9 + არა კაც კლა
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
თამთა ქაჯაია
9 + არა კაც კლა
„დეკალოგი“ - სამეფო უბნის თეატრის ქართულ-პოლონური კოლაბორაციაა. პოლონელმა რეჟისორმა, ვოიტეკ ფარუგამ (თავის ქვეყანაში ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორია. 2016 წელს მარჯანიშვილის თეატრთან და თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან ერთად სპექტაკლი „მარცხენა მაღალ ქუსლებზე“ დადგა) საკმაოდ წარმატებული და ცნობილი ეკრანიზაციის სასცენო ვერსია წარმოგვიდგინა. სპექტაკლი თავისთავად უკვე ინტერესს იწვევს - რისი თქმა სურს შენს ქვეყანაში პოლონელ რეჟისორს და რაც ყველაზე მთავარია, სპექტაკლი მოლოდინს გაამართლებს თუ არა.
სამეფო უბნის სათეატრო ენის ხელწერას და სპექტაკლის სპეციფიკას თითოეულ დადგმაში იგრძნობთ. დეკალოგი - სრულიად განსხვავებული კონცეფციის, განსხვავებული სათეატრო ენის, ესთეტიკის ვიზუალიზაციაა და შეიძლება თეატრალურ ექსპერიმენტადაც მოვნათლოთ. სპექტაკლში შეცვლილია თეატრის არქიტექტურული განლაგება (უარყოფილია ტრადიციული სცენა) მაყურებელმა და მსახიობებმა გაცვალეს ადგილები, მოქმედებებს სცენიდან ვადევნებთ თვალს. შეცვლილია ფაბულა და უარყოფილია სიუჟეტის გადმოცემის ტრადიციული გზა. ერთი ამბავი მეორეს ფრაგმენტულად ერწყმის. იცვლებიან პერსონაჟები და გარდაისახებიან სხვა მოქმედ პირებად ისე, თითქოს ვერც ვამჩნევთ პროცესს. ამის ერთ-ერთი მიზეზი დავით გაბუნიას ტექსტის ადაპტაციაა. მან პოლონური „დეკალოგის“ ეკრანიზაცია (ავტორი - კშიშტოფ კიშლოვსკი, 1989 წ.), რომელიც 10 სერიისგან შედგება, შეკვეცა და 120 წუთიან სათეატრო წარმოდგენის პიესად აქცია. დეკალოგი ათ მცნებას ნიშნავს, სწორედ ამაზეა ამბავი დაფუძნებული. კშიშტოფი წერს თავის წიგნში: „ეს არის ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრების ტყვეობაში აღმოჩნდნენ, თუმცა უეცარი, უცნაური გარემოებების შედეგად ისინი აღმოაჩენენ, რომ ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნიან და მნიშვნელოვანი მიზეზების შესახებ არაფერი ახსოვთ“ - სწორედ ამას ვხედავთ სპექტაკლშიც.
დეკალოგი ის სპექტაკლია, რომელსაც ერთი შეხედვით აქვს თავისი ლოგიკური დასაწყისი და დასასრული, მაგრამ ამავე დროს არ არსებობს ის. წარმოდგენის კონცეფცია იდენტურია პერსონაჟების შინაგანი მდგომარეობის, რაც ჰარმონიულს და სინთეზურს ხდის სპექტაკლს. მინდა გამოვყო რამდენიმე სცენა:
კედელზე გაშვებულ პროექციაზე ნომრებით აღნიშნულ მოქმედებებს ათი მცნების შეგონებამდე მივყავართ. ნანი ჩიქვინიძის პერსონაჟი მთელი მოქმედების განმავლობაში აკვირდება მოვლენებს და სპექტაკლსაც ის იწყებს. ძაღლის ფიგურაც, რომელიც უსულო პერსონაჟია - მოვლენების დამკვირვებელია.
„მე ვარ უფალი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე“. მამა, ალბათობის თეორიით შვილის სიკვდილს გამორიცხავს, მაგრამ ივიწყებს მთავარს - შემთხვევითობას. სწორედ ამის მსხვერპლი ხდება შვილი. იგი გაყინული ტბაზე იხრჩობა, რადგან ვიღაცამ წინა ღამით ცეცხლი დაანთო და ყინული ჩატყდა. ემოციურად მძიმე სანახავია პაატა ინაურის პერსონაჟი, რომელიც შვილის სიკვდილს არ ეგუება. აუტანელ ფიზიკურ ტკივილამდე მიჰყავს საკუთარი თავი და ცდილობს პასუხი აგოს იმ გაუთვალისწინებელ შემთხვევაზე, რომელზეც არ უფიქრია. ზურგზე მოკიდებულ, მკვდარ ბავშვს მარიონეტივით დაათრევს და ბოლომდე იბრძვის „სული შთაბერვისთვის“. მაყურებელი იმდენად ახლოს არის მსახიობთან, რომ მსახიობის მზერაში ხედავს პერსონაჟის ხასიათს, თუ როგორია გარდაცვლილი მამის ტრაგედია, რომელიც შემთხვევითობის მსხვერპლი ხდება და იწყებს თვითგვემას.
მაგდა ლებანიძისა და ზაალ ჩიქობავას პერსონაჟის ურთიერთობა გამაღიზიანებელი და ამავე დროს საინტერესოა. ამბავი, რომელიც მათ გარშემო ტრიალებს ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებს აღგვიძრავს. ზაალ ჩიქობავა ქმნის მამის ისეთ პერსონაჟს, რომელიც მაყურებელში პერიოდულად ზიზღს წარმოშობს, მაგრამ ამავე დროს თანაგრძნობაც გვიჩნდება მის მიმართ.
თითოეული მსახიობი, მაგდა ლებანიძე, პაატა ინაური, ნატო მურვანიძე, კატო კალატოზიშვილი, გიორგი შარვაშიძე, ზაალ ჩიქობავა, გიორგი კიკვიძე და სანდრო სამხარაძე ქმნიან საზოგადოებისგან განცალკევებულ და ამავე დროს კრებით სახეებს, რომელთაც ეგზისტენციალური კრიზისი აქვთ, ამიტომაც უჭირთ ერთი კონკრეტული მიმართულებით კითხვებზე პასუხის პოვნა.
მინდა გამოვყო სოსო ხვედელიძე, რომელიც ისე ოსტატურად გარდაისახება მორცხვი ბიჭიდან მოძალადე მკვლელ პერსონაჟად, რომ მაყურებელი აღქმას ვერ ასწრებს. იგი შეყვარებულია კატო კალატოზიშვილის გმირზე და მთელი სპექტაკლის განმავლობაში უთვალთვალებს. ფინალურ სცენაში ისე კლავს ადამიანს (მანეკენს), რომ არანაირი სიბრალულის გრძნობა არ ჩანს მის სახეზე.
სპექტაკლში ნაჩვენებია ადამიანის მრავალი ტანჯვის უწყვეტი ციკლი და ინტროსპექცია, კითხვა რომელიც ისმის თუ „რატომ ტირიან ადამიანები“, მაინც პასუხგაუცემელი რჩება. თითოეული ამბავი ათი მცნების შიფრია. თუმცა საინტერესოა, რომ რეჟისორმა, ტექსტის ავტორთან ერთად, მეექვსე პუნქტი ბოლო პუნქტად აქცია და ნუმეროლოგიის მაგივრად ფრაზა - „არა კაც - კლა“ გამოიყენა, რაც სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი გზავნილია. ნანი ჩიქვინიძის პერსონაჟი, ნატო მურვანიძეს გმირს ეუბნება - „ახლა მწამს, რომ ბავშვის სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია“ და მეც მინდა გავიმეორო ეს სიტყვები, რომ ბავშვის სიცოცხლეზე ძვირფასი ამქვეყნად არაფერია და „არა კაც კლა“.
მინდა წერილი დავასრულო მარიუპოლის თეატრის წინ დაწერილი სიტყვით, რომელიც დაიბომბა - „ДЕТИ”…