top of page

29 ივნისი -  დღე - როდესაც დახვრიტეს სანდრო ახმეტელი

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

287567380_602162757792008_4861205735811259353_n.jpg

ლელა არაბიძე

29 ივნისი -  დღე -  როდესაც დახვრიტეს სანდრო ახმეტელი

“არტისტი შუშპარიანი… არტისტი გიჟი… არტისტი ცეცხლოვანი… არტისტი შფოთი… არტისტი-გოროზი… აaრტისტი - ფაფარაყრილ რაშზე… არტისტი-კადნიერი… არტისტი-რიხიანი" და ამის შემდეგ "თეატრი გვექნება აღგზნების, ემოციის, რიხიანი, გაბედული, გმირული“ და რაც ყველაზე უფრო მთავარია "ქართული თეატრი უნდა იყოს  ქართული " - სანდრო ახმეტელი

უცნაური ბედისწერის იყო 1886  წლის  14 აპრილს სოფელ ანაგაში დაბადებული ბიჭი _ სანდრო ახმეტელი _ განსაკუთრებული მოვლენა ქართულ თეატრში, კაცი, რომელმაც ქართული თეატრის მომავალი განსაზღვრა, რეჟისორი, რომელიც ეროვნულ ნიადაგზე შლიდა შემოქმედებას, რეჟისორი, რომელიც ეძიებდა ექპერიმენტებს და რეჟისორი, რომელიც ამბობდა - „ქართული თეატრი უნდა იყოს ქართული“ რეჟისორი, რომელიც „სამშობლოს ღალატის„  მუხლით გაასამართლეს და სასჯელის უმაღლესი ზომა მიაკუთვნეს ეროვნული თეატრისათვის იბრძოდა, „ყაჩაღებს“ დგამდა, „ლამარას“ დგამდა, რეჟისორი, რომელმაც ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს, მიღებულს  1918 წლის 26 მაისს... „და მე სულ ვამბობდი, რაა ქვეყანა თავისუფლების გარეშე.. ეს უზენაესი გრძნობა დღეიდან ყოველმა ქართველმა უნდა შეიგრძნოს! აღსდგა, აღსდგა საქართველო, როგორც სახელმწიფო, თანაც დამოუკიდებელი და თავისუფალი! ..და თანადროულად, მე ამ აქტით, დიდის სიხარულით შევეგებები თავისუფალ ხელოვნებას, თავისუფალ საქართველოში!" რეჟისორი წამების 222 დღიანი ისტორიითა და სასიკვდილო განაჩენით- ქართული თეატრის რეჟისორი - სანდრო ახმეტელი.

„ბრალდებული ახმეტელი არის აქტიური წევრი კონტრრევოლუციური ტროცკისტულ-ზინოვიევური ტერორისტული ორგანიზააციისა, იგი კულტურულ ფრონტზე ახორციელებდა მავნებლურ კონტრრევოლუციურ მუშაობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულობების ბრალდება დამტკიცებულია 58 -ე მუხლით” ვკითხულობთ კაცზე, რომლის გარეშეც არავინ იცის როგორი იქნებოდა ქართული თეატრი..“ქართული თეატრის წამებული რაინდი“ იტყვიან შემდეგ მასზე, დაუჯერებელ ისტორიებს მოყვებიან მის პრინციპებზე, ბერიასთან დაპირისპირებაზე, მოყვებიან კონფლიქტებსა და წინააღმდეგობებზე, ბრძოლაზე, მაგრამ მანამდე...მანამდე „სამშობლოს ღალატისათვის“ სოღალუღის მინდორზე სასიკვდილო ტყვიას ესვრიან და დაწერენ „ალექსანდრე ვასილის ძე ახმეტელის დახვრეტის განაჩენი სისრულეში მოვიდა 1937 წლის 29 ივნისს ქ. თბილისში" კიდევ უფრო მანამდე კი დაპატიმრებულ რეჟისორს, ქართული თეატრის რეჟისორს, ნაწამებ რეჟისორს რუსთაველზე ჩაატარებენ მანქანით - აქაოდა ნახეთ როგორ ისჯებიან „სამშობლოსმოღალატეებიო“

მერე ისევ ბევრი წლები გავა და დაწერენ.. დაწერენ ქართული თეატრის რეჟისორზე, ბიჭზე, რომელიც 1886 წლის 14 აპრილს სოფელ ანაგაში სამრევლო ეკლესიის დიაკვნის ვასილ ახმეტელაშვილის ოჯახში დაიბადა. ბიჭზე, რომელმაც  ქართული თეატრის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა , ტრაგიკული გზა გაიარა, მძიმე ხვედრი გაიზიარა, „ლამარა“ და „ყაჩაღები“ დადგა, 222 დღე ეწამა, როგორც საბჭოთა კავშირის დაუძინებელი მტერი და 1937 წლის 29 ივნისს დაიხვრიტა. იტყვიან რომ ის  დიახ, ქართული თეატრის რაინდი იყო.

 

ახმეტელის თავის  შემოქმედებაში გმირს ეძებდა და ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალულ სპექტაკლებს დგამდა. ის -  რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო,  დაპატიმრებისა და  წამების შემდეგ კი  „ხალხის მტერი „ - რუსთაველის თეატრის წინ ღია საბჭოთა მანქანით ჩატარებული - ყველას უნდა ენახა როგორ ამთავრებდნენ სიცოცხლეს „დამნაშავეები“...

„თეატრის საკითხი უპირველესად ეროვნული საკითხია " წერდა სანდრო ახმეტელი. რეჟისორი, რომელმაც ქართულ თეატრში ახალი ეპოქა შექმნა, იგი თეატრს უშრეტი ექსპერიმენტების წყაროდ მიიჩნევდა,  „მე არ მსურს ყოფითი თეატრი, მინდა ვიხილო გმირები..ჩვენმა თეატრმა ამ დიდი ფორმებით უნდა იაროს, დიდი აზრის თეატრის გარეშე ჩვენ მუშაობა არ შეგვიძლია, ქართულმა თეატრმა უნდა შექმნას და სრულყოს ქართველი ადამიანის სულის ფორმები“...

და მან- რეჟისორმა სანდრო ახმეტელმა შექმნა ასეთი თეატრი- გმირული თეატრი, ადამიანის სულის ფორმების თეატრი, საბედისწერო თეატრი, „ემოცია საფუძველია ხელოვნების. როგორ უნდა გამოიწვიო ემოციები? ადამიანის ორგანიზმი ფსიქოფიზიკური აპარატია. ამ აპარატის მოძრაობაში მოსაყვანად საჭიროა გამღიზიანებელი... შემოქმედების საფუძველია თავის მეობის შესწავლა. როდესაც მსახიობმა იცის თავისი აპარატი, მხოლოდ მაშინ არის შემოქმედება შესაძლებელი. ემოციებში მონაწილეობას ღებულობს მთელი ორგანიზმი“ ახმეტელმა იპოვა ის რასაც ეძებდა:  „ჩვენ ვეძიებთ ქართული თეატრის სახეს და ქართული არტისტის კონტურს. ყველა ეროვნებათა თეატრების განსხვავება მხოლოდ ამაშია. საქართველოს უნდა ჰქონდეს თავისი საკუთარი დამოუკიდებელი თეატრი. ანთებული ქართული გულით და აღგზნებული ქართული სულით…“

ზუსტად 85 წლის წინ, 1937 წლის 29 ივნისს, თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მანქანა დაიძრა, სადღაც 18 - ე კილომეტრზე მანქანა გაჩერდა, ამ ადგილს სოღანლუღის მინდორი ქვია, ახლოს მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ გამთენისაას, დილის 5 - 6 საათისთვის, უცნაური , ავისმომასწავებელი ხმები იქ დღემდე ისმის..ეს სიკვდილმისჯილთა ხმებია, 1937 წელს, მასობრივი რეპრესიების პერიოდში ადამიანების ნაწილს სოღანლუღის მინდორზე ხვრეტდნენ.. 85 წლის წინ, 29 ივნისს კი მანქანიდან ქართული თეატრის ნაწამები რეჟისორი გადმოიყვანეს და მას - ქართული თეატრის ბედისწერას სასიკვდილო ტყვია ესროლეს...

დაახლოებით 20 წლის შემდეგ სანდრო ახმეტელის ოჯახის წევრებმა რეაბილიტაციის ცნობა მიიღეს სადაც ეწერა , რომ ალექსანდრე ახმეტელი დანაშაულის არარსებობის გამო რეაბილიტირებულია... 

„ქართველი მსახიობი შეჰქმნის გენიალურ ქართულ თეატრს და თეატრიც გვექნება გაბედული, გმირის..ზე პიროვნების“......

bottom of page