top of page

ადამიანი მარტოა თავის მარტოობებთან ერთად

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

D56BB2BD-DE6B-4817-9E8B-63F611F3A47F.png

11.11.2025

თამთა ქაჯაია

ადამიანი მარტოა თავის მარტოობებთან ერთად

 

თავისუფალი თეატრის რეპერტუარს ახალი სპექტაკლი „სახლი აგვისტოს მზეზე“ შეემატა, რომლის რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძე გახლავთ. ტექსტი ეფუძნება ამერიკელი დრამატურგის ტრეისი ლეტსის ცნობილს პიესას „აგვისტო: ოსეიჯის ოლქი“, რომელმაც 2013 წელს კონეკრანზეც გადაინაცვლა და მთავარ როლებს მერილ სტრიპი, ჯულია რობერტსი, ევან მაკგრეგორი და სხვა თანამედოვე თანავარკვლავედი ასრულებს.

სანამ სპექტაკლის განხილვას დავიწყებ მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ყველა სპექტაკლი გარკვეულწილად  რორშახის ტესტს გავს, რომლის იდეა შემდეგში მდგომარეობს, მელნით შექმნილი გამოსახულებების ბარათების დასტა, რაიმე ფიგურისა და სარკისებური ანარეკლის მთლიანობას შეადგენს. ადამიანები ლაქებში განსხვავებულ სახეებს აღიქვამენ, რაც მიანიშნებს მათ ინდივიდუალურ თვისებებსა და ინტელექტის თავისებურებებზე. როდესაც ინდივიდი, ბუნდოვან, გაურკვეველ გამოსახულებას უყურებს, გონება მთელი ძალით ცდილობს, მას რაიმე მნიშვნელობა მიაწეროს.  ამ დროს  ტვინი კონცენტრირდება შეკითხვაზე - „რას ხედავ ნახატზე“, პასუხის გაცემის დროს რეალურად ადამიანი საკუთარი თავის შესახებ ამბობს რაღაცას; 

სპექტაკლის მხატვარი ანანო დოლიძეა, მან შექმნა სივრცე, რომელიც რამდენიმე ოთახად არის დაყოფილი და საოჯახო გარემოს ატმოსფეროს იდენტურია. ასეთი სივრცითი გადაწყვეტა შთაბეჭდილებას ქმნის ბუნებრივი, ყოველდღიური საცხოვრებლი სახლის პროტოტიპს, სადაც თითოეულ ოთახს მიკროსამყაროს ფუნქცია აქვს, ამ მოსაზრებას კი კედელზე განთავსებული ნახატები ამყარებს.  მარცხენა მხარეს ვხედავთ კიბორჩხალის სურათს, მარჯვნივ კი მჯდომარე კაცს, რომელიც უმისამართოდ, სივრცეს შესცქერის. 

კიბორჩხალას მიუხედვად იმისა, რომ  მყარი გარე ნაჭუჭი აქვს, მას მხარდამჭერი შიდა ჩონჩხი, ხერხემალი არ გააჩნია, და სწორედ ამიტომ უხერხემლო კიბოების რიგს მიეკუთვნება. 

 

იგი  მოძრაობს გვერდულად და ემოციურად ჩაკეტილია. თითქოს მუდმივად ცდილობს, არაპირდაპირ გადაადგილებას — კონფლიქტისა და პირდაპირი დაპირისპირების თავიდან არიდებას. ამგვარად, კიბორჩხალის სურათი იქცევა ვიზუალურ ალუზიად იმ შინაგანი დაძაბულობისა, რომელიც უესტონების ოჯახური ურთიერთობების ნაპირზე იფარება. ზუსტად ისე, როგორც მათი ოჯახის ხერხემალი - მშობლები - მამა სუიციდით ასრულებს სიცოცხლეს, დედა კი ტირანი ქალია - უხერხემლო ოჯახი. 

 

სპექტაკლის ანოტაციაში წერია:  „როცა იბადები მამაშენი და დედაშენი რაღაც თავისას კარგავენ და მერე ტყავიდან ძვრებიან რათა დაიბრუნონ ის „რაღაც“, რომელიც შენ ხარ. იციან, რომ მთლიანად ვერ დაიბრუნებენ, მაგრამ ცდილობენ იმდენი წაგგლიჯონ, რამდენიც შეუძლიათ“.

წარმოდგენაში ვხედავთ, რომ დაბადება მხოლოდ სიცოცხლის დასაწყისი არ არის - არამედ იგი ოჯახური კავშირის, დანაკარგის ჯაჭვების პირველი რგოლია; მოქმედება პარალელურად მიმდინარეობს, როგორც ნამდვილ, რეალურ სამყაროში. რეჟისორი მხატვართან ერთად ქმნის სივრცეს სადაც  შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე მოქმედება მიმდინარეობდეს და მაყურებელი თითოეულ მათგანას თვალს ადევნებდეს. მალევე ვიგებთ, რომ უესტონების ოჯახიდან შვილები გარბიან, მამა კი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს. დაშლილი ოჯახის გაერთიანებისა და შეკრების მიზეზი - გაუჩინარებული მამის პოვნაშია. მისი სიკვდილით იქმნება მოვლენათა მიმდევრობა, რომელსაც მშობლების სასტიკი მემკვიდრეობის გადაცემა ჰქვია. ეს არის ოჯახი სადაც სიტყვიერი და ფსიქოლოგიური ძალადობა მათი ურთერთკავშირის ერთადერთი ხერხია. როგორც ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა - ოჯახის ინსტიტუტი ბავშვობის ფსიქოსექსუალური განვითარების საფუძველია. მშობლები ხშირად შვილს განიხილავენ, როგორც საკუთარი სურვილების პროექციას; გამოდის, რომ ის „რაც შენ ხარ“ - მშობლის დაუკმაყოფილებელი სურვილებისა და იმედგაცრუების ნაზავია; 

დედა - ნინელი ჭანკვეტაძე (ჯუნა), შვილები მარიამი (ანი ალადაშვილი), ნინი (ანა გვანცელაძე), ნატა (ნუცა სულბერიძე), მარიამი ქმარი სანდრო (ნუაზ ხუციანიძე) შვილი ლიზა (თინი კვერნაძე), ჯუნას მეგობარი ლიანა (ეკა მჟავანაძე), მისი ქმარი ნუკრი (ვალერი კორშია) და მათი შვილი პატარა ნუკრი (ირაკლი კერესელიძე), ნატას საქმრო რატი (ჯანო იზორია) და პოლიციის ოფიცერი (შოთა მერკვილაძე).

ორ მოქმედებიანი სპექტაკლი გვიყვება ქართულ ამბავს, რომელსაც ჩვენი ყოველდღიურობა ჰქვია, თითოეულ პერსონაჟში აუცილებლად  ამოიცნობთ თქვენთვის ნაცნობ ადამიანს. ჯუნას რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავს მხოლოდ ნინი, (უმცროსი ქალიშვილი) უვლის ავადმყოფ დედას, მარიამი გათხოვილია და სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ნატა კი წასულია სახლიდან. ჯუნას ხასიათი დასაწყისშივე ცხადად იკვეთება, მორჩილი, მზრუნველი შვილი მიმართ აგრესია აქვს, მას მხოლოდ უფროსი ქალიშვილი აინტერესებს, რომელთანაც საკუთარ თავს აიგივებს და თვლის, რომ მისი ასლია. ერთი შეხედვით, თითქოს მარიამი ჯუნასგან განსხვავდება, თუმცა დასასრულს ვხედავთ, რომ მემკვიდრეობა რომელიც დედისგან შვილს გადაეცემა გარდაუვალია, რადგან არცერთი მშობელი (მარიამიც მშობელია) შვილებს  არ ასწავლის საკუთარი თავის მოსემნასა და შემეცნებას. მალევე ირკვევა, რომ მარიამს ოჯახში პრობლემები აქვს და ქმარი ღალატობს. მისი თინეიჯერი შვილი კი პროტესტისა და აგრესიის გამოხატულებაა. მათი ოჯახური პრობლემები და დაძაბულობა ნელ-ნელა ყველასათვის თვალშისაცემი ხდება. 

ნინელი ჭანკვეტაძის გმირი ცენტრალური ფიგურაა - დედა, რომელიც ოჯახის დამაკავშირებელი უნდა იყოს, დამანგრეველ, გამანადგურებელ ძალად გვევლინება. იგი ოჯახზე ფსიქოლოგიურად ძალადობს, რაც მათი დაშლის ცენტრალურ ფაქტორად იქცევა. მისი წამლებზე დამოკიდებულება  - გაუცხოება - საშუალებას აძლევს რომ არ იფიქროს და არ იგრძნოს. დიაგნოზის მიუხედავად (ენის კიბო)  ის მაინც აგრძელებს ორსახოვან ცხოვრების წესს - არც მკურნალობა სურს და არც ცხოვრების შეცვლა. პირი - ჯუნასთვის არა მხოლოდ ფიზიკური ორგანოა, არამედ მთავარი იარაღია. იგი ქალია, რომლის წარსული  სავსეა დეპრესიითა და დამოკიდებულბებებით, მისი დაავადება სხეულის გამოძახილია ფსიქოლოგიური ტკივილისა, რომელსაც ის წლებია ატარებს. თითქოს ოჯახური ტრავმა და სიტყვიერი ძალადობა  მასში შხამად იქცევა, რომელიც მის სხეულსა და მენტალობაში ბინადრობს. ჯუნას დაავადება ამ პირობითობაში მორალურ ალეგორიადაც გვევლინება, ადამიანი, რომელიც სიტყვას იარაღად იყენებს, ბოლოს თვითონვე სნეულდება სწორედ იმ ორგანოთი, რომელიც მის ძალაუფლებრივ ქცევაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ნინელის გმირი ხშირად ამოფარებულია ავადმყოფობის იმიჯს - როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად - იმისთვის, რომ გაამართლოს ან გადაფაროს თავისი  ქცევები. ნინელი ჭანკვეტაძე ზედმიწევნით, ყველანაირი გადაჭარბებისა და პათეთიკის გარეშე ხატავს ჯუნას პერსონაჟს. როდესაც ის დედის ამბებს იხსენებს, როგორ სიმკაცრესა და ცინიზმში იზრდებოდა, მსახიობი ჩვენში ემპათიას იწვევს და ვხედავთ, რომ ყოველი ახლანდელი ჯალათი ყოფილი მსხვერპლია, რომელიც მონსტრად იქცა. 

ეკა მჟავანაძის პერსონაჟის პროტოტიპი — ლიანა — ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი სახეა ქართული რეალობიდან. ეს არის ქალი, რომელიც ზედმეტი ცნობისმოყვარეობითა და მუდმივი კრიტიკით ერევა სხვების ცხოვრებაში. მისი, ერთი შეხედვით, მზრუნველი ბუნება სინამდვილეში იქცევა კონტროლისა და დომინაციის იარაღად — იგი ჩაგრავს და უგულებელყოფს მამაკაცის არსებობის ბუნებრივ არსს, ხოლო ზედმეტი მზრუნველობით ამცირებს ქმრისა და შვილის სივრცეს. ყოველივე ამას ეკა მჟავანაძე   არტისტულობითა და იუმორით შესანიშნავად გადმოსცემს და მაყურებლის საყვარელი პერსონაჟიც ხდება. ჩემთვის არა ესთეტიურია სცენა, სადაც ლიანა საპირფარეშოში ისე მოისაქმებს, როგორც საკუთარ სახლში. გასაგებია, რისი გადმოცემა სურდა რეჟისორს, ისიც აშკარაა, რომ ნიკა ჩიკვაიძის შემოქმედებას ხშირად თან სდევს ნატურალიზმი. 

მარიამი, ნინი და ნატა სამივე შვილი განსხვავებულ ხასიათისა და ინტერესების მქონე პერსონაჟები არიან.  მათ მხოლოდ ერთმანეთთან მხოლოდ სახლიდან გაქცევის სურვილი აერთიანებთ. თითოეული მსახიობი, ანი ალადაშვილი, ნუცა სულაბერიძე და ანა გვანცელაძე ქმნიან განსხვავებულ სახეებს, საკუთარი ხასიათითა და სურვილებით.

კულმინაციური მომენტი დგება, როდესაც თითოეული მოქმედი გმირი გასვენების სუფრის გარშემო ერთიანდება - “ ოჯახის ერთად თავშეყრის ტრადიცია , რვაფეხებით საცსე აუზში ჩახტომას ემსგავსება”.

და ბოლოს, მათი ოჯახი - დროის მარწუხებში გამომწყვდეული განცალკევებული ინდივიდების წრეა, რომელიც ისევ და ისევ იმეორებს საკუთარ ბორგვას;  უესტონების ოჯახური თავშეყრა - მეხსიერების უძირო უფსკრულში ჩავარდნაა - სადაც თითოეული სიტყვა, სიცილი და შერიგება ექოდ ფექთდება. ჩემთვის ეს სპექტაკლი გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წელიწადია“  - დაუსრულებლად, წრეზე სიარულის - ოჯახის არქეტიპული სიმბოლოა. ადამიანი განწირულია განმეორებადობისა და მარტოობისთვის, თუკი ვერ შეძლებს საკუთარი წარსულის გაცნობას, შეცნობასა და წრის გარღვევას. ისტორია, რომელიც არ სწავლობს საკუთარ თავს იმეორებს - ოჯახი, რომელიც არ ამსხვრევს მემკვიდრეობით წყევლას, მარტოობაში იძირება. ოჯახი, რომელიც ვერ გაუძლებს საკუთარ წარმოშობის სიბინძურეს - განწირულია გაქრობისთვის. ისინი დროში გახვეულ ლაბირნითში არიან საიდანაც ვერ გამოდიან.

bottom of page