top of page

აფხაზეთის თემა ყოველთვის აქტუალური და ემოციურია

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

594B7701-CDF0-46FC-BD17-FC08D9B6EF80.png

გუბაზ მეგრელიძე

აფხაზეთის თემა ყოველთვის აქტუალური და ემოციურია

 

მარჯანიშვილის თეატრში ამბროლაურის კულტურის ცენტრთან არსებულმა თეატრალურმა დასმა ნინია სადღობელაშვილის ცნობილი პიესა ,,ბამბაზიის სამოთხე“ წარმოადგინა. იგი თავის დროზე წარმატებით დაიდგა ქუთაისის სახელმწიფო და ხარაგაულის სახალხო თეატრების სცენაზე. პიესისადმი ინტერესი მისმა პრობლემურმა საკითხავმა - აფხაზებისა და ქართველების დაახლოვება-შერიგების აქტუალურმა თემამ განაპირობა.

სპექტაკლი განახორციელა რეჟისორმა მამუკა ცერცვაძემ. ამ დასთან ეს მისი პირველი ნამუშევარი არ არის და თითოეული მსახიობის შესაძლებლობებს კარგად იცნობს. ამიტომ როლებიც ზუსტად გაანაწილა და ანსამბლურობით წარმატების საწინდარი გახდა. მსახიობებთან მუშაობამ მაქსიმალურად გამოავლინა გმირთა რთული, ურთიერთსაწინააღმდეგო ფსიქოლოგიური სახეები, რამაც ისეთი ემოციური გარემო შექმნა, რომ მაყურებელიც გულგრილი არ დატოვა. რეჟიოსრისთვის მთავარი იყო ეჩვენებინა ადამიანთა ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, რომ ომთან მათ არავითარი კავშირი არა აქვთ და ამ განზრახ თავსმოხვეულ სისხლისღვრის მიუხედავად გულწრფელი ურთიერთობები ენატრებათ. ამიტომაც გმირთა მოქმედების პარალელურად, მათ ჩაესმით ომიდან გამოყოლილი კოშმარული მოგონებები, რომელთა დავიწყება შეუძლებელია და რამაც მათ ფსიქიკას გარკვეული დაღი დაასვა. სწორედ ეს განწყობა გაჰყვებათ გმირებსაც. 

სპექტაკლის მთავარი გმირი მასწავლებელი ელენეა, რომელსაც ერთადერთი შვილი აფხაზეთის ომში დაეღუპა და მისი ჩამოსვენების იმედით ცოცხლობს. მსახიობი ლილიანა მხეიძე ცდილობს ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს განცდა შეფარვით ატაროს, მაგრამ გარშემომყოფნი მის წუხილს ამჩნევენ და თანაგრძნობით ეკიდებიან. ელენესთვის ერთადერთ შვებად შვილის ბავშვობის დროინდელი ტანსაცმლის ხელში აღება და მოფერებაღა დარჩენია, ამიტომაც სათუთად და დედობრივი მზრუნველობით ალაგებს თითოეულ ნივთს. იგი გულმოდგინედ მალავს თავის განზრახვას და აფხაზ ბათუსთან შეხვედრას შვილის გადმოსვენების თაობაზე. საიდანაც იგი თითქოსდა არაადექვატურად ბრუნდება და მის ახლობლებთან საუბარში წარსულის ეპიზოდები ახსენდება. ლილიანა მხეიძე კარგად გადმოსცემს ელენეს ამ გაორებულ განცდას და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.  მას არ ეშინია ბათუსთან მარტო შეხვედრის და მზად არის შვილის გადმოსვენებისთვის მას აფხაზეთშიც გაჰყვეს მტრის დედასთან შესახვედრად.

თავიდანვე დრამატული და დაძაბულია აფხაზ დედასთან მისი შეხვედრა. მსახიობი თამარ ობოლაშვილის გმირი მას ჯერ მტრულად ხვდება და ბოდიშის მოხდას მოითხოვს, რომ საკუთარი პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილოს და დარდი შეიმსუბუქოს. თუმცა ელენეს ლმობიერება, კეთილგანწყობა და დედობრივი განცდა მას გულს მოულბობს - ორივენი ხომ შვილმკვდარი დედები არიან... ელენე ბოდიშს იხდის ამ ძმათამკვლელი ომისთვის, რამაც მათი შვილები შეიწირა და ორივე გააუბედურა. შვილის საფლავსაც ინტუიციურად ამოიცნობს და ეალერსება, როგორც დიდი ხნის უნახავს. საფლავზე ნამღერი ,,იავნანაც“ ამ ფსიქოლოგიური სტრესის გამომხატველია. თუმცა, მოვლილი საფლავის ნახვისას, მის შეგნებაში გარდატეხა ხდება, და შვილის წაყვანას გადაიფიქრებს.  ეს ხომ მისი რატის მიწაა და სადაც თვითონაც დაბრუნებას აპირებს, ოღონდაც იმიერ სამყაროში... ორივე დედას დაძაბული განცდა გულწრფელად და ემოციურად მოდის მაყურებლამდე...

საინტერესოა მკვდრებით მოვაჭრე აფხაზი ბათუს სახე მსახიობ ზაალ მეტრეველის შესრულებით. თავიდანვე იგი ემოციებს მოკლებული ყოფილი მებრძოლია, რომელსაც მკვდრებით ვაჭრობა, სინდისის ქენჯნის გარეშე, პროფესიად გაუხდია და ელენესადმი ირონიული დამოკიდებულებაც აქვს და კმაყოფილებითაც აცხადებს: ,,ძალიან კარგად იყიდება თქვენბი მკვდრები“. თუმცა მისი შვილის, რატის საბუთებისა და სურათების ნახვისას მასში რაღაც გაუთვითცნობიერებელი გრძნობა იღვიძებს და წარსულიც თანადათან აგონდება. მსახიობი კარგად ახერხებს ბათუში იმ ადამიანური გრძნობების გაღვიძებას, რითაც იგი ომამდე ცხოვრობდა და ამიტომაც ელენესგან თანხის აღებაზე უარს ამბობს. ბათუში ამ ცივსისხლიან მოვაჭრეში ჰუმანურობა იღვიძებს, მორალურ ღირებულებებს პატივს სცემს და კაცურ თავმოყვარეობას არ ღალატობს.

დავით დაუშვილის მათხოვარი იმის დაღდასმული ადამიანია. იგი მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობს და ზღვის კენჭების სურნელს გრძნობს. ენატრება თავისი დაკარგული სახლ-კარი და მეგობრები. სხვებს მათხოვარი და გიჟი ჰგონიათ, მაგრამ მას პროტესტის გრძნობა ამოძრავებს და ომის საშინელების გამოვლა აღარ უნდა. ამიტომაცაა დადებითად განწყობილი შეყვარებული წყვილისადმი, რომლებსაც ჯერ ატყუებს თითქოსდა ზღვის ნიჟარებს ყიდის, მაგრამ ბოლოს თავის სიცრუეში მათ გამოუტყდება და აღარ სურს ასეთ სიცრუეში ცხოვრება. იგი ტრაგიკული პიროვნებაა, რომელსაც ომმა ცხოვრება აურია, პიროვნულად გაანადგურა და გარემოსადმი გაუცხოებული აღმოჩნდა, მაგრამ სიკეთისკენ სწრაფვა მაინც შეინარჩუნა.

ელენეს გარშემო ის ადამიანები ტრიალებენ, რომლებიც თავიანთი კეთილგანწყობითა და ყურადღებით მის დიდ ტკივილს უმსუბუქებენ. ასეთებია: მისი ყოფილი მოსწავლე ლაურა (ნანა ლებანიძე) და მისი შეყვარებული გიო (გიორგი ბერიკაშვილი), ელენეს შვილის, რატის მეგობარი ლექსო (ივა ცაგურიშვილი), რომლებიც ცდილობენ ელენეს განცდები შეუმსუბუქონ, დაეხმარონ ყოფით გარემოში თუ მორალურად დაიდგნენ გვერდით. მათი გულწრფელი დამოკიდებულება ელენესთვის მნიშვნელოვანია და დაღუპული შვილის ნოსტალგიას უვსებს. ივა ცაგურიშვილის ლექსო განიცდის მეგობრის დაკარგვას, რომელთანაც ერთად ბოლომდე იბრძოდა და ამიტომაც  მალავს ამ გარემოებას, თუმცა ბათუსთან უკომპრომისო პოზიციას იკავებს და მასთან საჩხუბრადაც იწევს. მაგრამ როცა იგებს, რომ ისინი სოხუმში, ერთ სკოლაში სწავლობდნენ მოლბება და განვლილი ტრაგედიის შესახებ ფიქრს იწყებს. სწორედ ეს არის სპექტაკლის სათქმელიც მაყურებლისთვის - ერთ დროს მეგობრების მოსისხლე მტრებად გადაქცევას სასიკეთო არაფერი მოაქვს და ტრაგიკულ კვალს ტოვებს.

სპექტაკლი საკმაოდ ემოციურ ფონზე წარიმართა და მაყურებლის თვალზეც ცრემლები შევნიშნე. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან უახლესი ტრაგიკული წარსულის ჩვენება მტკივნეული და დაუვიწყარია. რეჟისორმა მამუკა ცერცვაძემ შეძლო მოყვარულ მსახიობთა გაერთიანება და თითოეულუ პერსონაჟისთვის ინდივიდუალური თვისებების გამოკვეთა, რამაც დადგმა საინტერესო გახადა. მთავარია, რომ სპექტაკლმა ადამიანები დიდი სიყვარულით გააერთიანა და საზეიმო განწყობა შეუქმნა.

დასს კარგი შესაძლებლობები აქვს, რომ მუნიციპალურ თეატრად ჩამოყალიბდეს და იმედია ამის ხელსაყრელი პირობები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეიქმნება.

 

bottom of page