top of page

3+1=2

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

280289635_3206098782961194_3858860165873677363_n.jpg
279665232_441594924316762_4598899003756088627_n.jpg

გიორგი ყაჯრიშვილი

 

3+1=2

 

მესხეთის თეატრმა კიდევ ერთი პრემიერა შესთავაზა თავის მაყურებელს - ფიქრია ყუშიტაშვილის პიესა „3+1“ რეჟისორ კახა გოგიძის დადგმით. პიესა მიხეილ თუმანიშვილის ფონდის (ხელმძღვანელი მანანა ანთაძე) მიერ ჩატარებული კონკურსის ერთ-ერთია გამარჯვებულია. თეატრალებისათვის ეს ფონდი ყველასთვის ცნობილია. იგი ათეული წლებია ატარებს დრამატურგიის კონკურსს მონაცვლეობით „თანამედროვე ქართული პიესა“ და „თარგმნილი პიესები“. ფონდი კონკურსის დამთავრებისთანავე რეჟისორებს სთავაზობს აქ შემოსულ პიესებს და თანამედროვე ქართული თეატრის უხვად ასაზრდოებს ამ ფონდში არსებული როგორც ქართული, ასევე უცხოური პიესებით: თამარ ბართაიას „სათამაშო პისტოლეტი“, „მთავარი როლი“, მაკა კუკულავას „13.06“, ნინო მირზიაშვილის „მაცეკვე ტანგო“, ოთარ ქათამაძის „აივანი“, ალ. ჩიღვინაძის „მარინა რევია“ და „უხერხემლო“, პეტრე ხატიანოვსკის „დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო!“. ფლორიან ზელერის „ვაჟიშვილი“, „მამა“ და რასაკვირველია „მოხუცი ჯამბაზები“ (რეჟისორი გოჩა კაპანაძე), რომელიც რუსთაველის თეატრის მცირე სცენა დიდი ანშლაგებით მიდიოდა სახელოვანი ქართველი არტისტების მედეა ჩახავა, მარინა ჯანაშია, მარინა კახიანი, ზინა კვერენჩხილაძე, ზაზა ლებანიძე, გურამ საღარაძე, ჯემალ ღაღანიძე, კახი კავსაძისა და სხვათა მონაწილეობით. სულ ახლახან გრიგოლ ჟორდანია „ალუბლის ტორტის“ კონკურსის ასევე ერთ-ერთი გამარჯვებულის პრემიერა შედგა თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში.

ფიქრია ყუშიტაშვილის პიესამ რიგი ცვლილებები განიცადა მისი სცენაზე გადატანისას. მისი ახალი სათაურიც „3+1=2“ რეჟისორის მიერ შემოთავაზებული „განტოლება“ ამ ცვლილებების შედეგია. თუ პიესის ავტორი ერთგვარ გამოცანას სთავაზობს მაყურებელს, როცა ჩაკეტილ ოთახში „სასიყვარულო სამკუთხედს“ - ცოლს, ქმარსა და საყვარელს ტოვებს და მაყურებელმა უნდა გადაწყვიტონ რა მომავალი ექნება ამ ურთიერთობას, რეჟისორმა კახა გოგიძემ თავისებურად ამოხსნა ეს გამოცანა და პიესის ფინალში მხოლოდ ცოლი და ქმარი დატოვა, რითაც ასე ვთქვათ „ბედნიერი ფინალით“ დაასრულა წარმოდგენა. სპექტაკლის სცენოგრაფი ზუსტად მიჰყვება ავტორის რემარკებს და სცენაზე დასაწყისში მხოლოდ ფართო ვიტრაჟია განათებული, საიდანაც ერთ-ერთი გმირი ქურდი (ლექსო ჩემია) შემოიპარება.

ქურდს სპორტული ტანისამოსი (კოსტიუმების მხატვარი ნანა ყორანაშვილი) აცვია, ყვითელი კაპიუშონიანი მაისური, ყვითელი სპორტული ფეხსაცმელი, თავზე ქუდიც ჩამოუფხატავს და თვალზე სათვალე უკეთია. თავს ძალიან დაჯერებულად გრძნობს, რადგან იცის, რომ სახლში არავინაა, თუმცა სტელაჟიდან გადმოვარდნილი და თავში მოხვედრილი „დანაშაული და სასჯელი“ შოკში კი აგდებს, მაგრამ „პროფესია“ მაინც უხმობს იმ ამოცანის შესასრულებლად, რისთვისაც აქ შემოაგზავნეს. მისი საუბარი (საკუთარ თავთან) კუთხური დიალექტია, აუარებელი სლენგის გამოყენებით, როგორებიცაა: „ნაკოლი“, „ბაითი“, „მაყუთი“, „ტაკსებე“ და მრავალი სხვა. მსახიობი ქმნის ტიპური ქურდბაცაცა და ყაჩაღის პორტრეტს, ისეთს, რომლისთვისაც ქურდული მენტალიტეტი მთავარი კრედოა, თუმცა იცის, რომ დოსტოევსკის რომანი, თავში რომ დაეცემა დანაშაულზეა დაწერილი. მსახიობი მთელი სპექტაკლის განმავლობაში მიჰყვება თავისი პერსონაჟის ხასიათს და „ამკობს“ მას სხარტი იუმორით და პლასტიკური სცენებით. განსაკუთრებით სახიერი მისი მიერ შესრულებული ფინალი, როცა საყვარელთან ერთად ქმრის მანქანის გასაღებით ტოვებს აქ შეკრებილებს და თავისი ამ წასვლით იხსნის პერსონაჟებს იმ უხერხული სიტუაციიდან რომელშიც ყველანი აღმოჩნდნენ.

ამ უცნაური სახლში არსებითად მხოლოდ აკვარიუმი, დივანი და გარდერობია, ის „მოქმედი“ ავეჯი, სადაც ძირითადი ქმედება უნდა განხორციელდეს: გარდერობი, რომელშიც ჯერ ქურდი იმალება, ხოლო შემდეგ კი ცოლი (მანანა-მანჩო-მანჩიტა - ჯუნა თუმანიშვილი), რომელიც ქმრის ღალატის გამოაშკარავების მიზნით არის აქ მოსული. ეს ორი შემოპარული ქმრისა და საყვარლის დაბრუნების შემდეგ, ერთად ამ გარდერობში (მასში ტანსაცმლის საჭრელ-სიუხვე პერსონაჟებს ათქმევინებს - „ოპერაში ვართ?“ ) აღმოჩნდებიან. ცოლს გემოვნებით, მაგრამ მოკრძალებით აცვია - ცისფერი შარვალ-კოსტიუმი, ყელზე ფერადი შარფი ახვევია, მისი წითელი ფეხსაცმელი ამ შარფის ფერს ეხამება, ერთი სული აქვს ვიდრე ცოლსა და მისი საყვარელს „გამოიჭერს“, მაგრამ ბოლო მომენტში მაინც შეკრთება და გარდერობში აღმოჩნდება.

სახლში დაბრუნებული „შეყვარებულები“ კი - ქმარი (ოთო-ოთარი-ოთიკო - მანუჩარ გოგოლაური) და საყვარელი (ლიკა-ლია-ლიკუნები - ანი ხუბუტია) შესანიშნავად გრძნობ თავს ვიდრე გარდერობიდან იქ დამალული ცოლი და ქურდი არ გამოეცხადებიან. „შენა ხარ ჩემი ენის სიწმინდის გუშაგი!...ჩემი ფანტაზიების „დივა“!...ჩემი აფროდიტე!... ჩემი ქალღმერთი რადჰა! - ეალერსება ქმარი ლიკა-ლიკუნებს.

საყვარლის ჩაცმულობა ზუსტად შესაბამება მის „ქცევის ბუნებას“ - მსუბუქი ყოფაქცევის ასულს შავ მოკლე სექსუალურ შორტებზე და დიდი დეკოლტეიან „ტოპკაზე“ შავი პიჯაკი მოუცვამს, ხშირ-ხშირად პოზიორობს მამაკაცის წინაშე, ლექსებსაც კი უკითხავს მთელი ვნებით, მაგრამ მთელი არსით გამომძალველია და როგორც კი ოთიკო ახალ საცდუნებელს შესთავაზებს, მაშინვე გაურიგდება თავისსავით არამზადა ქურდს და შეთავაზებული „საჩუქრის“ მისაღებად ერთად დატოვებენ „თავშეყრის“ ამ ადგილს.

ქმარი - მანუჩარ გოგოლაური მკვეთრად გამოხატული სახასიათო ამპლუის მსახიობია, რასაც მისი სხვა სპექტაკლებში ნათამაშები როლებიც ადასტურებს - ცოცხალი იუმორის და პლასტიკის მსახიობი ერთნაირი წარმატებით ართმევს თავს რეჟისორის მიერ შეთავაზებულ ამოცანას. განსაკუთრებით, აღნიშვნის ღირსია, სცენები დივანზე სამი პერსონაჟის საუბარი: ცოლი (ჯუნა თუმანიშვილი), ქმარი (მანუჩარ გოგოლაური) და ქურდი (ლექსო ჩემია).

„დანაშაული და სასჯელი“ კი მრავალჯერ მოხვდებათ თავში ამ სახლში შემოსულ-შემოპარულ სტუმრებს, წიგნის სტელაჟიდან გადმოვარდნილი ეს რომანი იმ დანაშაულების მოწმეა, რომლებიც ამ სპექტაკლის პერსონაჟებმა ნებსით თუ უნებლიედ ჩაიდინეს.

კომედიის თამაში რთულზე რთულია: ჟანრობრივი ნიუანსების სცენაზე გადატანა რეჟისორისაგან და მსახიობებისაგან აუცილებლად მოითხოვს იუმორის და ზომიერების ფლობას, რადგან შესაძლებელია ტექსტმა ერთგვარი სისხარტე დაკარგოს და სიყალბეში გადაიზარდოს. სცენა ვერ იტანს უხამსობას და უმსგავსობას: ტაქტი და ზომიერება განაპირობებს იუმორის სწორ აღქმას, რასაც ძალიან კარგად ხვდება და აღიქვამს მაყურებელი. მესხეთის თეატრის ამ წარმოდგენის ცოცხალმა იუმორმა და მსახიობების მაღალ დონეზე შესრულებამ დიდი გავლენა მოახდინა მის წარმატებაზე.

 კახა გოგიძე აქტიური რეჟისორია, ის წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მთელ რიგ თეატრებში, სადაც ქართულ პიესებსაც დგამს, მაგალითად ნინო მირზიაშვილის „მაცეკვე ტანგო“ უკრაინაში და მრავალი სხვა. იმ პატარა პაუზებში, რომელიც ამ მრავალი შეკვეთების დროს წარმოიშობა რეჟისორი მშობლიურ თეატრს, სადაც ის მთავარი რეჟისორია, არ ღალატობს და ეს სპექტაკლიც ამ დროს განხორციელდა.

bottom of page