აკაკი ვასაძე და სანდრო ახმეტელი
გუბაზ მეგრელიძე:
აკაკი ვასაძე და სანდრო ახმეტელი
ლეგენდარული რეჟისორის სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრი მსახიობ აკაკი ვასაძის ქუჩაზეა. ბედისწერამ ასე ინება - ამ ორი ხელოვანის სახელები სიცოცხლეშიც ერთმანეთს დაუკავშირა და სიკვდილის შემდეგაც. მათი ისტორია 1923 წელს დაიწყო, როცა დიდმა კოტე მარჯანიშვილმა ახმეტელი რუსთაველის თეატრში მიიწვია. აკაკი ვასაძე ამ თეატრის დასის წევრი იყო. ზუსტად 86 წლის წინათ, 1935 წლის 8 ივლისს ვასაძე ახმეტელს სწერს: „15 წელი რუსთაველის თეატრში შეურცხვენელად ვიმუშავე, 1930 წლიდან არასასურველ მოპყრობას ვგრძნობ, ისეთ პირობებში ჩამაყენეთ, იძულებული ვარ თეატრი დავტოვო.“ ორი თვის შემდეგ ახმეტელს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან უშვებენ, ხოლო ვასაძე - ამ თეატრის ხელმძღვანელი ხდება.
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ტელეკომპანია „საქართველოს ცენტრალური ტელევიზიის“ დირექტორი გუბაზ მეგრელიძე:
- ზემოხსენებული წერილი აკაკი ვასაძემ სანდრო ახმეტელს რუსთაველის თეატრის ბაქოს გასტროლების დასრულების მერე მისწერა, როდესაც ახმეტელმა წამყვანი მსახიობი აკაკი ხორავა თეატრიდან გაათავისუფლა. ვინაიდან ახმეტელი ხორავას დაბრუნებას თეატრში არ აპირებდა, ვასაძემაც, ხორავას სოლიდარობის ნიშნად, თეატრი დატოვა. მაგრამ აქ ხომ უბრალო ადამიანური წყენა არ იყო, ამ ყველაფრის უკან, ლავრენტი ბერიას მეთაურობით, სახელმწიფო სისტემა იდგა. 1935 წლის 25 ივლისს ბერიამ ამიერკავკასიის კპ (ბ) ცკ-ის თათბირი გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ მთავრობის წევრები და თეატრის დასი. ამ თათბირის ძირითადი ჩანაფიქრი ეს იყო: ვინაიდან ახმეტელმა ხორავა და ვასაძე ზემდგომ ორგანოებთან შეთანხმების გარეშე თეატრიდან გაუშვა, ახმეტელს დასი აღარ ენდობა და სეზონის ჩავარდნას არ დაუშვებსო.
- თათბირზე აკაკი ვასაძე ახმეტელის წინააღმდეგ გამოვიდა?
- ახმეტელი გააკრიტიკეს ხორავამაც, ვასაძემაც, სხვა მსახიობებმაც, მაგრამ როცა საკითხი ახმეტელის გათავისუფლებაზე მიდგა, ამას არც ხორავამ დაუჭირა მხარი და არც ვასაძემ. ამ ამბებზე ხორავას თავის დღიურში ჩანიშნულიც აქვს: ბერიამ მკითხა, ახმეტელის გარეშე თეატრი დაზარალდება? ვუპასუხე: რა თქმა უნდა, 90 პროცენტით დაზარალდება. ბერიამ არ დააყოვნა: დაბრძანდით, თქვენ პროცენტების არაფერი გაგეგებათო!
რაც შეეხება ვასაძეს, თათბირზე მან პირდაპირ განაცხადა: მართალია, ბოლო ორი წელი თეატრი ჭაობშია, მაგრამ ამაში მარტო ახმეტელი კი არა, ყველანი დამნაშავე ვართ - უფრო მეტად კი მე ვარ დამნაშავეო. ამ მოულოდნელი პასუხებით აღშფოთებულმა ბერიამ მსახიობებს მიმართა: ახმეტელს თქვენი დაცვა არ სჭირდება, თქვენ მარტო თქვენი როლები იცით და თუ თვლით, რომ თეატრი ახმეტელის გარეშე არაფერს წარმოადგენს, მაშინ არც საბჭოთა მთავრობის გესმით და არც საბჭოთა თეატრის, ახალი დასი შევქმნათო. ბერია გაცხარებული იყო, რუსთაველის თეატრში არ ჩანს საბჭოთა ხელისუფლება, ვერც პარტუჯრედს ვხედავ, ვერც - პროფკავშირსო.
- ახმეტელის საქმეზე ვასაძემ და ხორავამ როგორი ჩვენება მისცეს?
- 1935 წელს ახმეტელის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, ხორავასა და ვასაძის ჩვენებები მის საქმეში მთავარ სიტყვას ვერ იტყოდა. ხორავა წერდა, არასოდეს არაფერი დამიწერია ახმეტელის პოლიტიკურ ბრალდებაზეო. დაკითხვის დროს ახმეტელმა ხორავაცა და ვასაძეც თავის თანამოაზრეებად დაასახელა. ეს ასეც იყო, ვასაძესაც არ უარყვია ეს ფაქტი და ახმეტელის დახვრეტის მერე, როცა ვასაძე პარტიაში შედიოდა, მაშინაც დაადასტურა ახმეტელის თანამოაზრეობა.
- მაგრამ დახვრიტეს ახმეტელის მომხრე მსახიობები, ხორავა და ვასაძე გადარჩნენ...
- იმ დროს და იმ სიტუაციაში არც მათ ულხინდათ. წარმოიდგინეთ ადამიანების მდგომარეობა, როცა ხალხს ბერიას გამოსვლებისათვის არა მარტო უნდა ესმინათ და მისი ტექსტები გაზეთებში ეკითხათ, არამედ სიღრმისეულად უნდა შეესწავლათ კიდეც. გაზეთებშიც ასეც ეწერა - ბერიას გამოსვლების სიღრმიეული შესწავლაო. თუმცა, აქვე გაგაცნობთ უცნობ ფაქტებს აკაკი ვასაძის ცხოვრებიდან, რაც მას წარმოაჩენს როგორც ახმეტელის უახლოეს და გულშემატკივარ ადამიანს. გრიგოლ რობაქიძე ვასაძეს ქართული კულტურის რაინდსა და ქომაგს უწოდებდა. საბჭოთა სისტემას ვასაძე ათვალწუნებული ჰყავდა ჯერ კიდევ 30-იანი წლებიდან. 1930 წლის 30 სექტემბერს ბერია ლევან ღოღობერიძეს სწერდა, ვასაძე „დურუჯის“ (სანდრო ახმეტელის მიერ შექმნილი კორპორაცია) აქტიური წევრია, სისტემატურად აწარმოებს აგიტაციას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, ახმეტელის მარჯვენა ხელიაო. 1937 წლის 9 მაისს ახმეტელის მეუღლის თამარ წულუკიძის დაკითხვის ოქმში ვკითხულობთ: „ვასაძემ ყველას თავი მოაბეზრა თავისი 12 მილიონიანი საქართველოთი და თამარ მეფით“. ასეთი შეფასების გამო შეიძლება ვასაძე დაეხვრიტათ კიდეც. თავის წერილებში ვასაძე ახმეტელს მოურიდებლად სწერს: ერთსულოვნების გზაზე ვიდექით, ახლა კი ბზარი გაჩნდა და ტრაგიკული შედეგები გამოიწვიაო. ახმეტელი და ვასაძე რომ მეგობრები იყვნენ, ამაზე მეტყველებს ახმეტელის მიერ ვასაძისადმი გაგზავნილი წერილებიც, სადაც მასთან სპექტაკლების მიმდინარეობასა და მათ მხატვრულ ღირებულებას განიხილავს. ახმეტელი წერილს ასე ასრულებს: „ყველას კოცნა და გამძლეობა. შენი სანდრო ახმეტელი.“ ამათ კარგი დამოკიდებულება რომ არ ჰქონოდათ, ერთმანეთს ასეთი შინაარსის წერილებს არ მისწერდნენ. ამას გარდა, ვასაძეს ერთი პერიოდი - 1935 წლის კონფლიქტამდეც დატოვებული ჰქონდა რუსთაველის თეატრი - ეს ემთხვევა ახმეტელისა და თამარ წულუკიძის ქორწინებას. ზოგადად, რუსთაველის თეატრში ინტრიგების გააქტიურება და ვითარების დაძაბვა ამ დროიდან იწყება.
- მიუხედავად ამისა, ბერიას სიმპატია ვასაძისა და ხორავას მიმართ იხრებოდა, იმის გარდა, რომ ისინი არ დახვრიტეს, ბერიამ მათ ბინის საკითხიც მოუგვარა...
- აკაკი ვასაძე და აკაკი ხორავა მეზობლები იყვნენ, ცხოვრობდნენ ე. წ. მოდელების სახლში ყოფილ ვორონცოვის მოედანთან. აკაკი ვასაძის სახლში დღეს მისი შთამომავლები ცხოვრობენ, ხოლო ხორავას სახლი გაიყიდა. სანამ ბინას მიიღებდა, ხორავა მეუღლის - ნინა მესხიშვილის ოჯახში იყო ჩასიძებული, ხოლო ვასაძე ორ ოთახში ცხოვრობდა. ბინის საკითხზე ისინი ბერიასთან მართლაც მივიდნენ, ისინი იმსახურებდნენ, რომ მათი ნიჭის საკადრისი საცხოვრებელი ჰქონოდათ.
- დახვრეტამდე, თეატრიდან გათავისუფლების მერე, ახმეტელი და მისი მეუღლე თამარ წულუკიძე სად გადავიდნენ? ცნობილია, რომ ისინი რუსთაველის თეატრის ბოლო სართულზე ცხოვრობდნენ...
- როგორც კი მოხსნეს, ახმეტელი თეატრიდან სასტუმროში გადავიდა, ხოლო წულუკიძე, როგორც ვიცი, ნათესავებთან. წულუკიძის კარტოთეკში მითითებულია, რომ ის სასამართლოს ქუჩაზე #50 ცხოვრობდა. ეს არის სოლოლაკში, უზენაეს სასამართლოს შენობის სიახლოვეს. ახმეტელი თეატრიდან მოხსნეს 1935 წლის 13 სექტემბერს, მოსკოვში გაემგზავრა ერთ თვეში, 11 ოქტომბერს. რუსეთის დედაქალაქში მოწყობაში მას დაეხმარა ებრაელი მსახიობი სოლომონ მიხოელსი (მოკლეს 1948 წლის 12 იანვარს), საცხოვრებელი გამოუყო ნოვინის ბულვართან, დაეხმარა ებრაულ თეატრში მუშაობის დაწყებაში. ამას გარდა ახმეტელს „მწვანე თეატრიც“ ჩააბარეს, თან დიდ თეატრთან ხელშეკრულების დასადებად ემზადებოდა, „აბესალომ და ეთერი“ უნდა დაედგა.
ასე რომ, რუსთაველის თეატრმა ახმეტელის გარეშე გააგრძელა ცხოვრება, სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა აკაკი ვასაძე. ბოლო აფიშა, სადაც რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელად ჯერ კიდევ დასახელებული იყო სანდრო ახმეტელი, გაზეთ „კომუნისტში“ დაიბეჭდა 1935 წლის 14 სექტემბერს - „რუსთაველის თეატრი სანდრო ახმეტელის ხელმძღვანელობით 1935-36 წლ. სეზონი“. ორი დღის შემდეგ კი - 1935 წლის 16 სექტემბრის იმავე „კომუნისტში“ რუსთაველის თეატრის აფიშა შემდეგი ტექსტით იბეჭდება - „რუსთაველის თეატრი 1935-36 წლის სეზონი“. თეატრში ახალი ეპოქა დაიწყო.