
ადამიან ის ტრაგედია - ტრაგედიის დაბადება
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ტატო ჩანგელია
ადამიანის ტრაგედია - ტრაგედიის დაბადება
მარჯანიშვილის თეატრის სცენამ უმასპინძლა თეატრალური კომპანია „ჰოჲ“-ს ქორეოგრაფიულ წარმოდგენას - ადამიანის ტრაგედია, რომელიც იმრე მადაჩის ამავე სახელწოდების დრამატურგიულ ტექსტს ეყრდნობა. უნგრელი პოეტის, ფილოსოფოსისა და დრამატურგის ნაწარმოები ეგზისტენციალური შინაარსის მქონე ანთროპოლოგიურ-ფილოსოფიური ტრაქტატია, რომელიც მითოსურ-ალეგორიული სახეებით ადამიანის გენეზისსა და კაცობრიობის პროგრესულ მარშრუტს ხაზავს.
ქორეოგრაფიული დადგმის ხელმძღვანელებმა, თათა თავდიშვილმა და ტატო გელიაშვილმა ტექსტის თანამედროვე სცენური ინტერპრეტაცია წარმოგვიდგინეს. „ადამიანის ტრაგედია“ 15 სცენად არის გაწყობილი, სადაც ყოველი სცენა წარმოადგენს განსხვავებულ ეპოქას, კულტურულ კონტექსტს, ან იდეოლოგიას. პიესა უმჯობესია განვსაზღვროთ, როგორც ფილოსოფიური დრამა, სადაც მთავარი პერსონაჟები არიან არა „პიროვნებები“, არამედ არქეტიპები - ადამი, ევა და ლუციფერი, რომლებიც მოგზაურობენ დროში, თითქოს ადამიანის შესაძლებლობების ლიმიტების შესამოწმებლად. მიუხედავად იმისა, რომ საქმე გვაქვს დროში გადაადგილებასთან, სცენები არ ქმნიან ისტორიულ რკალს, ან მორალურ მარშრუტებს, პირიქით, ისინი ქმნიან დრამატულ ფრაგმენტებს, რომლებიც ერთმანეთზეა დაკავშირებული - დიალექტიკურად და პარადოქსულად.
წარმოდგენას 15 სურათისგან შემდგარი ქორეოგრაფიული რომანის სახე აქვს მიცემული - თხრობითი სტრუქტურა, რომელიც ვიზუალურ პლასტიკაში გადმოდის და ერთდროულად სასცენო ხატებით „კითხვის“ შესაძლებლობას იძლევა.
პიესის ინტერპრეტაციის ეთიკურ განზომილებაში იკვეთება დაბადებისა და სიკვდილის მონაცვლეობის საკითხი. შესაბამისად, სპექტაკლი არა მხოლოდ მადაჩის ტექსტზეა აგებული, არამედ ეფუძნება მითოლოგიურ წარმოდგენას თეატრის წარმოშობის შესახებ - თეატრი, როგორც გარდაუვალი ციკლური ცვლილებების ადგილი, სადაც სიცოცხლეს სიკვდილი ენაცვლება და პირიქით. ქორეოგრაფები წარმოდგენის სტრუქტურას, დიონისოს ორფიკული მითის დახმარებით ახდენენ, რომლის მიხედვითაც ტიტანებმა დიონისო დაგლიჯეს და მისი სხეული მიმოფანტეს, შემდეგ ზევსმა, ისინი შეაგროვა და გააერთიანა - იშვა დიონისო. სწორედ ეს მითი დაედო საფუძვლად წინარეთეატრალურ წარმოდგენებსა და თავად თეატრს. თავდიშვილისა და გელიაშვილის შემთხვევაში ეს ღმერთი, თავად ადამიანია, რომელიც სპექტაკლის პროლოგში დაფლეთილი და მიმოფანტულია - სწორედ ამაზე დაშენდება პერფორმანსი - ტრაგედიის დაბადებასთან ერთად, იბადება „ადამიანის ტრაგედია“, როგორც წარმოდგენა. ეპილოგში კი დიონისოს მსგავსად ნაფლეთები გაერთიანდება, მთელ არსებად იქცევა და სცენაზე შთამბეჭდავი ინსტალაციის სახით წარმოდგება. მოყუჟული, სხივებით სავსე.
დიონისოს მითთან მიბრუნებას ადასტურებს სიცილის ჟესტის გამოჩენა. სიცილი, როგორც დაბადების ნიშანი, იშლება სივრცეში მაშინ, როცა ყველაფერი ინგრევა, და თავის თავს წარმოაჩენს, როგორც ჟესტი, რომელიც მომავლის, კვლავ მოსვლის შესაძლებლობას მიანიშნებს. პროლოგში გახმოვანებული სიცილი სწორედ ამ პირველსაწყის სიმბოლიკას ატარებს: ის არაა უბრალოდ ემოციური გამოხმაურება, არამედ გარკვეული სახის ფენომენოლოგიური იმპულსი, რომელიც ყოფიერებას არღვევს და ხელახლა აშენებს.
სიცილის არქეტიპი გვიჩვენებს, რომ წმინდა სიცილი სცილდება ხუმრობის, კომიკური რეაქციის ან სოციალური რიტუალის ფარგლებს. ის არ არის პასუხი იუმორზე, ის თავად სიცოცხლის აღმოცენებაა - ჟესტი, რომლითაც სიცოცხლე ამოხეთქავს, როგორც გაურკვეველი და დაუცხრომელი ძალა. ამგვარად სიცილი პირველყოფილი ქაოსის სიხარულს მიანიშნებს. მდგომარეობას, რომელშიც ჯერ არაფერი არის განსაზღვრული, არაფერია გაშეშებული და მკვდარი. სიცილი იქცევა უპირობო სიცოცხლის გამოვლენად, იმ პირველყოფილ ჟესტად, რომელიც ქმნის შესაძლებლობას ხელახალი დაბადებისთვის, სამყაროში, სადაც ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი.
სიცილის ეს პირველადი სახე, არის გარკვეული სახის „ცარიელი დრო“. პერფორმატიული შემთხვევითობის დრო, ყოველდღიური ყოფიერების მიღმა არსებული, რომელიც თავის მხრივ „ადამიანის ტრაგედიაში“ გვხვდება. მსუბუქად პერფორმანსის ანთროპოლოგია მოვახდინოთ. „ცარიელი დრო“ ეს არის დრო, რომელიც გარდამავალია, რომელიც აღარ ემორჩილება ქრონოლოგიას. აქ მოქმედება აღარ არის უბრალოდ აღსრულება, არამედ ხდება ახალი რეალობის წარმოშობა. ესე იგი, დრო აღარ არის ნეიტრალური დეკორაცია, ან ფონი, დრო ხდება მოქმედი ერთეული, ტრაგიკული პერფორმერი, რომელიც სცენიდან სცენამდე ცვლის თავის ფორმის ეთიკურ და ესთეტიკურ ფუნქციას.
დელიოზი ცარიელ დროს უწოდებს მესამე გამეორებას, რაშიც ხორციელდება მოქმედება და რომელიც არც წარსულს ეკუთვნის და არც აწმყოს. მესამე გამეორების გასაგებად, მნიშვნელოვანია ვთქვათ: პირველი გამეორება არის მექანიკური - ქრონოლოგიური დროისთვის დამახასიათებელი და ეხება აწმყოს. მეორე გამეორება არის მეხსიერების სინთეზი, „ეროსისა და მნემოსინეს სინთეზი“, და უკავშირდება წარსულს. მესამე გამეორებას დელიოზი უწოდებს სიკვდილის გამეორებას. ეს გამეორება გადის სიამოვნების პრინციპს მიღმა და ვითარდება, რეალიზდება ზემოთ ხსენებულ ცარიელ დროსა თუ დამატებით დროში.1
პირველი ორი გამეორება „ადამიანის ტრაგედიაში“ გამოკვეთილად იშლება. ადამის ისტორიული მოგზაურობა გადის მექანიკურ გამეორებაზე: სცენები პროგრესის ილუზიით ლაგდება ერთმანეთის მიყოლებით, თითქოს კაცობრიობა წინ მიიწევს. მაგრამ მეხსიერების პალიმფსესტივით, ყოველი ეპიზოდი ისწრაფვის წინა სცენის უარყოფისკენ, საკუთარი შეცდომის გადასაფარავად - აქ უკვე მნემოსინესგან მომდინარე ტრავმული გამეორებაა სახეზე. ადამი, როგორც ფაუსტის სულიერი ნათესავი, იმეორებს იმედგაცრუებას, მაგრამ იმეორებს სხვაგვარად. სწორედ მესამე გამეორებაში - ცარიელ დროში, ხდება მოქმედების მოვლენად გარდაქმნის მომენტი, რომელიც არ იმეორებს წინას, არამედ ხდება მისი გარდაუვალი შედეგი და იმავდროულად ხსნის ახალ ეთიკურ სივრცეს.
მადაჩის ადამი, უნგრული ლიტერატურის ტრადიციის შესაბამისად, ყოველ სცენაში უშვებს შეცდომას, მაგრამ ეს შეცდომა არ არის მხოლოდ წარუმატებლობა - ის გადადის ტრანსცენდენტურ გამოცდილებაში. ყოველ ჯერზე, როცა იდეა იშლება, ახალი სივრცე იშლება. ამრიგად მესამე გამეორება არ ნიშნავს დროის უბრალოდ ფორმალურ გაფართოებას, არამედ გულისხმობს ზედმეტ რეალობაში გადანაცვლებას - რეალობაში, სადაც მოქმედება აღარ არის არც სიუჟეტის ნაწილი, არც პერსონაჟის მიზანი, არამედ თვითონ არის რეალობის განმსაზღვრელი აქტი.
„ადამიანის ტრაგედიის“ ეპილოგი, როდესაც ქორეოგრაფიული ფორმით ნაფლეთები იკვრება - სწორედ აქ დგება მესამე გამეორება, ცარიელი დრო. ეს არაა დრო, სადაც მოქმედება აგრძელებს უკვე დაწყებულს, ეს არის დრო, რომელიც აყალიბებს პირველად ფორმას. ნაფლეთები პროლოგში, დროის ერთგვარი დაქუცმაცება - წარმოადგენს პირველ გამეორებას, პერფორმატიული პროცესი, ერთგვარი ტრაგიკული მოძრაობა (რა დროსაც სკულპტურის თავი პერმანენტულად გაიელვებს ხოლმე სცენაზე) - წარმოადგენს მეორე განმეორებას, ხოლო ეპილოგში ადამიანის მთლიანობა, ერთგვარი მოვლენის გაჩენა - წარმოადგენს მესამე განმეორებას. ეს არ არის დაბრუნება პირველყოფილ მთლიანობაზე - ეს არის მოვლენის შედეგი: სხეული, რომელიც იყო დაშლილი და ახლა კი დაიბადა პერფორმატიულად.
„ადამიანის ტრაგედია“ აღსანიშნია მისი ფორმალური სისუფთავითა და ესთეტიკური გემოვნებით - ქორეოგრაფიული გამოსახულებები აბალანსებს ტექსტის მკაცრ და ფილოსოფიურ სიმძიმეს. სცენოგრაფია, ხმოვანი სივრცე და სხეულის მოძრაობა ქმნის ერთგვარ მატრიცას, რომელიც სხეულით არა მხოლოდ ტექსტის ინტელექტუალურ ღირებულებას გამოკვეთს, არამედ მასში ჩადებულ ტრაგიკულ-პოეტურ ინტონაციებსაც ავლენს. თავდიშვილისა და გელიაშვილი დადგმა გვევლინება, როგორც ქორეოგრაფიული ფიქრის მქონე პროდუქტი.
1. Keti Chukhrov. From Moments. A History of Performance in 10 acts. Ed. by S. Gareis, G. Shoellhammer, P. Weibel. Walther König, Köln, 2013. Pp. 33-41.