top of page

46 ჩხვლეტა ოკუპანტს - ქართულ-უკრაინული პროტესტი სცენიდან

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

206638151_982305125849129_69677895636057

გუბაზ მეგრელიძე 

სპექტაკლი საერთო მტრის წინააღმდეგ


ლანჩხუთის ეგ. ნინოშვილის სახელობის თეატრისა და თეატრ გარმიდერის (უკრაინა) ერთობლივი თანამშრომლობით შეიქმნა სპექტაკლი „46 შეხება“. საინტერესოა, რომ ამ დასებმა ერთმანეთი ბათუმის ფესტივალზე გაიცნეს და ურთიერთობა შემოქმედებითი ძიებებით გააგრძელეს. სპექტაკლი არის ქართულ-უკრაინული კონპროდუქცია, ხოლო პიესა რეპეტიციების დროს იწერებოდა და მსახიობთა მიერ მოყოლილი ისტორიების ავტორები თვითონვე არიან. სიუჟეტი ეხება მეგობრობას, სიყვარულსა და ომს. სპექტაკლში გმირებს სახელები არა აქვთ. აქ თავად მსახიობია პერსონაჟიცა და მოყოლილი სიუჟეტის თვითმხილველიც. თითოეული მათგანი ყვება საკუთარი ცხოვრებასა და ტრაგიკული სიკვდილის ამბავს. ნაადრევი სიკვდილის მიზეზი კი ის დაუნდობელი ომია, რომელიც საქართველოსა და უკრაინას რუსეთმა თავს მოახვია და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 


დადგმა განახორციელა ლანჩხუთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ოთარ ქათამაძემ. მოქმედებში შერწყმულია სიტყვა, პლასტიკა (ქორეოგრაფი ნინი ჩიკაშუა), მუსიკა (კომპოზიტორი ზურა ზარიძე) და მოქმედება, რაც ერთმანეთს ავსებს და ემოციურ სანახაობას ქმნის. მსახიობებისთვის ენის ბარიერი არ არსებობს. ისინი უშუალოდ და გულწრფელად ყვებიან თავიანთი ცხოვრების ეპიზოდებს, რომლებშიც ჩანს სიცოცხლის სიყვარული, მომავლის იმედი და სასიყვარულო ისტორიები. მათი თხრობიდან იკვეთება, რომ სხვადასხვა ეროვნებისა და ქვეყნის ახალგაზრდებს მსაგავსი ცხოვრებისეული ინტერესი ამოძრავებთ და ტრაგიკული აღსასრულიც საერთო აქვთ. ისინი გამორჩეული გმირები არ არიან, თითოეულ მათგანს თავისი მისწრაფებები აქვს, მაგრამ მოულოდნელი, შემთხვევითი სიკვდილი წყვეტს ამ ახალგაზრდულ ოცნებებს. თითოეულ პერსონაჟს თავისი პლასტიკური სახე, დამასახიათებელი მოქმედების არეალი და თხრობის გადმოცემის თავისებურება ახასიათებს. 


ამ საერთო სიხარულს, ტკივილსა და ტრაგიზმს ემოციით გადმოსცემენ და მოაქვთ მაყურებლამდე მსახიობებს: სერგეი პანასს, იულია იაცუნს, ვადიმ ხაინსკის, ანნა სპივანჩუკს, მარი ზარიძეს, მარინე ბურდულს, ბაჩი ხუხუნაიშვილს, დავით წერეთელს. დაგეგმილია ქართველ მსახიობთა უკრაინაში ჩასვლა და ამ სპექტაკლის ჩვენება. 


ამ წარმატებულმა კონპროდუქციამ ცხადყო, რომ ქვეყნისთვის მხოლოდ პოლიტიკოსებმა კი არ უნდა იბრძოლონ, არამედ ხელოვანებსაც შეუძლიათ უდიდესი წვლილის შეტანა და ერების ერთი მიზნისთვის გაერთიანება _ იქნება ეს სპექტაკლი, კონცერტი, გამოფენა, თუ სხვა სახის აქცია დ ახელს შეუწყობს პატრიოტიზმის გაღვივებას, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას (რაც ეროვნული ინტერესების დათმობას არ გულისხმობს) და ხალხთა საერთო მიზნისკენ მობილიზებას უკეთესი მომავლისთვის.
 

bottom of page