top of page

აბესალოს „ბედნიერება“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

341151734_723523766141676_6958104043815518908_n.jpeg

თამარ ქუთათელაძე

აბესალოს „ბედნიერება“

 

კლასიკური დრამატურგიის სასცენო ინტერპრეტაციები ზოგჯერ თავსატეხს გვიჩენს. მოულოდნელად იბადება უცნაური შეკითხვა მთავარ გმირთან მიმართებაში. ზოგიერთი სპექტაკლი თუ მსახიობი სრულიად აყირავებს, აფერმკრთალებს, გვერდზე სწევს დრამატურგის მიერ გაცხადებული ცენტრალური პერსონაჟის აქტივობას, პრიორიტეტს. მის ადგილს ოპონენტი ისაკუთრებს და  დიალოგში შედის ავტორთან -  ირინე თუ აბესალო? ოტელო თუ იაგო?.. ვინ არის წარმატებული სცენური სახის ერთპიროვნული ავტორი ან მოკარნახე? - რეჟისორი თუ მსახიობი?..

      

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენაზე უჩვეულოდ საინტერესო,  ორიგინალური სპექტაკლი გათამაშდა. დრამის ფაკულტეტის, თეატრის რეჟისურის სპეციალობის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტის გიორგი კაშიას მიერ დადგმული დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“,  სეზონის ფავორიტად იქცა (ჯგუფის ხელმძღვანელი - გია კიტია, ასისტენტი - გიორგი აფხაზავა, მხატვარი - ანა ბერიშვილი).

      

1982 წელს „ირინეს ბედნიერება“  მოზარდ მაყურებელთა თეატრის ლიდერმა, შალვა გაწერელიამაც დადგა და თეატრის საეტაპო მნიშვნელობის სპექტაკლად იქცა. მასში შეუდარებელი აბესალოს სახე შექმნა ალეკო მახარობლიშვილმა. მსახიობი  დიდი ქარიზმით განასახიერებდა უჩვეულოდ ეფექტური, თეთრჩოხიანი, სწორუპოვარი ქართველი თავადის რანგში ამაღლებულ სახეს. მისი ღირსეული პარტნიორის, იმჟამად მოზარდთა თეატრის წამყვანი მსახიობის თამარ ლოლაშვილის გულზვიადი, შეუსმენელი ირინე, არ პატიობდა მასზე გულწრფელად შეყვარებულ ქმარს თავისი ჭეშმარიტი ბედნიერების ხელყოფას. ცოლის გულგრილობით, მისი დაუმორჩილებლობით ტანჯულ, ეჭვებით გულამღვრეულ აბესალოს კი, სპექტაკლის მიწურულს გული უსკდებოდა, კვდებოდა. „ბედნიერი“ წყვილის ირგვლივ ერინიებივით მოფარფატე ენაჭარტალა, გულგრილ, გაბოროტებულ საზოგადოებას, სრულებით არ ადარდებდა მათ თვალწინ დატრიალებული ტრაგედია. კლდიაშვილისეული პერიოდის პარიზული პეწით გადაპრაჭული, თეთრქოლგიანი კეკელკები, დაუსრულებლად ლაღობდნენ. ისინი თავმომწონედ, ნიშნისმოგებით  მღეროდნენ რუსულ რომანსებს, ცეკვავდნენ ვალსს. 

        

ჯერ კიდევ სტუდენტი, ახალგაზრდა რეჟისორის გიორგი კაშიას დადგმამ, ზოგიერთმა მონათესავე მიზანსცენამ, ასოციაციურად გამახსენა „ცრემლიანი სიცილის“ დიდოსტატ დავით კლდიაშვილზე შეყვარებული სახელოვანი მაესტრო, რომელმაც თითქოს გადაუქროლა კიდეც სცენას. სპექტაკლში იყო რაღაც გაწერელიასეული - კლასიკის მარად ახალგაზრდული სულისკვეთებისა და ესთეტიკის გამონათება, მაღალპროფესიული, მძაფრად თანადროული მინიშნებები, უხვი კონტრასტები, დიდი სევდა და ტკივილი („კონტრასტი დიდებული ხერხია სპექტაკლში... თეატრი ბრძოლის ველია... სცენაზე ტკივილიანი ხალხია და არა მოთამაშე“, - შალვა გაწერელია). სასწავლო თეატრის მინიატურულ სცენაზე თითქოს კვლავაც ლაღად თამაშობდა გაწერელიასეული მორიგი აზრი - „მისი უდიდებულესობა დრო, თავად გვთავაზობს ესთეტიკას, თამაშის წესსა და სახეებს!“.

        

გიორგი კაშიას დადგმის ექსპოზიციურ ნაწილში ერთმანეთს ენაცვლებოდა  თავაწყვეტილი სიხარული და თავზარდამცემი სევდა, სიცოცხლე და სიკვდილი, საზეიმო სუფრა და სიბნელეში სანთლების მოცეკვავე ალით განათებული სამგლოვიარო ტრაპეზი. ჩასასვენებლის ფსკერიდან სულშიჩამწვდომად ჰგოდებდა ცრემლადგაღვრილი ანუკა შარიას - ირინე. მგლოვიარე მამას სინანულით ავსებდა მისთვის ადრე შეუსმენელი ქალიშვილის ვედრება -  აბესალოსთვის არ შეეწირა მსხვერპლად „ბედნიერებისთვის“, შესაფერისი პარტნიორისთვის, უკეთესი ცხოვრებისთვის დაბადებული მხოლოდშობილი ქალიშვილი.

        

გუგა ქაცარავას აბესალოს თავდაპირველი შემოსვლა სცენაზე მოკრძალებული, კარგად აღზრდილი, წესიერი ახალგაზრდის პორტრეტს ქმნის. თუმცა, მას რადიკალურად უცვლის სახეს ნოდარ მელაძის მიერ შექმნილი ფილიპე ბარბაქაძისგან შეთავაზებული სტუმართმოყვარეობის ყალბი რიტუალი. სტუმრის ძალადობრივი გამოთრობის ტრადიციული ქართული ჩვევა, ახალგაზრდების გარდაუვალი ტრაგედიის ინსპირატორი ხდება. არცთუ ჯანსაღი ფსიქიკის მქონე, ეფექტური, ქარიზმატული, არტისტული, ღვინით გახელებული აბესალო, საკუთარი პრივილეგირებული მდგომარეობით მუდამ ყურადღების ეპიცენტრს ჩვეული, მსხვერპლზე მონადირის ვნებით ივსება. მეტოქის ჩამოსაცილებლად გააფთრებული მებრძოლი კი, საომარ ველს ამსგავსებს სცენას. 

        

მსახიობი გუგა ქაცარავა, რომელიც უკანასკნელ ხანს რამდენიმე მნიშვნელოვან როლში ვიხილეთ („გუშინდელნი დღეს“ და „უფრო ახლოს“), ამჯერად განსაკუთრებით რთული საშემსრულებლო პარტიტურით წარსდგა მაყურებლის წინაშე. უჩვეულოდ აქტიური მსახიობი უსწრაფესად მიიკვლევს გზას თეატრალური სამყაროს დიდი, მარად „მოლიპული“ თუ ხორკლიანი სცენისკენ. ამჯერად იგი ექსპრესიულად წარმოგვიდგენს პატივმოყვარე, ეპიზოდებში დემონური ენერგეტიკის მქონე აბესალოს მხატვრულ სახეს. სულიერი ჰარმონიის უშედეგოდ მაძიებელს, თავზარდამცემი სისწრაფით ანგრევს და ეჭვებით გამძვინვარებულ ავსულად გარდაქმნის სხვისი სატრფოს მიტაცების, საკუთარი არასრულფასოვნების აკვიატებული კომპლექსი.

         

მსახიობმა წარმატებით შეძლო სპექტაკლში თავისი სცენური სახის მთავარ გმირად გადაქცევა. მიუხედავად ამისა, შესამჩნევია რომ დროდადრო მაინც ღალატობს ზომიერების გრძნობა, კარგავს მისი უახლოესი პარტნიორის მხატვრული აღქმის, ურთიერთობის გააზრებულად შეფასების უნარს, როლის შინაგანი და ფიზიკური პარტიტურის თანმიმდევრული თამაშის მაგისტრალურ ხაზს.

        

სპექტაკლში შთამბეჭდავია ლუკა ჩიბუხაიას მიერ შექმნილი სიფრიფანა პავლე როდამიშვილი. დავით კლდიაშვილის მინიშნებით ვინმე „ჩანჩურა როდამიშვილი“, წარმოდგენაში უსწრაფესად ახერხებს წონასწორობიდან გამოიყვანოს, ღირსების გრძნობა დაუკარგოს, მიწასთან გაასწოროს, ჭკუიდან შეშალოს ამაყი და თავმომწონე გუგა ქაცარავას აბესალო. სპექტაკლის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ, პლასტიკურ მიზანსცენაში, მაგიდაზე გამარჯვებულის პოზიციაში მოცეკვავე პავლე, ფეხების ბაკუნით, მუქარითა და თავში წათაქებით დასცინის, მასხრად იგდებს, ამცირებს ძილ-ბურანის ტყვეობასა თუ ეჭვიანობის მუდმივ ჰალუცინაციებში მყოფ აბესალოს, რომელიც სპექტაკლის მიწურულისთვის სრულიად კარგავს რეალობისა და წარმოსახვის გარჩევის უნარს. აქვე აღვნიშნავ, რომ შალვა გაწერელიას დადგმაში აბესალოს ფიქრებით, სცენაზე რამდენჯერმე თამაშდებოდა ირინესა და პავლეს საცეკვაო ნომერი, რომლის დროსაც ნელ-ნელა გაშიშვლებული ირინე, ელეგანტურად დასცინოდა „მოძალადე“ ქმარს.

      

ანუკა შარიას სიცოცხლისმოყვარე, წრფელი სიყვარულისა და ბედნიერებისთვის განწყობილი ირინე, სპექტაკლში ელვისებურად გარდაიქმნება აპათიურ, ბედისწერის მიერ დასაღუპად განწირულ მარიონეტად. მისი მორჩილება და თვინიერება, აბესალოს მიერ მოღალატის ტრადიციულ, ინდიფერენტულ სახედ აღიქმება.  პროზაული ყოფისაგან თავდახსნის მიზნით, ორი მშვენიერი ახალგაზრდა, ექსცენტრიული არჩევანის, მშობლის სიხარბის, ბედის ირონიისა თუ მარად ანცი ფორტუნას ნებით, სათამაშო არსებებად გაიწირა.

         

რეჟისორი გიორგი კაშია არცთუ მცირერიცხოვან სპექტაკლში ცდილობს თითოეული მსახიობისთვის შექმნას სისხლსავსე სცენური სახის ემოციით აღსავსე შინაგანი თუ ქმედითი პარტიტურა. სულიერი მდგომარეობისა თუ ხასიათის გამომსახველობით ნაჩვენები ჯგუფური და ინდივიდუალური პლასტიკური ნომრებით გაფორმებულ სპექტაკლში, ადრეული დადგმებისგან განსხვავებით, საზოგადოება  დასაღუპად განაწირი პიროვნებისადმი თანაგრძნობის, დახმარებისა და გადარჩენის წადილით აღსავსე ვიხილეთ (პოზიტიურად შევიცვალეთ?..).

        

გარდაუვალი ტრაგიკული დასასრულისკენ ელვისებური სისწრაფით განვითარებულ მოვლენებს  შეშფოთებით, უმწეოდ ადევნებენ თვალყურს გიგა აბულაძის - ვიქტორი, ლაშა მორჩილაძის - ნესტორი, ნიკა ნიკურაძის - სოგრატ, გიორგი გელაშვილის - მღვდელი, ნიკა თეთრაძის - ნიკოია, ლაშა ქვაცაბაიას - სამსონი, თამარ ყალაბეგაშვილის - კატო. თითოეული მათგანის დაბნეული, შიშმორეული ქმედებებიდან,  სულიერი ტკივილით გულგაგლეჯილი ფრაზებიდან იკვეთება ძუნწი ბედისწერით დადგენილი, მოკვდავთაგან შეუცვლელი რეალობა. მას ვერაფრით ცვლის მსახიობ ნინი კვირიკაშვილის მიერ განსახიერებული, შვილის უბედურებით შეძრული ეკას გაბრძოლება, მისი სულის სიღრმიდან მომსკდარი, ლამის ზეცამდე გატყორცნილი, ქმედუუნარო საზოგადოებისა თუ უზენაესისადმი მიმართული თავზარდამცემი ქვითინი, ამბოხი და საყვედური.

      

რეჟისორს დავით კლდიაშვილის „ცრემლიანი კომედია“ თითქმის ტრაგედიის ჟანრში გადაჰყავს და საუკუნის ასაკს გაცდენილი პიესის საფუძველზე ხატავს ჩვენს  არაპნოგნოზირებად, აპოკალიფსურ სინამდვილეში თვითდამკვიდრებისა თუ გადარჩენისთვის მებრძოლი ახალგაზრდების დისჰარმონიულ ყოფას.

bottom of page