top of page

აბსურდში გაჩენილი იმედი

74419889_1501573106641049_12993992725878

ელენე შალუტაშვილი

აბსურდში გაჩენილი იმედი

 მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ,,საჩუქარი“, წელს მაგი მარენის ,,MAY B-ით“ გაიხსნა. ქორეოდრამა ფრანც შუბერტისა და გევინ ბრაერის მუსიკის ფონზე, სემუელ ბეკეტის აბსურდულ ჭრილშია მოქცეული. მაგი მარენი სემუელ ბეკეტთან შეხვედრაზე ამბობს:,,მირჩია სიტყვებისგან ისე გათავისუფლება, როგორი თავისუფალი სხეულიც მსურდა ასაცეკვებლად“. სწორედ ამიტომ წარმოდგენაში ბეკეტის მხოლოდ ერთი ფრაზა ჟღერს:,,დასრულდა. ამოიწურა. თითქმის დამთავრდა. უნდა დასრულებულიყო.“


ვფიქრობ, მაგი მარენის გადაწყვეტილება, მოცეკვავე გარკვეულწილად მსახიობად, ამბის მთხრობელად ექცია, ძალზედ თამამია. სწორედ ამ სითამამითა და დაუღალავი შრომით დადო ქორეოგრაფმა ბრწყინვალე შედეგი და წარმოდგენა საოცრად ემოციური და შთამბეჭდავი გახადა.


წარმოდგენის დაწყებამდე დარბაზი მთლიანად ბნელდება, ისმის შუბერტის ნაწარმოები და მაყურებლისთვის ძალზედ ინტიმური გარემო იქმნება. პირადად მე გამიჩნდა განცდა, რომ აქ სიბნელის დანიშნულება არ ყოფილა შუბერტის გენიალური ნაწარმოების  შეგრძნება, არამედ მაყურებელთან არსებული ყოველგვარი კედლის დანგრევა. მსგავსმა ,,მანიპულაციამ“ მაყურებელსა და შემოქმედებით გუნდს შორის დანამდვილებით შეასრულა შუამავალური ფუნქცია. ქორეოგრაფი აქ არაფერს მალავს, იგი აშიშვლებს ყოფითი ცხოვრების ილუზიებს და შერჩენილ აბსურდს წარმოგვიდგენს. ათი უშნო ადამიანის უსახურობა აქ მეტაფორულია და სულიერ სიმახინჯესა და გატანჯულობაზე მიუთითებს. თითოეულის შეუხედავობა მეორისას წააგავს, ისინი ერთი აბსურდის-ცხოვრების მსხვერპლნი არიან. ქორეოდრამის პირველ ნაწილში თიხაში ამოგანგლული, თეთრკოსტიუმიანი მოცეკვავეები ყოველდღიურ რუტინას ასახავენ, არავერბალური კავშირით ისინი ერთიანად ხდებიან უსასრულო წრებრუნვის ნაწილნი, რომლიდანაც გამოსვლა თუ მოინდომებ თითქოს არც თუ ისე რთულია. მაშინ როდესაც მეორე ნაწილში ბეკეტის ,,პირველი სიყვარული“ და ,,თამაშის დასასრული“ ცოცხლდება, აქ უკვე ჩნდება სურვილი გაირღვას ეს მუდმივი წრებრუნვა მაგრამ როგორ? ჩემოდნებით დატვირთული მოცეკვავეები ყოველ ჯერზე დისლოკაციის ადგილს უბრუნდებიან, მაგრამ იმედს არ კარგავენ, ისინი მაინც გარბიან, თუმცა კვლავ იგივე ადგილზე ჩნდებიან. ბეკეტის აბსურდულ პრიზმაში გამოსავალი არ არსებობს, აქ ქაოტური წრებრუნვა მუდმივია. ვფიქრობ, რომ რეჟისორი ამ ქაოსის მაღლა პოულობს საყრდენს, ჟღერდება ბრაიერსის 1971 წელს ჩაწერილი ინგლისური ჰიმნი ,,იესოს არასოდეს უღალატია ჩემთვის“ (Jesus’ Blood Never Failed Me Yet) და ამ მარადიულ ნოტაზე ქორეოდრამა სრულდება.


ჩემი აზრით, მაგი მარენის გადაწყვეტილება, წარმოდგენას რქმოდა ,,MAY B”, შემთხვევითი არ არის. პირადად მე ეს აღვიქვი, როგორც მისი მსოფლაღქმა, რომელიც გვეუბნება, რომ ,,შეიძლება“ ამ აბსურდში მარადიულ იდეალებსაც ჩავეჭიდოთ.

bottom of page