც მეჯლისზეც ფიქრობს, რომელიც ბარბებს უნდა გაუმართოს სახლში, თან ეზოში ბიჭებთან თამაშიც მოსწონს. ვხედავთ გარდატეხის ასაკის სიმძაფრეს, თვითდამკვიდრების სირთულეებს, თანატოლებს შორის დაცინვასა და ჩაგვრას, რომელიც აურაცხელ დარდსა და სევდას ტოვებს მოზარდების გულში. „აკრძალული თამაშების“ დაწყებისთანავე, იქვე ეზოში 14 წლის გოგონაში ახალი შეგრძნება იბადება - ამ შეგრძნებას შიში ჰქვია.
ვინ ბადებს შიშს ამ ადამიანში? პირველივე სცენაში ვხედავთ მათ. ვხედავთ როგორც ვექილებს - ოთხი აკადემიურად ჩაცმული ახალგაზრდა - პირველ სცენაში გოგონას დაკითხვას აწარმოებს. აქ მოქმედება უკვე მოხდა, ეს იყო ორი წლის წინ, ორი წლის წინ 14 წლის ნატა ეზოში სათამაშოდ წავიდა, ამ დღემ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
-
რა მოხდა ორი წლის წინ, ნატა?
-
გამაუპატიურეს.
-
იქნებ არ გტკენია ნატა? იქნებ მოგეჩვენა, ნატა?
-
ერთი თავხედი პატარა გოგო ხარ, ნატა!
დაახლოებით ამ ტონალობაში მიდის პირველი სცენა და ნატა თავის უცვლელ ადგილას ზის - საქანელაზე. ეს საქანელა სიმბოლოა იმისა, რომ ნატა ჯერ კიდევ პატარა გოგონაა და მისი მთავარი გასართობი ეზოში სათამაშოდ ჩასვლა, საქანელაზე ჯდომა და ფიქრია, აი სწორედ ამ საქანელას ირგვლივ ვითარდება ის ეპიზოდები, რომელიც ნატასა და ოთხეულის ცხოვრებას სრულიად შეცვლის.
რეჟისორს სპექტაკლში შემოაქვს ვიდეო პროექცია, ალბათ როგორც ფორმა ფორმისთვის-როდესაც პროექციაზე ვიდეო გადის, ოთხი ვექილი სპექტაკლის განმავლობაში რამდენჯერმე ოთხ თინეიჯერად გადაიქცევა. მსხვერპლის ადვოკატის როლს ირგებს ასევე ანანო გულედანის გმირიც, პროექციაზე კი მაყურებელი ისევ მათ ხედავს - წარმოდგენის ხუთ პერსონაჟს, გრიმით, უხეში მიმიკით, ათასი სხვადასხვანაირი გრძნობით, მქუხარე ემოციით, დაჟინებული მზერით.
ოთხი ახალგაზრდა მსახიობი, ახმეტელის თეატრის ოთხი ახალი სახე - ისინი ერთნაირი წარმატებით ახერხებენ განასახიერონ როგორც დამნაშავე დაბნეული თინეიჯერი, ისე საკუთარ თავსა და უნარებში დარწმუნებული ვექილები. სხვათა შორის, ახმეტელის თეატრში ერთგვარ ტრადიციად იქცა დასის განახლება ახალგაზრდა მსახიობებით, რაც თავისთავად დადებითი პროცესია, მათ შემოქმედებით პრინციპებსა და აღზრდაზე კი ოთარ ქათამაძე ბოლო წლების განმავლობაში აქ განხორციელებული არაერთი სპექტაკლით დაუღალავად ზრუნავდა. დღეს სცენაზე ვხედავთ დაჩი ბაბუნაშვილს, ნიკა თეთრაძესა და დავით გურგენაძეს - რომლებიც, ერთი მხრივ, უსინდისოდ ცდილობენ 14 წლის ნატას ჯერ დაცინვას, მერე მოტყუებასა და შემდეგ გაუპატიურებას, მეორე მხრივ წარმოგვიდგენენ სიმართლისთვის „დაუღალავად“ მებრძოლ ოთხ ვექილს - იქნებ მოგეჩვენა, ნატა? იქნებ გინდოდა, ნატა? ეზოში რა გინდოდა, ნატა? ბიჭებს რატომ გაჰყევი, ნატა? საერთოდაც, ქალების ბრალი ხომ არ არის ყველაფერი, ნატა? არც ერთ, არც მეორე შემთხვევაში ახალგაზრდა მსახიობების თამაშის მანერაში არ არის სიყალბე, და პათეტიკა, რაც, რასაკვირველია, ზრდის დაძაბულობის განცდას, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, სპექტაკლის დაწყებისთანავე ჩნდება მაყურებელში.
სპექტაკლში ჩემთვის გამორჩეულ პერსონაჟი - ქართულ, ოთარ ქათამაძის ვერსიაში თემო კეკელიძეა. ამ როლის შემსრულებელი ჯორჯი დვალიშვილი ბოლო წლებში ახმეტელის თეატრის რეპერტუარში არაერთხელ ვიხილეთ. მის თემოს, ალბათ ერთადერთს ამ ეჭვმიტანილთა ოთხეულიდან, ნატა ეცოდება, ეცოდება პირველივე წამიდან, ექიშპება და თან ეცოდება, ის არც კი მალავს და ბიჭების მიერ ტბაზე სათევზაოდ დაპატიჟებულ ნატას პირდაპირ ეუბნება - ვერ ხვდები რას გიპირებენ? არ წამოხვიდე ჩვენთან ერთად! ის ერთგვარი გამაფრთხილებელი რგოლია ბიჭებსა და ნატას შორის, მოზარდი, რომელსაც ჯორჯი დვალიშვილი გვიჩვენებს, ფრთხილია და აგრესიული, შესაძლოა ამ აგრესიის მიზეზი გრძნობა იყოს, რომელსაც ის ქვეცნობიერად განიცდის ნატასადმი? შესაძლოა ეს გრძნობა სულაც არაა სიყვარული და ეს უბრალოდ თანაგანცდა იყოს, ასე აუცილებელი ადამიანებს შორის, თუმცა ეს თანაგანცდა არაფერს შველის, ამბავი უნდა მოხდეს, უნდა დაგვზაფროს და შეგვაძრწუნოს, სილა გაგვაწნას და დაგვაფიქროს - შეიძლება ძალადობაზე დადუმდე? შეიძლება მსხვერპლი დამნაშავე იყოს?
„ნატა, იქნებ არ გტკენია?“
„სახლში წადი, ნატა“
ნატა სახლში არ წავიდა, ნატას ეტკინა კიდეც, ის მხოლოდ 14 წლის იყო, ცოტა თავხედი, ცოტა მარტოსული, ცოტა დამოუკიდებელი და ცოტა თავისებური და მიუხედავად იმისა, რომ ბიჭებს, დიახ, თავისი სურვილით გაჰყვა ტბაზე, ტბაზე გაყოლა აუცილებლად სექსუალური ურთიერთობის სურვილს ხომ არ ნიშნავს? „რა უნდოდა 14 წლის გოგოს გარეთ?“ „რატომ გაჰყვა ბიჭებს თავისი ნებით?“ „რომ მიყვებოდა, რა ეგონა?“ დაწერენ მერე სოციალურ ქსელში მსგავს კომენტარებს ქალები. კი, კი, ქალები. როცა ამბავი მოხდება, როცა მსხვერპლი ყველაზე მეტად ითხოვს თანაგრძნობას და ყველაზე მეტად ვერ იღებს მას, ვერ იღებს ქალებისგან, ვერ იღებს საზოგადოებისგან. სანაცვლოდ იღებს მხოლოდ კითხვებს, რომლებიც მოცემულობას ვერ ცვლიან, რადგან შენ გეტკინა და ხმა ვერ ამოიღე, გეტკინა და ძალა არ გეყო, გეტკინა და მაინც შენ ხარ დამნაშავე!
ეზოში თამაშს სევდიანი და გულგრილი დასასრული აქვს. გულგრილი, რადგან „კანონზე რამდენიც გინდათ ვისაუბროთ, ოღონდ არა ამ ქვეყანაში“. როცა კანონი ყველასათვის ერთნაირად არ აღსრულდება, მსხვერპლი, რომელიც ისედაც მსხვერპლია, კიდევ უფრო დაუცველი ხდება, კიდევ უფრო მარტოსული და კიდევ უფრო უბედური. ასევე, მასთან რჩება უსამართლობის განცდა, რომელიც ხშირად ფიზიკურ ტკივილზე უფრო მძიმეა, ეს კარგად ჩანს სცენაში, როდესაც ნატას ოთხი ბიჭი მშვიდად, ნაზად და აუღელვებლად ხდის ჯერ ფეხსაცმელს, შემდეგ ჯინსის შარვალს, შემდეგ მაისურს და ეჩურჩულება: „ექსპერტიზის შედეგები მოწმობს, რომ შენ სექსუალური აქტი გინდოდა, ნატა“ „შენ აღგზნებული იყავი, ნატა“ „შენ არ გიკივლია, ნატა“ ისე მართლაც, რატომ არ იკივლე, ნატა?
-
მე ძალა არ მქონდა, კივილის ძალა არ მქონდა, არაფრის ძალა არ მქონდა...
და რა ძალა აქვს ხმას? ხანდახან სიჩუმე უფრო მძიმეა, ისეთივე მძიმე, როგორც დაძაბულობა დარბაზში, რომელიც ამ სცენის მიმდინარეობისას პიკს აღწევს, ისეთივე მძიმე, როგორც ფრაზა „კანონზე რამდენიც გინდათ ვისაუბროთ, ოღონდ არა ამ ქვეყანაში“, ისეთივე მძიმე, როგორც ბარბების მეჯლისი, რომელიც ნატამ უნდა მოაწყოს სახლში ბარბებთან, იმიტომ რომ ჯერ მხოლოდ 14 წლისაა, ისეთივე მძიმე, როგორც ნატას ოცნებები თავისუფლებაზე და მოტოციკლის ყიდვაზე...
სასამართლო პროცესი კი დიდხანს გრძელდება, ძალიან დიდხანს. „გამომდინარე ყველა იმ მტკიცებულებიდან, რაც ჩემ წინაშე იქნა წარმოდგენილი, ყველა იმ ჩვენებიდან, რაც ჩემმა ყურებმა მოისმინა, მივედი შემდეგ გადაწყვეტილებამდე...“
თუმცა გადაწყვეტილებას არავითარი აზრი არ აქვს, მთავარი გადაწყვეტილება იქვე მიიღეს, სათამაშო მოედანზე, ყველა გადაწყვეტილება იქვე დამთავრდა, საქანელა არ ჩერდება, ნატა უკვე 16 წლისაა და ისევ ხშირად ჩადის სათამაშო მოედანზე, ისევ მარტოსულია და ისევ ბევრს ფიქრობს, ოღონდ აღარ ვიცი, ისევ ბევრ თავისუფლებაზე და მოტოციკლებზე, თუ ტკივილზე, რომელიც მეტია, ვიდრე თავისუფლება.
მე ვიცი, რომ რეჟისორი ბევრს ფიქრობდა ტკივილზეც და თავისუფლებაზე. ჩემთვის მისი ბოლო სპექტაკლიც მისი მთავარი სათქმელია - ნაკლები ტკივილი, მეტი თავისუფლება, ალბათ ეს იყო მისი მიზანი, როდესაც ედნა მაზიას პიესა აირჩია, როდესაც ახალგაზრდებთან მუშაობდა, როდესაც მათ ასწავლიდა რა სასწაულების კეთება შეუძლია თეატრს მათი მეშვეობით. მჯერა, ახლაც ასეა, იმიტომ რომ აბა - იმ უკეთეს ქვეყანაში, სადაც ამ სპექტაკლის დადგმის შემდეგ მალევე წავიდა - ხომ თეატრიც იქნება.