top of page

Georgian Show Case 2016

232412344.jpg

მაკა ვასაძე

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

ქართული სპექტაკლების მიმოხილვა

 

ჟურნალის - „თეატრი და ცხოვრება“ - წინა (5) ნომერში 2016 წ. თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ქართული პროგრამების (Georgian Showcase) ზოგადი მიმოხილვა შევთავაზე მკითხველს. ახლა, კონკრეტულ სპექტაკლებს (რეკომენდებული თუ საპრემიერო) გავაანალიზებ. უცხოელი ექსპერტებისთვის შეთავაზებული პროგრამის ავ-კარგიანობის შესახებ მოგახსენებთ. და, სანამ ისინი, ამა თუ იმ, წარმოდგენას, კონკრეტულ რეჟისორს, მსახიობს, სცენოგრაფს გამოარჩევენ, მიიწვევენ ან გაიტანენ (გაიყვანენ) ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ანუ 2016 წლის ქართული პროგრამის შედეგები გვეცოდინება, ორ კითხვაზე პასუხის გაცემას შევეცდები. პირველი: როდესაც ქვეყანა ეკონომიკურ გასაჭირშია, საჭიროა კი ამდენი ფესტივალი? მეორე: სარეკომენდაციო ჯგუფმა (ლელა ოჩიაური, ლაშა ჩხარტიშვილი, თამარ ბოკუჩავა, დავით ბუხრიკიძე, მაკა ვასაძე), რატომ გაუწია რეკომენდაცია იმ 12 სპექტაკლს, რომელთა ჩამონათვალი „თეატრისა და ცხოვრების“ მე-5  ნომერში შეგიძლიათ იხილოთ. მართალია, ორგანიზატორებისა თუ კონკრეტული თეატრის გადაწყვეტილებით, მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის წარმოდგენა „ცხოვრება იდიოტისა“ ამოვარდა და 11 დარჩა, ჩვენ 12 ავირჩიეთ.

2016-ის „ქართული სპექტაკლების პროგრამის“ (Georgian showcase) მიმოხილვით, პირდაპირ თუ ირიბად, ამ ორ კითხვას ვუპასუხებ.

მაშ ასე, თავიდან რეკომენდებულ სპექტაკლებზე, შემდეგ კი, საპრემიერო ჩვენებებზეც მოგახსენებთ. დავიწყებ იმ ორი სპექტაკლით, რომლებსაც 2015-2016 წლების (შემოდგომიდან შემოდგომამდე)  საქართველოს სათეატრო სეზონის, ყველაზე გამორჩეულ წარმოდგენებად ვთვლი.

დაკანონებული უკანონობა,  შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.

„დაკანონებული უკანონობა“ რობერტ სტურუას (თანადამდგმელი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე)  რუსთაველის თეატრში განხორციელებული ბრეხტის მესამე პიესაა, თუ არ ჩავთვლით „ყვარყვარეში“ გამოყენებულ ეპიზოდს „არტურო უის კარიერიდან“. ბრეხტმა „გამონაკლისი და წესი“ 1930 წ. დაწერა და იგი დიდაქტიკურ-განმანათლებლურ ნაწარმოებთა რიცხვს განეკუთვნება. ეს არაა ბრეხტის საუკეთესო პიესა და დიდი პოპულარობითაც არ სარგებლობს. რობერტ სტურუა  ისევე თავისუფლად ეპყრობა ბრეხტის პიესებს, როგორც ამას სხვა ავტორთა მიმართ აკეთებს. რეჟისორი  დადგმას ტექსტის მონტაჟიდან იწყებს ხოლმე და სპექტაკლის ახალ, საკუთარი კონცეფციის, სათქმელის გამომხატველ ტექსტს ქმნის. ამ შემთხვევაში დამდგმელებმა სათაურიც შეცვალეს, სახელწოდება პიესაში არსებული ზონგებიდან აიღეს. სპექტაკლში ზოგი ტექსტი საერთოდ გაქრა, ზოგიც ჩამატებულია, გაკეთდა კუპიურები, გადაადგილდა ეპიზოდები, გაჩნდნენ გადაკეთებული პერსონაჟებიც. მაგალითად, ქარავან-სარაის მეპატრონე - შეიხად, ხოლო მოსამართლე ბუდისტ ბერად იქცა. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ დამდგმელებმა პიესის ფაბულა გამოიყენეს, ბრეხტის ნაწარმოების საკუთარი სცენური ვერსია შექმნეს და სპექტაკლის ჟანრი მხიარულ არაკად განსაზღვრეს. არადა, ეს მხიარული არაკი ორ მოქმედებად დღეს მსოფლიოში არსებულ სერიოზულ, მტკივნეულ პრობლემებზე მოგვითხრობს. ბიზნესმენ (პიესაში - ვაჭარი) კარლ ლანგმანის მოგზაურობა უდაბნოში, ნავთობის საბადოს დასაპატრონებლად კიდევ უფრო გამდიდრებისათვის, ადამიანის მიერ ადამიანის ჩაგვრაზე, ადამიანის სწრაფვაზე გამდიდრებასა და ძალაუფლების მოპოვებისათვის, სიკეთის დაუფასებლობაზე, ადამიანის მორალურ და ფიზიკურ განადგურებაზე, იმაზე რომ - „კეთილ კაცს სიკეთე ღუპავს“ - რეჟისორებმა იუმორით, ირონიით, გროტესკით, სიმსუბუქით გადმოსცეს. შეიძლება ითქვას, სპექტაკლი, ბრეხტის თეატრის მთავარი პრინციპის - გაართე და ისე ასწავლე - ერთ-ერთი საუკეთესო  მაგალითია. რობერტ სტურუამ და ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ, ბრეხტისა და ქართული სათეატრო ტრადიციების, სტურუასეული სათეატრო ენის შერწყმით, ფეიერვერკული სანახაობა შექმნეს. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლის სცენოგრაფია თავად დამდგმელებს ეკუთვნით. მოდერნისტულ-კუბისტურ სტილში შექმნილი სასცენო გაფორმება გაოცებს თავისი სილამაზით და სისადავით. გია ყანჩელის მუსიკა სპექტაკლის პლასტიკურ ნახაზს სიმსუბუქესა და ჰაეროვნებას მატებს. დადგმაში გამოყენებულია აგრეთვე ბახის, ბეთჰოვენის, მოცარტის ვერდის, ვაგნერის, შოპენის, ლისტისა და შუბერტის ნაწარმოებები, ზოგ ეპიზოდს კი „ბითლზების“ ცნობილი სიმღერა „Yellow Submarine“ გასდევს ფონად. კოტე ფურცელაძის მიერ შექმნილი ქორეოგრაფიული ნახაზი  კიდევ უფრო ამძაფრებს სპექტაკლის ირონიულ-გროტესკულ სტილისტიკას. მუსიკა და ქორეოგრაფია მსახიობებს ეხმარება პერსონაჟებისათვის დამახასიათებელი პლასტიკის შექმნაში. მათი  ჟესტიკულაცია, მიმიკა, მიხვრა-მოხვრა, მოძრაობა განსაკუთრებული, მხოლოდ ამა თუ იმ ტიპაჟისთვის განკუთვნილი და მაყურებლისათვის დასამახსოვრებელია. ორმოქმედებიანი სპექტაკლი, რომელიც შესვენებიანად დაახლოებით ორი საათი გრძელდება, საოცარ რიტმში მიმდინარეობს, მაყურებელს ერთი წუთით მოდუნების საშუალებას არ აძლევს. მოუთმენლად ელი მოვლენებისა თუ მოქმედების განვითარებას. რეჟისორთა გადაწყვეტით, მაყურებელი თავიდანვე ჩართულია სპექტაკლის მსვლელობაში. ეპიზოდიდან ეპიზოდზე, ამბიდან ამბავზე გადასასვლელად რეჟისორები ტრანსპარანტებს იყენებენ. თითოეული ამბის დაწყების წინ ტრანსპარანტი შემოაქვთ წარწერით, რომელიც ამ ეპიზოდის არსს გადმოსცემს. თეატრში თეატრის პრინციპით დადგმული სპექტაკლი გაოცებს რეჟისორთა ფანტაზიით,  ამბის დინამიკური განვითარებით, თვითირონიით, იუმორით, გროტესკით, სიმსუბუქით, მსახიობების მიერ შექმნილი პაროდირებული სახეებით. სპექტაკლი  ზოგადსაკაცობრიო, სერიოზულ პრობლემებზეა. ამისდამიუხედავად, რობერტ სტურუას და ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის დადგმის სტილისტიკა  მაყურებელს დასვენების საშუალებას და ესთეტიკური სიამოვნების განცდას ანიჭებს. სპექტაკლი სიცილთან და განტვირთვასთან ერთად სერიოზულად ჩაგაფიქრებს: „რა დაემართათ ადამიანებს, რატომ გახდნენ ისინი ასეთი უგულოები“.

Begalut უცხოობაში, - კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრი.

დრამატურგმა გურამ ბათიაშვილმა პიესაში „გამოეშურე ჩვენს საშველად, ღმერთო“, რომელსაც დამდგმელმა ჯგუფმა სახელი შეუცვალა და „უცხოობაში - Begalut“ უწოდა, გამოიყენა შალომ ალეიხემის „ტევიე მერძევს“ ერთი ეპიზოდი და ძალიან ცოცხალი, ქმედითი, იუმორითა და დრამატიზმით აღსავსე ამბავი შექმნა. რეჟისორმა ლევან წულაძემ და კომპოზიტორმა ვახტანგ კახიძემ კი ეს ამბავი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გააცოცხლეს. მუსიკისა და ქმედითი რიგის ჰარმონიული შერწყმითა თუ განვითარებით მათ არავერბალური, მხოლოდ ფიზიკურ ქმედებაზე აგებული სანახაობა წარმოადგინეს. დრამატურგიულ მასალაზე დაყრდნობით რეჟისორი თეატრალური, პირობითი ენით გვიყვება ორი ებრაული ოჯახის ცხოვრებაზე და ამ კონკრეტულ მაგალითზე, ზოგადად ცხოვრებისეულ პრობლემებზე, ადამიანთა ურთიერთობებზე, სიყვარულზე, ღალატზე, სიკეთესა და ბოროტებაზე გვესაუბრება. ბოლო წლებში განხორციელებული სხვა სპექტაკლების მსგავსად, სცენოგრაფია ამჯერადაც თავად რეჟისორ ლევან წულაძეს ეკუთვნის. ორი ებრაული ოჯახის წევრი-პერსონაჟები წარდგებიან მაყურებლის წინაშე  და თავიანთი ცხოვრების ისტორიის თხრობას იწყებენ. თხრობა, როგორც უკვე აღვნიშნე, არავერბალურია, მხოლოდ ქმედებაზეა აგებული. მსახიობები თავიანთი პერსონაჟებისათვის დამახასიათებელი მოძრაობით, პლასტიკით, ჟესტიკულაციით, ფიზიკური ქმედებით ქმნიან ტიპაჟებს. ვფიქრობ, სხვასთან ერთად, ამაში მათ ვახტანგ კახიძის მუსიკა ძალიან ეხმარება. ზოგადად, მუსიკა არა მარტო განწყობის, არამედ სპექტაკლის ფორმის, კონსტრუქციის, აგებულების ერთ-ერთი განმსაზღვრელია. მოქმედების შესაბამისად კომპოზიტორმა ებრაული, რუსული მოტივები გამოიყენა, ხოლო, კულმინაციურ მომენტებში, ნეკა სებისკვერაძის მიერ შესრულებული ებრაული „ნანა“ მაყურებელზე გასაოცარ ემოციურ ზეგავლენას ახდენს, სულსა და გულში ჩაგწვდება, აგაფორიაქებს.სპექტაკლის ფორმიდან გამომდინარე, გია მარღანიას (ქორეოგრაფი ) ფილიგრანული ნამუშევარი მსახიობებთან, რა თქმა უნდა, სპექტაკლის წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი კომპონენტია. აღსანიშნავია აგრეთვე, ნინო სურგულაძის მიერ, სხვადსხვა დეტალის გამოყენებით, ებრაელებისა თუ რუსებისათვის დამახასიათებელი კოსტიუმების შექმნა. ორი ებრაული ოჯახი, უცხოობაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში - რუსეთში ჩამოდის საცხოვრებლად. ისინი ერთმანეთის მეზობლად დასახლდებიან. შემოქმედებითმა ჯგუფმა ძალიან ცოცხალი გარემო, ატმოსფერო შექმნა. მაყურებლის ფიქრი თუ ემოცია თავიდანვე დაიპყრო და სპექტაკლის ბოლომდე მოდუნების საშუალება არ მისცა. ამას, სხვასთან ერთად, რა თქმა უნდა, სპექტაკლისათვის სწორად შექმნილი ტემპო-რიტმი ქმნის. წარმოდგენაში არაფერია ზედმეტი, ყოველი სცენა თუ ეპიზოდი დიდი გემოვნებით არის წარმოდგენილი და შესრულებელი. ებრაელთა ოჯახების უცხოობაში დასახლების პირველი სცენები იუმორით, კომიკური მომენტებით, სიხალისითაა აღვსილი და მაყურებელში დადებით განწყობას აღძრავს. დრამატურგი და რეჟისორი ორი ებრაული ოჯახის, რუსი გენერლის და მისი ამალის მაგალითზე ადამიანთა ცხოვრების სხვადასხვა ამბავს, ეპიზოდს ქმნიან: მეზობლური ურთიერთობები, ახალგაზრდა წყვილების არშიყი, ღალატი, მიტევება, ქორწილი და ა. შ. მთელი სპექტაკლის განმავლობაში ტიპაჟებს, პერსონაჟთა შორის ურთიერთობებს მსახიობები მხოლოდ ფიზიკური ქმედების საშუალებით გამოხატავენ. რა თქმა უნდა, ძნელია ამ ხერხით ამბის გადმოცემა. ეს რეჟისორისგან დიდი ფანტაზიის, გამომგონებლობის უნარს, ხოლო მსახიობთაგან პროფესიონალიზმს მოითხოვს. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ყველამ არაჩვეულებრივად გაართვა თავი დასახულ ამოცანას. რეჟისორის მიერ შექმნილი ეპიზოდები, ამბის თხრობა, მსახიობთა თამაში - ნათელი, გასაგები, ფიქრისა და ემოციის აღმძვრელია. რეჟისორის მიერ შექმნილი და მაყურებლისათვის შეთავაზებული პირობითი თეატრალური ენა - აბსოლუტურად მისაღებია. რუსული „სულის“ და ყოფის გამომხატველია ლევან წულაძის მიერ რამდენიმე მიმანიშნებელი შტრიხით გაკეთებული „ყველიერის“ სცენა. ვინ აძლევს ადამიანებს იმის უფლებას, რომ სხვა ადამიანები დაამცირონ, დაარბიონ, გააცამტვერონ, გაანადგურონ ფიზიკურად და სულიერად? ამ კითხვას ლევან წულაძე ფინალისკენ დოსტოევსკის წერილის წაკითხული ამონარიდით უპასუხებს. მოულოდნელი და ბევრ რამეზე დამაფიქრებელი იყო ჩემთვის უცნობი წერილის ნაწყვეტი, რომელშიც იმდენი ღვარძლი, არაადამიანური, არაკაცთმოყვარე დევს... დიდი მწერალი, ჰუმანური, პროგრესული იდეების ნაცვლად სიძულვილსა და ძალადობას ქადაგებს. ალბათ, ამიტომაც ხდებოდა ებრაელთა სასტიკი დარბევები რუსეთსა თუ სხვა ქვეყნებში. მოწინავე ინტელექტუალები ხელ-ფეხს უხსნიდნენ მასებს ძალადობისკენ და თანაც ამას რელიგიურ სარჩულსაც უდებდნენ და ქრისტეს სახელით მოქმედებდნენ. შემოქმედებითმა ჯგუფმა ცოდვა-მადლით,  ადამიანური ურთიერთობებითა და გრძნობებით აღვსილი სამყარო შექმნა სცენაზე და არაჩვეულებრივად, ხატოვნად მოიტანა მაყურებლამდე.

მოხუცი ქალის ვიზიტი, - კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სარდაფი.

ახალგაზრდა რეჟისორმა სანდრო ელოშვილმა დიურენმატის პიესის საინტერესო კონცეფცია შემოგვთვაზა. რეჟისორის მიერ განხორციელებულ დადგმაში შემცირებულია პერსონაჟთა რაოდენობა, ზოგი ერთ სახეში გააერთიანდა, ზოგი საერთოდ ამოვარდა. რეჟისორმა პიესაში ცვლილებები, კუპიურებიც შეიტანა: ზოგი ტექსტი ამოაგდო, ზოგიც ჩაამატა. სამმოქმედებიანი ტრაგი-კომედია ორ მოქმედებად წარმოგვიდგინა.  მოკლედ, სანდრო ელოშვილმა დრამატურგიული ტექსტი უფრო გაათანამედროვა, საკუთარ ინტერპრეტაციას, კონცეფციას მოარგო. ამისდამიუხედავად, დიურენმატის პიესის სტრუქტურა და მთავრი სათქმელი შეინარჩუნა: საზოგადოების სულიერი დეგრადირება შურისძიებისა და მონანიების მოტივების ფონზე.რეჟისორმა და მხატვარმა (ირაკლი ავალიანი) სპექტაკლისთვის სადა სცენოგრაფია და განათება შექმნეს. ცივი ცისფერი მეტლახითაა შექმნილი ანტურაჟი, სადაც ე. წ. „დღის განათების“ ნათურებია ჩამოკიდებული. გარემო, რომელშიც პერსონაჟები მოქმედებენ, ერთდროულად ტუალეტად და მორგად აღიქმება. მთელი წარმოდგენის განმავლობაში სიკვდილის თემა სიუჟეტური თუ ქმედითი ხაზის განვითარების მამოძრავებელია და, ალბათ, ამიტომაც, რეჟისორმა და სცენოგრაფმა დეკორაციაშიც მორგზე მიანიშნეს. სცენის ბოლოში პოლიეთილენის გამჭვირვალე ფარდაა ჩამოკიდებული, რომლის მიღმა ე. წ. მეორე პლანის მოქმედება ვითარდება ხოლმე. რეკვიზიტიც ძალიან მწირია და ქმედითი. ამ ცივ სივრცეში ერთი გრძელი ხის სკამი, ინვალიდის ეტლი (რომელშიც კლარა ზის ხოლმე) და მწვანე მცენარეებიანი რამდენიმე ქოთანია მოთავსებული. აქცენტები უფრო კლარასა და ალფრედის კოსტიუმებზეა გაკეთებული. მოვლენათა და გარემოებათა ცვლილებასთან ერთად, ამ ორი მთავარი პერსონაჟის კოსტიუმების ფერი იცვლება: მუქი ლურჯი, ცისფერი, ნაცრისფერი, შავი და წითელი დომინერებს მათ ჩაცმულობაში. მუსიკალურმა გამფორმებელმა ზურაბ გაგლოშვილმა და ქორეოგრაფმა გია მარღანიამ, შესაბამისი მუსიკალური ტონალობა და მსახიობთა მოძრაობის პლასტიკა შექმნეს სპექტაკლისათვის. პიესისა და სპექტაკლის ტრაგი-კომედიური ჟანრი ხაზგასმულად არის ასახული მათ ნამუშევარში. აღსანიშნავია მხატვრული განათებაც: შიგადაშიგ ფოტოგადაღების მსგავად Flash-ის ეფექტით გრძელ სკამზე მსხდომი ადამიანები ამონათდებიან, შემდეგ სცენა ნათდება და პერსონაჟები საქმიან ფუსფუსს იწყებენ.სამსახიობო ოსტატობით, პროფესიონალიზმით გამოირჩევა ქეთი ცხაკაიას და გია როინიშვილის დუეტი. რეჟისორის გადაწყვეტით, გიულენელებს ქეთი ცხაკაიას „მხსნელი“ მოულოდნელად, ისე რომ თავიდან მას ვერც ამჩნევენ, ინვალიდის სავარძელში მოევლინება. რეჟისორის კონცეფციით, მთავარი აქცენტი ორ პერსონაჟზეა გადატანილი: კლარა ცახანასიანსა და ალფრედ ილზე. ქეთი ცხაკაია ქმნის სტატიკურ, ერთი შეხედვით თითქოს უემოციო, მიზანმიმართული შურისმაძიებლის სახეს. ერთდროს სიცოცხლით სავსე, ჟღალთმიანი, ლამაზი, მხიარული გოგო მკაცრ, ცინიკოს დესპოტად იქცა. ფულმა მას განუსაზღვრელი ძალაუფლება მისცა. ყმაწვილქალობაში კლარას სასტიკად მოექცნენ: შეყვარებული, თანამოქალაქეები, სასამართლო. ყველამ უღალატა, ყველამ გასწირა.  სპექტაკლში კლარა მორალურად თუ ფიზიკურად ანადგურებს მოღალატეებს. ქეთი ცხაკაიას კლარა თავისთავში დარწმუნებული, მკაცრი,  ულმობელი, ირონიული ქალის სახეს ქმნის. ადამიანები მისთვის არარაობებად არიან ქცეულნი. იგი არა მარტო გიულენელებს ეპყრობა, როგორც ნივთებს, არამედ ზოგადად ადამიანებს. ხელთათმანებივით იცვლის ქმრებს, ფული მას ყველაფრის, ყოველი მისი სურვილის ასრულების საშუალებას აძლევს. ქეთი ცხაკაიას კლარას ილისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. იგი მზად არის თავისი „ავაზა“, სიყვარულის წუთებში ასე უწოდებდა თავის შეყვარებულს, ფიზიკურად გაანადგუროს, მაგრამ საოცრება ის არის, რომ ილის გარდაცვალებას მხოლოდ იგი განიცდის. „სიყვარულმა მე ურჩხულად მაქცია“ - ეუბნება კლარა ილს. იგი ურჩხულად იქცა, რომელიც ფეხქვეშ თელავს, ანადგურებს ყველა ადამიანურ ფასეულობას. ყველაფერს და ყველას დასცინის და ფულით ყიდულობს: ღვთისმსახურებს, პოლიციელებს, სახელმწიფო მოხელეებს, სასამართლოს, უბრალო მოქალაქეებს. ზუსტი, დამახასიათებელი შტრიხებით ქმნის ქეთი ცხაკაია თავისი პერსონაჟის სახეს. ძუნწი, სტატიკური მოძრაობები, მბრძანებლური ჟესტიკულაცია და პლასტიკა, შიგადაშიგ კი ბობოქარი, წამლეკავი ემოციის ამოფრქვევა. საოცრად მეტყველი თვალებით მსახიობი კლარას შინაგან ბუნებას გადმოსცემს. აღსანიშნავია აგრეთვე, მისი გამყინავი ჟრუანტელის მომგვრელი სიცილი. მისი ერთადერთი მამოძრავებელი ძალა - შურისძიებაა, ყველა დანარჩენი გრძნობა თუ ემოცია ამ ადამიანმა საკუთარ თავში ჩაიხშო და გაანადგურა. ქეთი ცხაკაია ოსტატურად ქმნის დაზიანებული ცნობიერების მქონე და შინაგანად გაქვავებული, ურყევი  ქალის სახეს. კლარას სულიერი გაყინვის გარეგანი გროტესკული გამოხატულებაა ის, რომ იგი  თითქმის მთლიანად პროტეზებისგან შედგება. მან ავტოავარიასა თუ ავტოკატასტროფაში, ჯერ ფეხი, შემდეგ ხელი დაკარგა, მაგრამ  შურისძიების განცდა და „სამართლიანობის აღდგენის სურვილი“ მას სასიცოცხლო ძალებს უნარჩუნებს. გია როინიშვილი ალფრედ ილის სახის შექმნისას, მისი ე. წ. „გაადამიანურების“ პროცესს გადმოსცემს. კლარასგან განსხვავებით, ილის პერსონაჟი თანდათანობით საკუთარი ცოდვების ამღიარებელ და მომნანიებელ ადამიანად იქცევა. გია როინიშვილი დახვეწილი სამსახიობო ოსტატობით გვიჩვენებს თავისი პერსონაჟის გარდაქმნის გზას. დასაწყისში გია როინიშვილის ილი, თუმცა გაღატაკებული, მაგრამ მაინც თავის თავში დარწმუნებული, ერთი პროვინციული ქალაქის მედუქნეა. კლარასთან პირველი შეხვედრისას გია როინიშვილის ილი ხანში შესული, მაგრამ ჯერ კიდევ სიმპათიური, მოარშიყე მამაკაცია. მსახიობი პლასტიკით, ჟესტიკულაციით, მაცდური ღიმილით ცდილობს ყოფილი შეყვარებულის გულის კვლავ „მონადირებას“. კლარას მოთხოვნით, მათი ადრინდელი შეხვედრების ადგილის - კონრადის ტყის - მონახულებისას იგი ყველანაირად ცდილობს „კლერის შებმას“. წუწუნებს კიდეც, რომ მასთან განშორების შემდეგ, მისი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა, რომ ოჯახში უბედურია, რომ მისი არავის ესმის, არც ცოლს და არც შვილებს... კლარას გიულენელებისადმი ულტიმატუმის გაცხადებას - მილიარდის სანაცვლოდ მისი სიცოცოცხლის მოთხოვნას, გია როინიშვილის ილი გაორებულად აღიქვამს და ორმაგ განცდას გამოხატავს. ამ მოთხოვნას ერთდროულად კლერის მორიგ ხუმრობად მიიჩნევს და თან ცოტათი შეშინებულიცაა. შემდეგ სცენებში, მაყურებელი ხედავს, მსახიობის ნაძალადევ ღიმილსა თუ ზედმეტად თავაზიან ჟესტებში, როგორ ცდილობს ილი გიულენელების „გულის მონადირებას“. იგი მზად არის, მთელ ქალაქს კრედიტში მისცეს საქონელი, სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ. მომდევნო ეპიზოდებში გია როინიშვილის პერსონაჟი უკვე ძალიან შეშინებულია, მაგრამ საბრძოლველადაა მომართული. მსახიობის პლასტიკა, ჟესტიკულაცია, მიმიკა უფრო მკვეთრი და გამომხატველი, შინაგანი ემოციური მუხტი კი ბობოქარი ხდება. სულ სხვანაირი ილი წარდგება მაყურებლის წინაშე საკუთარ დუქანში მასწავლებელთან, ჟურნალისტებთან და ბურგომისტრთან საუბრისას, მეორე მოქმედებაში. ამ ეპიზოდებში გია როინიშვილის ილი გაწონასწორებულია, მისი მოძრაობები დადინჯებულია, ხოლო სახეზე სიმშვიდე აღებეჭდება. მან უკვე აღიარა და მზად არის „ძველი“ ცოდვები მოინანიოს. მან გააცნობიერა, რომ კლარას შურისმაძიებელ ურჩხულად ქცევა, გიულენელების მორალური, სულიერი დეგრადირება, საკუთარი თავის ამ მდგომარეობაში ჩაყენება, სხვასთან ერთად, მისი ღალატის ბრალია. ბურგომისტრთან ბოლო საუბრისას, როდესაც მას სულმოკლე გიულენელები თვითმკვლელობისკენ უბიძგებენ, გია როინიშვილის პერსონაჟის სახეზე ღიმილნარევი ირონია აღიბეჭდება. სიკვდილის შიში ილმა მარტომ დაძლია, კათარზისის გზა მარტომ განვლო და ამიტომაც არ აპირებს გიულენელები საშინელი დანაშაულის ჩადენის გამო, სინდისის ქენჯნისგან გაათავისუფლოს. ფინალში კი, როდესაც ალფრედ ილს გიულენელების მიერ გამოტანილ განაჩენს უკითხავს გუბერნატორი, მსახიობის სახეზე ერთდროულად სხვადასხვა გრძნობა, განცდა აისახება: სინანული, მიმტევებლობა და სევდა. ილს გული უსკდება და კვდება. სპექტაკლში, ისევე როგორც პიესაში, თანდათანობით ნათელი ხდება, რომ გიულენელებს არ ძალუძთ დემოკრატიული ტრადიციების შენარჩუნება. მათ მილიარდი აცდუნებთ, ვინაიდან ეს „საჩუქარი“ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფთ, ყველა პრობლემას მოუგვარებს. რეჟისორის კონცეფციით, ისინი კლარამ ფულზე გაყიდულ, სინდისგარეცხილ როსკიპებად აქცია.სანდრო ელოშვილის მოფიქრებული ფინალი სასტიკი, ულმობელი და იმავდროულად გროტესკულია. საკრებულოში ქალაქ გიულენის საზოგადოებამ მოიყარა თავი, აქვე არიან ჟურნალისტები-სვავები. რეჟისორი და მსახიობები ხაზს უსვამენ აქ განვითარებული მოვლენის ფარსულობას. ალფრედ ილის გარდაცვალებისთანავე, დეგრადირებული საზოგადოების წევრები უცებ მოძებნიან გამოსავალს (კლარას პირობაა, მილიონების სანაცვლოდ ილის მოკვლა) - ყოველი მათგანი ქვას დებს ილის სხეულსა თუ მის გარშემო. მისი ჩაქოლვის იმიტაციას ქმნიან. შემდეგ კლარას „ახარებენ“ ილის მკვლელობას. კლარას თავის შეყვარებული კაპრიზე მიჰყავს, როგორც იქნა, ილი მხოლოდ მისია. კლარას ადვოკატი კი ჩეკს მიუგდებს ადამიანის სახედაკარგულ ბრბოს. ჩეკს ბურგომისტრი აიღებს, როგორც ქალაქის თავი და ამ საზოგადოების ლიდერი. გიულენელები მის გასწვრივ განლაგდებიან და გახარებულები ფოტოს იღებენ. მსხვერპლად შეწირული ილი აღარავის ახსოვს...

13 თიბათვის, - გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი.

გიორგი მაცხონაშვილის სპექტაკლი, თბილისში 2015 წლის 13 ივნისს დატრიალებული სტიქიური ტრაგედიის შესახებ მოგვითხრობს. ადიდებულმა მდინარე ვერემ შეიწირა ადამიანები, ცხოველები, დაანგრია სახლები, გზები... რეჟისორი საინტერესო დოკუმენტურ-მხატვრული ფორმით ცდილობს მაყურებლამდე სათქმელის მიტანას. გამოყენებული აქვს  დღეს მსოფლიო სათეატრო სივრცეში „მოდური“ ვიდეოკადრები... რეალურობისა და ირეალურობის ზღვარზე მყოფი (ფინალისკენ აღმოჩნდება, რომ დაღუპული) 4 პერსონაჟი: ყოფილი მსახიობი, სტუდენტი, „დაუფასებელი“ პოეტი და ფემინისტი ქალბატონი - მათი განვლილი ცხოვრების გადმოცემით, ცდილობენ „გარკვევას“, ვისი ბრალია დატრიალებული ტრაგედია... ეს, მხოლოდ სტიქიის შედეგი იყო, თუ ზოგადად ადამიანთა უპასუხისმგებლობის და უგულისყურობის? შერეული ფორმის სპექტაკლში, მსახიობები თოჯინასაც ათამაშებენ და ეს თოჯინა, გმირთა მოედანზე ზოოპარკის წალეკვის შემდეგ, შეშინებული და უაზროდ მობოდიალე ბეჰემოტი გახლავთ. ადამიანთა უგუნურებამ, მსხვერპლად შეიწირა არა მარტო ადამიანები, არამედ უდანაშაულო ცხოველებიც... რომლებიც ისედაც, მათთვის არაბუნებრივ გარემოში, ზოოპარკში ცხოვრობდნენ...

მეფე ლირი, - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი.

შექსპირის „მეფე ლირი“ საქართველოში, თბილისში, პირველად XIX საუკუნეში ილია ჭავჭავაძემ განახორციელა გიმნაზიის შენობაში. წარჩინებული ოჯახებიდან შეკრიბა შემსრულებლები და ცოცხალი სურათები წარმოადგინა, მეფე ლირს კი თავად ასახიერებდა. შემდგომ, XX საუკუნის 20-30-იან წლებში, კოტე მარჯანიშვილს და სანდრო ახმეტელსაც ჰქონდათ განზრახული „ლირის“ დადგმა, მაგარამ არ განუხორციელებიათ, შემონახულია პიესის სარეჟისორო ინტერპრეტაციები. 1948 წელს ტრაგედია აკაკი ვასაძემ დადგა რუსთაველის თეატრში, აკაკი ხორავა ასრულებდა ლირის როლს. რეჟისორი „მოგონებებსა და ფიქრებში“ ამ სპექტაკლს გაუმართლებელ და უაზრო ცდას უწოდებს. წარმოდგენა ჩავარდა. 1960-იანი წლების მეორე ნახევარში მიხეილ თუმანიშვილი დგამს „მეფე ლირს“ რუსთაველის თეატრში, ლირს სერგო ზაქარიაძე თამაშობდა. წარმატება არც ამ სპექტაკლს ხვდა წილად. 1974 წელს გიგა ლორთქიფანიძე რუსთავის დრამატულ თეატრში დგამს შექსპირის ამ პიესას, ლირის როლს აკაკი ვასაძე ასახიერებდა. რობერტ სტურუამ „მეფე ლირზე“ მუშაობა 1982 წელს დაიწყო. მან 5 წელი მოანდომა ჩანაფიქრის განხორციელებას, პრემიერა 1987 წელს შედგა.

თუმანიშვილის თეატრში 2016 წ. დადგმული „მეფე ლირი“ შექსპირის გენიალური ტრაგედიის საინტერესო ინტერპრეტაციაა.  ზურაბ გეწაძე (მიხეილ თუმანიშვილის მოწაფე) დიდხანს მუშაობდა დადგმაზე. სპექტაკლს ეტყობა, რომ ნაფიქრია. რეჟისორმა ძალიან კარგი შემოქმედებითი ჯგუფი შემოიკრიბა. უპირველეს ყოვლისა, რეჟისორმა დრამატურგიული ნაწარმოების ახალი თარგმანი გააკეთებინა მანანა ანთაძეს. ტექსტი გათანამედროვებულია (თანამედროვე ლიტერატურულ ქართულს ვგულისხმობ) და არაჩვეულებრივად ჟღერს სცენიდან. სცენოგრაფმა შოთა გლურჯიძემ მინიმალისტური ხერხებით შექმნა სცენოგრაფია. სცენის შუაში განთავსებული მასიური ხის დანადგარი თაუერის ციხესიმაგრის ნაწილადაც შეიძლება აღიქვა. იგი, მართალია, მასიურობის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ  მექანიზმებით აღჭურვილი მოძრავია, და სხვადასხვა ეპიზოდსა თუ სცენაში ადვილად ტრიალდება. მარჯვენა და მარცხენა აივნებზე სცენაზე გათამაშებული ამბის თვალყურის მადევნებლები განათავსეს მხატვარმა და რეჟისორმა. შემდგომ, ფინალისკენ გადამწყვეტი ბრძოლის დროს, სწორედ მათ გადმოყრიან აივნიდან, როგორც დაღუპულებს ბრძოლის ველზე. მხატვრული განათების გამოყენებით ეს სცენა ძალიან ეფექტურია. სცენის მარცხენა ნაწილში ლირის ტახტრევანი განათავსეს, მაგიდაზე ლირის სამეფოს რუკაა ჩარჩოში ჩასმული. რეჟისორმა და მხატვარმა თავიდანვე მიუთითეს, რომ დედამიწის ამ კონკრეტული „მიწის ნაგლეჯის“ გამო, შემდგომ დიდი ტრაგედია დატრიალდება... ზურაბ გეწაძის შექსპირის ტრაგედიის ინტერპრეტაცია და კონცეფციაც სწორედ ეს გახლავთ. რუკაზე გამოსახული ლირის სამეფოს გამო ადამიანებმა, დებმა, ძმებმა, ნათესავებმა, მეგობრებმა ერთმანეთი ფიზიკურად თუ სულიერად გაანადგურეს. მთავარი დამნაშავე კი „ამპარტავნება შეყრილი“ ლირია. სწორედ, ლირის მიერ ინსპირირებული „სულელური სურვილი“ - სამეფოს სამ დას შორის სამ ნაწილად გაყოფა - სინამდვილეში კი ისევ მბრძანებლად დარჩენა, გაანადგურებს, გააცამტვერებს მის მიერ შექმნილ სამყაროსაც და ამ სამყაროში მცხოვრებ ადამიანებსაც. აღსანიშნავია, უკლებლივ ყველა მსახიობის ნამუშევარი. ქართული პროგრამის მოკლე მიმოხილვაში, ზურაბ ყიფშიძის მაღალი პროფესიონალიზმით, არტისტიზმით შესრულებულ ლირს გამოვყოფ. სამწუხაროდ, მიზეზთა გამო, ეს უნიჭიერესი მსახიობი ჩვენი ქვეყნის სათეატრო სივრცეში, ვთვლი რომ, ბოლომდე რეალიზებული არაა. საბედნიეროდ, მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელიც მისი სათეატრო შემოქმედებით გზას, დასაწყისიდან დღევანდელობამდე, თვალს ადევნებს. ზურაბ ყიფშიძე სხვა ქვეყანაში რომ დაბადებულიყო, სამსახიობო ხელოვანთა „ცის კაბადონზე“ ერთ-ერთი ვარსკვლავი იქნებოდა. თემურ ჩხეიძის მარჯანიშვილში დადგმული იასმინა რიზას „Art ხელოვნების“ შემდეგ ლირამდე, შეიძლება ითქვას, მას სერიოზული თეატრალური პერსონაჟი არ შეუქმნია. მისი ლირი კი, ნაფიქრი, განცდილი, მაღალი პროფესიონალიზმით შექმნილი ტრაგიკული გმირია. მსახიობი თავიდან ბოლომდე, მოვლენათა რიგის განვითარების კვალდაკვალ, გამოსახავს ამპარტავანი, მაგრამ შვილების მოსიყვარულე, დიქტატორი-დესპოტის ადამიანად, მამად გარდაქმნის პროცესს.

სტუმარ-მასპინძელი, - სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი.

ქართული კლასიკური შედევრი, ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“, ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ახალგაზრდა რეჟისორმა ირაკლი გოგიამ დადგა. ერთ საათიან სპექტაკლში, რეჟისორმა ვაჟა-ფშაველას სხარტი, კომპაქტური და საინტერესო ინტერპრეტაცია-კონცეფცია შემოგვთავაზა. ვაჟას პოემის პერსონაჟები, მან „უხსოვარ დროში“ გადაიყვანა და საუკუნეებს მიღმა არსებული რიტუალური ქმედებების მონაწილეებად აქცია. იმავდროულად, ტექსტი გაათანამედროვა (თანამედროვე ლიტერატურული ქართულით მეტყველებას ვგულისხმობ).  რეჟისორს, რა თქმა უნდა, ჩანაფიქრის განხორციელებაში, სცენოგრაფი - ლაშა იაშვილი და კოსტიუმების მხატვარი - მარიკა კვაჭაძე დაეხმარნენ. ტყავისა და ნაჭრისაგან შექმნილი კოსტიუმები უძველესი ეპოქების ჩაცმულობის მსგავსია (თუმცა რაღაცით ძველბერძნულსაც მოგაგონებენ). სცენოგრაფია, კი მსხვერპლშეწირვის ადგილის ასოციაციას ბადებს. საინტერესოა, რომ რეჟისორმა სპექტაკლში, ანტიკური ტრაგედიისთვის დამახასიათებელი, ქორო შემოიყვანა. ქოროს წევრები (მთიანი რეგიონებისთვის დამახასიათებელი), უხუცესები და ქურუმები არიან.  ირაკლი გოგიამ წარმოდგენაში ძირითადად ახალგაზრდა მსახიობები დააკავა. მათ კარგად გაართვეს თავი რეჟისორის მიერ მიცემულ ამოცანას. აღსანიშნავია ისიც, რომ რეჟისორმა ვერბალურ თუ სასიმღერო ტექსტში ქართული ხალხური ფოლკლორის ნიმუშებიც შეიტანა. სპექტაკლი საინტერესოა, არა მარტო ვაჟას პოემის ახლებური ინტერპრეტაციით, არამედ ვიზუალურ-გამომსახველობითი თვალსაზრისითაც.

ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს, - თავისუფალი თეატრი.

თავისუფალ თეატრში ავთო ვარსიმაშვილის მიერ განხორციელებული „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“ თანამედროვე ცხოვრების ეკონომიკურ, სოციალურ კრიზისს ასახავს და პრობლემათა სიმწვავით გამოირჩევა. რეჟისორმა რომანისა თუ კინოფილმის გადმოქართულებისას შეცვალა მოქმედების ადგილი, პერსონაჟთა სახელები და შექმნა ქართული რეალობისათვის დამახასიათებელი გარემო. ავთო ვარსიმაშვილის ადაპტირებული ნაწარმოები ჩვენს თანამედროვეობას შეერწყა გმირთა ხასიათებით და სიტუაციებით. რეჟისორი სპექტაკლში ჩვენს უახლეს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემატიკას ასახავს და საზოგადოებისათვის მტკივნეულ საკითხებს წამოსწევს წინა პლანზე: ვინ ვართ, რა ფასეულობებით ვცხოვრობთ, გვაქვს თუ არა გადარჩენის შანსი. აღსანიშნავია, რომ გადმოქართულებისას რეჟისორმა ტექსტში თანამედროვეობისათვის დამახასიათებელი ჟარგონი, სლენგი, მოკლედ, საქართველოში არსებული უხლესი  სამეტყველო ფორმები ჩართო. მხატვრების - შოთა გაბალიშვილის (სცენოგრაფია) და თეო კუხიანიძის (კოსტიუმები) -  მიერ სცენაზე შექმნილი სივრცე საჯინიბოს წარმოადგენს, რომელშიც შოუს შემქმნელებმა ცხენებად ქცეული რვა ადამიანი გამოამწყვდიეს. პროდიუსერები, საჯინიბოში გამომწყვდეულებს არაადამიანურ შეჯიბრში, დაუსრულებელ მარათონში მონაწილეობისათვის არენაზე უშვებენ. ოთხი წყვილიდან მხოლოდ ერთი გაიმარჯვებს და მიიღებს დაპირებულ ფულად ჯილდოს. ჩაკეტილ წრეში მყოფი, დაპირისპირებული პერსონაჟების წარმოჩენით, რეჟისორმა ჩვენი თანამედროვე საზოგადოების ყოფა ასახა.

რეჟისორის კონცეფციას, მარიამ ალექსიძის სპექტაკლისთვის შექმნილი პლასტიკური ნახაზი, ჰარმონიულად ერწყმის. მისი ნამუშევარი, პერსონაჟთა ხასიათების შექმნისთვის, ერთ-ერთი განმსაზღვრელი კომპონენტია. მსახიობების ფიზიკური ქმედება, მიხვრა-მოხვრა, პლასტიკა, ჟესტიკულაცია, ამა თუ იმ, გმირისთვის დამახასიათებელია. ამბიდან გამომდინარე, „შოუში“ მონაწილეები ბევრს ცეკვავენ, მაგრამ მათი მოძრაობები მონოტონურია, გაწელილია, თითქოს მათი გაუსაძლისი ცხოვრების ამსახველია. იმავდროულად, მსახიობთა პალასტიკა გმირთა პროტესტის გამომხატველიცაა.

დაპირებული ასი ათასი ლარის მოპოვება „შოუში“ მონაწილეთა მიზანია. რეჟისორი და მსახიობები სხვადასხვა ხასიათის ტიპაჟებს ქმნიან. რეალურ (Live) შოუში მონაწილეები - მტრობენ, ებრძვიან, ეხმარებიან ერთმანეთს და უყვარდებათ. ისინი ერთდროულად: ერთგულები, ადამიანურები, ანგარებიანები, ფარისევლები არიან. ისინი მიზანდასახულად თანხმდებიან სასტიკ ბრძოლაში, შეჯიბრში მონაწილეობაზე. ზოგი ვერ უძლებს გაუსაძლის პირობებს და მარათონს ეთიშება. დასასრულისკენ ერთი წყვილი იმარჯვებს. სპექტაკლში მონაწილე მსახიობები ქმნიან მხატვრულ ტიპაჟებს, რომლებიც ჩვენს რეალურ ცხოვრებაში არსებობენ და გვხდებიან. ზოგადად, სპექტაკლში ნაჩვენები შოუ რეალური ცხოვრების პატარა მოდელია. რეჟისორის მთავარი სათქმელია: ადამიანთა სიცოცხლე (არსებობა) ერთი დიდი, დაუსრულებელი, სასტიკი, ყოველგვარი კანონების გარეშე არსებული მარათონია. თითოეული ჩვენგანი ამ მარათონშია ჩაბმული, ჩვენ ყველა „Live-შოუს“ მონაწილეებად გარდავიქმენით. წარმოდგენის სარეჟისორო კონცეფცია, თითქოს სოციალურ პრობლემატიკაზეა, მაგრამ ავთო ვარსიმაშვილი კონკრეტულიდან განაზოგადებს. იგი, სათეატრო, პირობითი ენით ჩვენი ქვეყნის (და, არა მარტო) ხელმოცარული, გზააცდენილი, ნიჭიერი ახალგაზრდების ამბავს მოგვითხრობს. მათ სურთ იცხოვრონ ნორმალურად, ისინი იბრძვიან, რათა გადარჩნენ. ამ უთანასწორო და კანონგარეშე ბრძოლაში კი, იმ  ქანცგაწყვეტილ ცხენებს ემსგავსებიან, რომლებსაც საბოლოოდ ხოცავენ.

წუხილი, - დამოუკიდებელი პროექტი.

ახლგაზრდა რეჟისორმა დავით ხორბალაძემ, საინტერესო შემოქმედ-თანამოაზრეთა ჯგუფი შემოიკრიბა. მან, ტატო გელიაშვილთან (სცენოგრაფია), ლანა ყავრელიშვილთან (ქორეოგრაფია), ანა გურგენიძესთან (რეჟისორის თანაშემწე) და მსახიობებთან - გვანცა ენუქიძე, თემო რეხვიაშვილი, მიხეილ აბრამიშვილი - ერთად, დამოუკიდებელი პროექტი-პერფორმანსი შექმნა. ერთსაათიანი წარმოდგენის გემოვნებით შერჩეული, მუსიკალური გაფორმება (გამოყენებულია ნაწყვეტები - ჰენრი პერსელის, კლაუდიო მონტევერდის, გლინ სტაილერის, მადონას და ნანა ბალახაშვილის ნაწარმოებებიდან) თავად დამდგმელს ეკუთვნის. კატალოგში ვკითხულობთ, რომ მათი მიზანია „საკუთარ თავზე დაკვირ­ვების გზით, თავი მოუყაროს და ილაპა­რაკოს იმ პრობლემებზე, რომელიც აქტუალურია აქ და ახლა. რადიკალური ექსპერიმენტული ძიებების საშუალებით იპოვოს მაყურებელთან ურთიერთობის ისეთი ფორმა, რომელიც არ მისცემს მათ მოდუნების საშუალებას და აქცევს წარ­მოდგენის ისეთივე აქტიურ ნაწილად, რო­გორიც მსახიობები არიან. „წუხილი“ ამ ჯგუფის პირველი ერთო­ბლივი ნამუშევარია და წარმოადგენს სხვა­დასხვა თეატრალური მეთოდის ერთიანი გააზრების მცდელობას“. გამოხატვის, ევროპაში უკვე აპრობირებული, მაგრამ ჩვენთვის (საქართველოსთვის) ჯერ კიდევ, ახალი ფორმა მოუნახეს თავის სათქმელს რეჟისორმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა. ახალგაზრდა ექიმის და მისი გარდაცვლილი „პაციენტების“  გაუსაძლისი ცხოვრების ამბის გადმოცემით, რეჟისორი ცდილობს ახსნას მათი „წუხილის“ მიზეზი. პერფორმანსი-სპექტაკლი ინტერაქტიულია და მაყურებელი თავიდანვე ჩართულია წარმოდგენის მსვლელობაში. საბოლოოდ, ახალგაზრდა მამაკაცი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს. შემოქმედებითი ჯგუფი, მაყურებლის უშუალო მონაწილეობით, ცდილობს ამოიცნოს სხვადასხვა გარემოება, რომელთა გამო, გარდაცვლილი ადამიანი-პერსონაჟების ცხოვრება არ შედგა. აღსანიშნავია, რომ დავით ხორბალაძის პიესა, ერთ-ერთი გამარჯვებული იყო, მიხეილ თუმანიშვილის ფონდის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი პროექტის: „პიესა რუსთაველის თეატრისათვის“;  ასევე, 2016 წელს, Next Stage Europe-ს ფარგლებში, გერმანულ ენაზე გამოცემულ კრებულშიც შევიდა (გოეთეს ინსტიტუტის გამოცემა).

შვლის ნუკრის ნაამბობი, - ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრი.

ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაოდ წარმატებულმა და ცნობილმა (არა მარტო საქართველოში) რეჟისორმა ნიკა საბაშვილმა ვაჟა-ფშაველას მოთხრობა „შვლის ნუკრის ნაამბობი“ გაასცენურა. დამდგმელმა, ამ გენიალურ ნაწარმოებთან, რამდენიმე მოთხრობის  („ია“, „ქუჩი“, „ხმელი წიფელი“)  ნაწყვეტი გააერთიანა. 45-წუთიანი სპექტაკლი ერთი ამოსუნთქვით მიდის. არაჩვეულებრივი თოჯინები, რიტმი, პლასტიკური ნახაზი, რეჟისორის გამომგონებლობა და ფანტაზიის უნარი, სწორად შერჩეული მუსიკალური გაფორმება მაყურებელზე მომნუსხველ გავლენას ახდენს.  სპექტაკლი უფრო მოზრდილი ასაკის ბავშვებისთვის (ალბათ,სკოლის მე-3, მე-4 კლასელთათვის) და უფროსებისთვის შექმნილი სანახაობაა.მოთხრობაც არ არის განკუთვნილი პატარა ბავშვებისთვის, ისინი უბრალოდ ვერც გაიგებენ და ამასთან ერთად, ალბათ, არც ღირს პატარებისთვის მისი წაკითხვა, იმდენად გულის დამთუთქველია ვაჟას გენიალური ნაწარმოები: ადამიანთა მოდგმის სისასტიკეზე, უგულობაზე, ულმობლობაზე, უმეცრებაზე... შემოქმედებითმა ჯგუფმა  ვაჟას მოთხრობების სული, განწყობა, ატმოსფერო შექმნა. რეჟისორთან ერთად ეს ახალგაზრდა მხატვრის, ილია საჯაიას დამსახურებაა, რომელმაც თოჯინურ სპექტაკლზე პირველად იმუშავა და არაჩვეულებრივად გაართვა თავი. გარდა იმისა, რომ  მან  მოქნილი, მოძრავი, მეტყველი თოჯინები შექმნა, ამასთანავე -  მარტივი, მაგრამ ულამაზესი, შთამბეჭდავი დეკორაცია და რეკვიზიტი გააკეთა თეჯირებში ჩასმული სპექტაკლისთვის. ნიკა საბაშვილი უკვე მესამე თოჯინურ სპექტაკლს დგამს, მაგრამ არცერთი არ ჰგავს ერთმანეთს ფორმით, ჟანრით, სტილისტიკით თუ გადაწყვეტით. აღსანიშნავია ისიც, რომ ზუგდიდის თეატრის მსახიობებმა პირველად ითამაშეს ასეთი ტიპის სპექტაკლში და პირველად ატარეს, ათამაშეს თოჯინები. თოჯინების სწორად ტარების გარდა, თითოეულმა მსახიობმა თავის განსასახიერებელ პერსონაჟ-თოჯინას ის ემოციური მუხტი გადასცა, რასაც თავად მსახიობები განიცდიდნენ. ამის გამო, თოჯინები საოცრად მეტყველნი იყვნენ. „შვლის ნუკრის ნაამბობის“ ინსცენირებისას ნიკა საბაშვილმა ვაჟას ტექსტის მონტაჟი გააკეთა. შვლის ნუკრის ამბავში, ფაბულაში, სხვა მოთხრობების ნაწყვეტების ჩასმის გარდა, რეჟისორმა შექმნა დიალოგები, ვაჟას მოთხრობის პროლოგი კი ეპილოგად აქცია. სარეჟისორო ინტერპრეტაციით ამბავი შვლის ნუკრის დაბადებით იწყება - შველს კალათაში ჩასმულ ნუკრს თეთრი წერო მიართმევს. ნიკა საბაშვილმა სხვა ზღაპრებში არსებული, შობის სხვადასხვა სახის მითიდან, ერთ-ერთი გამოიყენა. რეჟისორმა და მხატვარმა სცენებად და ეპიზოდებად დაყვეს ნუკრის მიერ სამყაროს აღქმა და შეცნობა.  ტყე, კლდე, ქუჩი, ია, კოდალა, ჩხიკვი, წყარო, მდინარე, ხმელი წიფელი, მზე, მთვარე, ცა, ვარსკვლავები, ძაღლი, მგელი - ყველას და ყველაფრის შეცნობაში ეხმარება დედა პატარა ნუკრს. ზოგი მეგობარია, ზოგი ჩხიკვივით ვერაგი მტერია, მაგრამ ყველაზე საშიში, დაუნდობელი არსება ადამიანია. მისი უნდა ეშინოდეს ნუკრს ყველაზე მეტად. ეპილოგში რეჟისორმა მონადირის პერსონაჟი ცოცხალ მსახიობს განასახიერებინა. პატარა თეჯირებიან სივრცეში იგი რაღაც უზარმაზარ ველურ ურჩხულს მოგაგონებთ. ნიკა საბაშვილმა ამ ხერხით კიდევ უფრო გაამძაფრა სასტიკი, დაუნდობელი ადამიანის სახება. იგი მოდის და მოარღვევს, თითქოს დედა-შვილის დასაცავად გადაფარებულ ხეებისა და ბუჩქების ტოტებს, გადმოიღებს დიდ თოფს და გაისვრის. უფრო მეტიც, ვაჟასთან ნუკრი ხედავს, როგორ გამოუსვამს მონადირე ალესილ დანას დედამისს კისერში, როგორ წასკდება მას სისხლი, შემდეგ გამოფატრავს, ზურგზე მოიგდებს და გაუჩინარდება. სპექტაკლში კი მონადირე თავს მოჰკვეთავს შველს და გახარებული, ველური ყიჟინით მოჭრილ თავს მაღლა ასწევს - შემხედეთ, რა გმირობა ჩავიდინეო. ერთობ სასტიკი და დაუნდობელი გამოუვიდა რეჟისორს ფინალი. სცენაზე ქარბუქი თოვლის ნამქერს ატრიალებს, სასოწარკვეთილი ნუკრი ვაჟას მოთხრობის პროლოგის ტექსტის წარმოთქმას იწყებს: „პაწაწა ვარ ობოლი, ბედმა დამიბრიყვა, ცუდ დროს დავობლდი“... ჯერ ჩუმად, თითქმის ჩურჩულით, მერე ხმას უმატებს და ბოლოს განწირული ხავილი ისმის - დედა! დედა! დედა!!! სცენა ბნელდება და გასროლის ხმა გაისმება... რეჟისორმა სპექტაკლის მუსიკალური რიგი ქართულ ხალხურ მელოდიებზე ააგო, რომელიც რიტმს უქმნის მთელ სპექტაკლს. ფინალში კი მხიარული მუსიკის და ტრაგიკული ამბის დისონანსი შემოგვთავაზა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ისედაც გულაჩუყებული და აქვითინებული მაყურებლის ემოციურ აღქმას.

ჟურნალის წინა ნომერში უკვე მოგახსენეთ, რომ რიგით მეთერთმეტე და მეთორმეტე წარმოდგენების რეკომენდებული სპექტაკლების სიაში მოხვედრა ფოთის რეგიონული თეატრების ფესტივალის დამსახურებაა. სწორედ იქ ვნახეთ ქუთაისისა და ჭიათურის თეატრების კოპროდუქცია: ირაკლი სამსონაძის პიესის მიხედვით, გიორგი შალუტაშვილის დადგმული - „მეთევზე ერთი, ორი...“, დავით როინიშვილისა და გიორგი ჩაჩანიძის მაღალი პროფესიონალიზმით შექმნილი პერსონაჟებით. და, ასევე, ამავე ფესტივალის დახურვაზე წარმოდგენილი, იბსენის „ხალხის მტერი“, დავით მღებრიშვილის რეჟისურით, თამრი ოხიკიანის სცენოგრაფიით, გია სურმავას თომას სტოკმანით. რეკომენდებული სპექტაკლების მიმოხილვაშიც ამ რიგითობას დავიცავ.

მეთევზე ერთი, ორი..., - ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის და ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრების ერთობლივი ნამუშევარი.

ირაკლი სამსონაძის პიესა - „მეთევზე ერთი, ორი...“ - იგავურ-ფილოსოფიური აბსურდის ჟანრშია დაწერილი. რეჟისორმა გიორგი შალუტაშვილმა, ირეალურისა და რეალურის ზღვარზე, ჩვენი ქვეყნისა, თუ ზოგადად მსოფლიოში არსებული უდიდესი ტკივილის - ომის და დაღუპული ადამიანების, ჯარისკაცების თემა განაზოგადა. სამწუხაროდ, ადამიანისვე მოგონილი ომი, ყველგან ომია, დაღუპული ადამიანი-ჯარისკაცები ყველა ქვეყნისთვის, ყველა ერისთვის ტრაგედიაა.

მხატვარმა თეო კუხიანიძემ კომპაქტური, თითქოს ცივი, მაგრამ ძალიან ინტიმური გარემო შექმნა სცენაზე. სცენოგრაფია სხვადასხვა ასოციაციას აღძრავს მაყურებელში. მე, საავადმყოფოებში გარდაცვლილთა მოსასვენებელი, „მორგი“ მომაგონა... ია საკანდელიძის მუსიკალური გაფორმებაც  ამქვეყნიურსა და იმქვეყნიურს შორის ზღვარის არარსებობის მიმანიშნებელია. რეჟისორი და ორი მსახიობი მაყურებელს, „იგავური“, სათეატრო პირობითი ენით, მარადიულ და ჩვენს რეალობაში არსებულ  თემებზე ესაუბრებიან. დათო როინიშვილი სამსახიობო ოსტატობით, პროფესიონალიზმით, რუდუნებით ქმნის „უფროსი მეთევზის“ პერსონაჟს. ამავდორულად, ახალგაზრდა მსახიობისთვის, არაჩვეულებრივი პარტნიორია. გიორგი ჩაჩანიძე „უმცროს მეთევზეს“ ასახიერებს. დრამატურგის, რეჟისორის და მსახიობების მიერ შექმნილი პერსონაჟები მაყურებელმა შეიძლება აღიქვას: მტრებად, მეგობრებად, მამა-შვილადაც. საბოლოოდ, სპექტაკლის დასრულებისას კი ხვდები, რომ ისინი, შემოქმედთა მიერ მითიურ-იგავური - სიცოცხლისა და სიკვდილის - გათანამედროვებული, გადამუშავებული მეტაფორა-ხატებია.

უმცროსი მეთევზე - გიორგი ჩაჩანიძე (ახალბედა მსახიობი), პირველად სცენაზე, 2015 წელს ფესტივალზე „თეატრალური იმერეთი“, ჩემს მეგობარ-კოლეგებთან ერთად ვნახე. ჭიათურის თეატრში კახა გოგიძის დადგმულ „მუსუსში“ მთავარ როლს ასრულებდა. იგი გამოირჩეოდა არტისტიზმით და საქმისადმი პროფესიონალური მიდგომით (მთავარი პრიზი დაიმსახურა). წელს, ფოთის რეგიონული თეატრების ფესტივალზე, ორ სპექტაკლში თამაშობდა, ჭიათურისა და ქუთაისის თეატრების დადგმებში (ქუთაისში შმიტის პიესის მიხედვით, რეჟისორ ლევან ბიბილეიშვილის განხორციელებულ „სტუმარში“). აქაც, იმდენად გამოირჩეოდა ახალგაზრდა მსახიობთა შორის, რომ ვანო იანტბელიძემ, სპეციალურად ამ ფესტივალისთვის დაარსებული პრიზით დააჯილდოვა (თელავის თეატრის მსახიობთან ერთად გაინაწილა). 2016 წელს სათეატრო ხელოვნებაში „წინანდლის პრემიის“ მფლობელი გახდა. ვფიქრობ, საქართველოს სათეატრო სივრცეს კიდევ ერთი კარგი არტისტი შეემატება. ახალგაზრდა მსახიობს მოკრძალებულად ვურჩევ: წარმატებამ თავბრუ არ დაახვიოს. მსახიობის პროფესია ურთულესია - რუდუნებით, სიყვარულით ძალიან ბევრ მუშაობას მოითხოვს. რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს - განათლებას (როგორც პროფესიონალურ, ასევე ზოგად). სხვა შემთხვევაში, უბრალოდ კარგი, ნიჭიერი მსახიობი იქნება, ვარსკვლავი არა.

ხალხის მტერი, - ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი.

დიდი ტრადიციების მქონე, ფოთის თეატრის უახლესი სათეატრო ისტორია, ერთობ დატვირთული და საინტერესოა. 2013 წლიდან,  სამხატვრო ხელმძღვანელად დავით მღებრიშვილის დანიშვნის შემდეგ თეატრი აქტიურად და წარმატებულად მუშაობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, დათო მღებრიშვილის და თეატრის დირექტორის - თენგიზ (თენგო) ხუხიას ტანდემია. დღეს, სხვასთან ერთად, საქართველოს თეატრებს შორის, ამ ორი ადამიანის, პროფესიონალის ერთობლივმა მუშაობამ, საუკეთესო შედეგი მოგვიტანა. 2014 წლიდან მოყოლებული, როდესაც თეატრალურ დასს, ახალი (თანამედროვე ტიპის) შენობა ეღირსა, შემოქმედებითმა ჯგუფმა, არაერთი საინტერესო სპექტაკლი შექმნა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აქ ხშირად იწვევენ, რეჟისორებს, მსახიობებს, არა მარტო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, არამედ უცხოეთიდანაც.

ჰენრიკ იბსენის „ხალხის მტერის“ დადგმა, ერთობ გაბედული და სარისკო ნაბიჯი გახლდათ. ამ პიესას, სხვადასხვა ეპოქაში (დღიდან არსებობისა), ხშირად დგამენ მსოფლიო სათეატრო სივრცეებში, მათ შორის საქართველოშიც. 2015 წლის თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალზე ჩამოტანილმა, თომას ოსტერმაიერის (თეატრი „შაუბიუნე“) „ხალხის მტერმა“ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე, პროფესიონალ თეატრალებსა თუ კრიტიკაზე (იხ. შარშანდელი ფესტივალის ბლოგები, პრესა, პროფესიონალთა შეფასებები, ჟურ. „თეატრი და ცხოვრების“ #5, 2015 წ., უცხოური პროგრამის მიმოხილვა). რეჟისორმა დათო მღებრიშვილმა, სცენოგრაფმა თამარ ოხიკიანმა, მსახიობმა გიორგი სურმავამ  (თომას სტოკმანის როლის შემსრულებელი) და ზოგადად, მთელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა კიდევ ერთი საინტერესოდ წაკითხული და სარეჟისორო ენაზე გადატანილი, სათეატრო ტექსტი-სპექტაკლი შექმნეს. იბსენის პიესაში არსებული მარადიული თემები: პიროვნებისა და საზოგადოების, მასისა და ინდივიდის, სიმართლისა და სიცრუის დაპირისპირება, ადამიანის მიერ არჩევანის გაკეთება პირადულ და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის - წამოსწიეს წინა პლანზე რეჟისორმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა. გერმანელი რეჟისორისაგან განსხვავებით, სოციალური თემა ამ შემთხვევაში ნაკლებად აინტერესებს დათო მღებრიშვილს. ალბათ, ამიტომაც, რეჟისორმა შეამცირა მოქმედ პირთა რაოდენობა, გააკეთა ტექსტის კუპიურები. აქ, მისთვის მთავარია, ჩაკეტილ წრეში, ჩაკეტილ სამყაროში პიროვნულის, ადამიანთა, ცნობიერისა თუ ქვეცნობიერის, ფსიქოლოგიურ წიაღსვლებში წვდომა, გაანალიზება, წარმოჩინება... რეჟისორის კონცეფციის ჰარმონიულად გამომსახველია თამარ ოხიკიანის სცენოგრაფია. სასცენო სივრცე მხატვარს ისე აქვს ათვისებული, რომ იქმნება თომას სტოკმანის სახლის, სასადილო ოთახისა და ადგილობრივი გაზეთის რედაქციის გარემო. რეჟისორმა და სცენოგრაფმა ხაზი გაუსვეს  იმ ორ ადგილს, სადაც მთავარი პერსონაჟი-გმირი, თავს ყველაზე დაცულად გრძნობს. სახლი, ოჯახი და თითქოსდა, მის გვერდით მდგომი რედაქცია. საბოლოოდ კი აღმოჩნდება, რომ იგი მარტოა, სულ მარტო მის გარშემო არსებული, ჩაკეტილი სამყაროს წინააღმდეგ... თუკი იბსენის პიესის წაკითხვის შემდეგ შეიძლება კითხვა დაგებადოს, ეჭვის მარცვალი გაგიჩნდეს, დათო მღებრიშვილის სარეჟისორო ინტერპრეტაცია-კონცეფცია არანაირ ეჭვსა თუ თუ კითხვას არ ბადებს. ექიმი სტოკმანი მარტოხელა გმირია, ხოლო მის გარშემო არსებული საზოგადოება კი, საკუთარი ჯიბის, „კუჭის“ იქით არ იხედება...

ახლა, მოკლედ, საპრემიერო სპექტაკლების შესახებ. საპრემიერო ჩვენებებიდან (7 +1 წარმოდეგენა) ყველა მეტ-ნაკლებად საინტერესო იყო. აქედან ოთხი, ჩემი აზრით, 2016-17 წლის სათეატრო სეზონის საუკეთესო სპექტაკლთა რიცხვში შევა. ესენია: მარტინ მაკდონას დავით დოიაშვილისეული „ბალიშის კაცუნა (თბილისის ვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრი), შექსპირის მიხედვით დიმიტრი ხვთისიაშვილის „აურზაური არაფრის გამო“ (ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი), ჰენრიხ ბიოლის მიხედვით (ინსცენირება დავით ხორბალაძის), მიხეილ ჩარკვიანის „კატარინა ბლუმის ქორწინება“ (კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრის სარდაფი), დათა თავაძის „პრომეთე - დამოუკიდებლობის 25 წელი“ (სამეფო უბნის თეატრი).

თითოეულ, ჩემ მიერ გამოყოფილ, საპრემიერო სპექტაკლს მოკლედ შევაფასებ.

ჟურნალის წინა ნომერში მოგახსენეთ, რომ დავით დოიაშვილის - „ცხოვრება იდიოტისა“ - მაგივრად, მუსიკისა და დრამის თეატრმა დაუგეგმავი პრემიერა ითამაშა. ამ შემთხვევაში, რეკომენდებულის მაგივრად პრემიერის თამაში, უცხოელი სათეატრო ექსპერტებისთვის, სწორი გადაწყვეტილება იყო.

ირლანდიელი დრამატურგის მარტინ მაკდონას, დავით დოიაშვილის საოცარი სარეჟისორო ფანტაზით დადგმული, მანანა ანთაძის პროფესიონალურად თარგმნილი „ბალიშის კაცუნა“ ვფიქრობ, საქართველოს სათეატრო სივრცის ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლია. შემოქმედებითი და ტექნიკური ჯგუფი ძალიან მძიმე, გაუსაძლისად მტკივნეულ ამბავს გვიყვება. ისეთ მტკივნეულს, რომ მაყურებელს „სულსა და გულს“ ამოუტრიალებს. მაგრამ, რეჟისორმა, ეს მტკივნეული, გაუსაძლისი ამბავი, ადამიანისადმი სიყვარულით და არა ზიზღით გადმოგვცა. ყველა სიტუაციაში, თითქოს გამოუვალშიც კი, ადამიანს არჩევანის უფლება და ნება აქვს. დავით დოიაშვილი და მსახიობები (კახა კინწურაშვილი, დავით ბეშიტაშვილი, დევი ბიბილეიშვილი, ნანა ბუთხუზი, ბუბა გოგორიშვილი, ალექსანდრე ბეგალიშვილი, გიგი ქარსელაძე) მაყურებელს ესაუბრებიან ადამიანზე-შემოქმედზე, სიყვარულზე. სიყვარულითა და სიკეთით აღსავსე ადამიანის გარიყულობაზე. ბოროტებაზე, შურზე, ჩაგვრაზე, დესპოტიზმზე, დიქტატზე, „პათოლოგიურ“ გადახრებზე (მამა-შვილის, დედა-შვილის ურთიერთობები), ადამიანის ყველა მანკიერ თვისებაზე, მაგრამ სიყვარულით გვიყვებიან. ადამიანი-შემოქმედის ქვეცნობიერების ლაბირინთებში დაგვატარებენ, რეალურისა და ირეალურის ზღვარზე გვამყოფებენ. გასაოცარი სარეჟისორო ფანტაზია-გამომგონებლობით აღვსილი, დახვეწილი, ნაფიქრი, განცდილი ნამუშევარია. სცენოგრაფია (რეჟისორის), მსახიობები, მუსიკალური გაფორმება, ქორეოგრაფია, განათება რეჟისორის ჩანაფიქრთან სრულ ჰარმონიაშია. დავით დოიაშვილის ფანტაზიას, გასაოცარი პროფესიონალიზმით, „ასხამს ხორცს“ სადადგმო, ტექნიკური ნაწილი (ეს, მით უმეტეს გასაკვირია, როდესაც იცი თეატრის მწირი ტექნიკური შესაძლებლობები). სპექტაკლი 3 საათი მიმდინარეობს, მაგრამ ისეთ ტემპო-როტმშია დადგმული, რომ ერთი წუთით მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. მართალია, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში, გენიალურმა რეჟისორმა მეიერჰოლდმა ბრძანა: სათეატრო დრო შეიცვალაო. ვფიქრობ, როდესაც, ჭეშმარიტი ხელოვნების ნიმუშს ეზიარები, დრო არაფერ შუაშია... დავით დოიაშვილის „ბალიშის კაცუნაზე“ რეცენზია-კვლევის დაწერას ვაპირებ და უფრო ვრცლად, იქ მოგახსენებთ.

მოზარდ მაყურებელთა თეატრს, მრავალთა შორის, კიდევ ერთი საინტერესო, მხიარული სპექტაკლი შეემატა. შექსპირის კომედია - „აურზაური არაფრის გამო“ - ორიგინალური სარეჟისორო ინტერპრეტაციითა და კონცეფციით, რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა დადგა. დიმიტრიმ სპექტაკლი თავისი პედაგოგის - ლილი იოსელიანის ხსოვნას მიუძღვნა. დღეს, როდესაც სპექტაკლის ავტორი რეჟისორია, ყველაფერი შესაძლებელი და მისაღებია, მათ შორის, გენიოსი შექსპირის დრამატურგიული ნაწარმოებების საკუთარ „ქარგაზე“, ჩანაფიქრზე მორგება. მთავარია, შედეგი მისაღები და გემოვნებით გაკეთებული იყოს. ამ შემთხვევაში რეჟისორმა და შემოქმედებითმა ჯგუმა ორი პიესა გააერთიანა: „აურზაური არაფრის გამო“ და უილიამ გიბსონის „მსახიობთა ძახილი“. ორივე პიესიდან ამოვარდა გარკვეული ტექსტები, გაკეთდა კუპიურები. დიმიტრი ხვთისიაშვილს გიბსონი საკუთარი კონცეფციის, ჩანაფიქრის, სპექტაკლის დადგმის ხერხის ნათელსაყოფად დასჭირდა. რეჟისორი თეატრში თეატრის პრინციპს დაეყრდნო. მის სპექტაკლში მსახიობები თამაშობენ შექსპირის კომედიას. რეჟისორის კონცეფციის გამომხატველია მხატვარ ლომგულ მურუსიძის სცენოგრაფია: მარტივი, მოქნილი და სხვადასხვა ასოციაციის აღმძვრელი. ზურაბ გაგლოშვილის გემოვნებით შერჩეული მუსიკალური გაფორმება ყოველთვის ესადაგება რეჟისორის ჩანაფიქრს. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. სპექტაკლში ძირითადად ახალგაზრდები არიან დაკავებულები, სხვასთან ერთად აღსანიშნავია პლასტიკა, მოძრაობა, ფიზიკური ქმედება, რაც, რა თქმა უნდა, ქორეოგრაფ გია მარღანიას დამსახურებაა. იგი ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს და აკეთებს მსახიობებისთვის. მით უმეტეს, როდესაც საქმე ახალგაზრდებს ეხებათ. დიმიტრი ხვთისიაშვილმა ორიგინალური გადაწყვეტა მოუძებნა შექსპირის კომედიას: ახლაგაზრდები, რომლებსაც მომწიფების ჰორმონები მოსწოლიათ, „თავში უკაკუნებენ“, ათას სისულელეს ჩადიან, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი, რა თქმა უნდა, კარგად თავდება. შეყვარებულები ქორწინდებიან. სპექტაკლში ბევრი პერსონაჟია, ამიტომ ყველა შემსრულებლის გვარის ჩამოთვლას არ დავიწყებ. აღსანიშნავია, ახალგაზრდა მსახიობ მამაკაცთა: ნიკოლოზ ფაიქრიძის, ვანო დუგლაძის, გიორგი ჯიქურიძის, ნიკა ნანიტაშვილის, გიორგი გოგოლაძის, გიორგი შავგულიძის ნამუშევარი. საშუალო ასაკის მსახიობი დავით ხახიძე კი მამაკაც მსახიობთა გუნდის „გვირგვინია“.

საპრემიერო ჩვენებებიდან აუცილებლად აღსანიშნავია და ჩემთვის ყველაზე მეტად სასიხარულოა, მიხეილ ჩარკვიანის ნამუშევარი: „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება“. სასიხარულო სწორედ იმიტომ, რომ ქართული სათეატრო სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლი, ახალგაზრდა რეჟისორს ეკუთვნის და მასში მხოლოდ, ახალგაზრდა მსახიობები მონაწილეობენ. ასაკის მიუხედავად, მიხეილ ჩარკვიანმა უკვე მოიპოვა სახელი, როგორც საინტერესო, ნიჭიერმა რეჟისორმა. მიუხედავად ამისა, მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს სპექტაკლი, სხვებს შორის, საუკეთესოა. მეოცე საუკუნის მსოფლიოში სახელგანთქმული გერმანელი მწერლის ჰენრიხ ბიოლის ნაწარმოების ინსცენირება, ასევე ნიჭიერ ახალგაზრდას (ზემოთ ხსენებულ), დავით ხორბალაძეს ეკუთვნის. ჰენრიხ ბიოლის შედარებით მცირე ფორმატის რომანი (ორიგინალში „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება, ან, როგორ წარმოიშვება ძალადობა და რა შედეგები მოაქვს“ Die Verlorene Ehre der Katharina Blum oder: Wie Gewalt entstehen und wohin sie führen kann) 1974 წელს გამოქვეყნდა. გერმანიაში, იმ პერიოდში, აქტიურად მიმდინარეობდა ე. წ. მემარცხენეების დევნა. ალბათ, ამიტომაც 1975 წელს, ფოლკერ შლიონდორფმა და მარგარეტ ფონ ტროტტამ („ობერჰაუზენის მანიფესტის“ თანაავტორები, მიმდინარეობის - „ახალი გერმანული კინო“ - წარმომადგენლები) გადაიღეს ფილმი. რეჟისორებთან ერთად ბიოლი სცენარის თანაავტორია. რომანში არსებული ამბავი: სახელმწიფო „მანქანების“ მიერ ადამიანზე ძალადობა, პოლიტიკური კურსის გამო (არა აქვს მნიშვნელობა რომლის) ადამიანის მსხვერპლად შეწირვა, ქვეყნის მართვაში აქტიურად მონაწილე „მეოთხე ძალის“ - ჟურნალისტიკის გამოყენება ადამიანის ფიზიკურ თუ სულიერ განადგურებაში, ადამიანური სიყვარული, ღალატი, ადამიანის მიერ ადამიანის გაწირვა - ყველა დროის (ეპოქის) პრობლემატიკა და სატკივარია. მიხეილ ჩარკვიანმა და დავით ხორბალაძემ სწორედ ეს თემები წამოსწიეს და ორიგინალური სათეატრო ამბავი შექმნეს. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია რეჟისორისა და მხატვრის - ქეთი ნადიბაიძის მიერ  მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სივრცის ათვისება. მაყურებლისთვის განკუთვნილი სკამები გაუქმებულია, მოქმედება ერთდროულად რამდენიმე ადგილას მიმდინარეობს. სცენოგრაფიაში გამოყენებულია სარდაფის „კულისები“, კინოეკრანები, ტელევიზორები. დამდგმელის კონცეფციით: მაყურებელი სცენურ ქმედებაში აქტიურადაა ჩართული. თავიდან „თამაშებრივი ქცევის“  თვალყურის მადევნებელი, ფინალისკენ (ინტერაქტიული გამოკითხვა) უშუალო მონაწილე. ახალგაზრდა რეჟისორს გამოყენებული აქვს კინოხერხები,  ვიზუალური ხელოვნებისთვის, „პერფორმანსისა“ და მხატვრულ-დოკუმენტური ვერბატიმისთვის დამახასიათებელი ფორმები. ამავდროულად, სპექტაკლში მონაწილე მსახიობთა თამაში უმაღლესი კლასისაა. რეჟისორმა მათ, შეიძლება ითქვას, ურთულესი ამოცანა დააკისრა განსახორციელებლად - მაყურებელთან ერთად სპექტაკლის თამაში. მსახიობსა და მაყურებელს შორის ყოველთვის არსებობს იმპულსური კავშირი, მაგრამ უშულო შეხება, ალბათ, მსახიობისთვის ძალიან ძნელად გადასალახია. ვინაიდან, ყველა ვარიანტში, ეს თეატრია (პირობითი ბუნების)  და არა ფილმი ან პერფორმანსი. რეჟისორისა და მსახიობთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ეს უდიდესი სიძნელე პროფესიონალურად გადალახეს. ნატუკა კახიძის, თეონა ლეჟავას, პაატა ინაურის, ქეთა შათირიშვილის, გიორგი ხურცილავას, ანანო მახარაძის, ბიჭკა ჭეიშვილის თამაშში - სიყალბის, გადამეტების არც ერთი მომენტი არ არსებობს. ამ, თითქოსდა უცნაურ, სათეატრო გარემოში ისინი ბოლომდე გარდაისახნენ პერსონაჟებად და საბოლოოდ, მაყურებელს „კათარზისი“ განაცდევინეს. განსაკუთრებით, გამოვყოფ ნატუკა კახიძეს - მთავარი პერსონაჟის კატარინას შემსრულებელს, ვინაიდან იგი მთელი ქმედების განმავლობაში ე. წ. სცენაზეა და თანაც, ურთულესი როლის, ძლიერი, თავშეკავებული, უზომოდ შეყვარებული, ბავშვობიდან ტრაგიკული ბედის, მრავალმხრივი ადამიანის ბუნების გადმოცემა დაეკისრა. გიო ყანჩელის მუსიკალური გაფორმებაც ჰარმონიულად ერწყმის რეჟისორის ინტერპრეტაცია-კონცეფციას.

მიმოხილვას, ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნის სათეატრო რეჟისორთა „უახლესი თაობის“ ლიდერის - დათა თავაძის სპექტაკლით: „პრომეთე - საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წელი“, დავასრულებ. ახალგაზრდა დრამატურგის, მთარგმნელის, დათო გაბუნიას და ახალგაზრდა რეჟისორის, დათა თავაძის წარმატებული სათეატრო მეგობრობა („ტანდემი“) უკვე რამდენიმე წელია (ასაკის მიუხედავად) მიმდინარეობს. მათ თანამოაზრეთა ჯგუფთან: მსახიობებთან, მხატვრებთან, კომპოზიტორებთან ერთად, არაერთი სპექტაკლი შექმნეს. უკვე გაითქვეს კიდეც სახელი არა მარტო ჩვენთან, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ (მიმოხილვის დასაწყისში ამის შესახებ უკვე ვისაუბრე, იხ. „თეატრი და ცხოვრება“ #5, 2016 წ.). სპექტაკლი ძალადობაზე, ადამიანთა მიერ ადამიანის ჩაგვრაზე, პიროვნების, ინდივიდისა და მასის დაპირისპირებაზე, გამორჩეულის არსიყვარულზეა...  გარკვეული თაობის (90-იანებში დაბადებულ-გაზრდილი) თვალით დანახული, ნაფიქრი, განცდილი სათეატრო ენით მოთხრობილი ამბავია. „ტროელი ქალების“ მსგავსად, დათა თავაძემ და დათო გაბუნიამ სათქმელ-ტკივილის გადმოსაცემად, დრამატურგიული ქარგა სხვადასხვა საუკუნის, ეპოქის ლიტერატურაზე დაყრდნობით (ესქილე, ჰოვარდ ბარკერი, აუგუსტო ბოალი, ფრანც კაფკა)  ააგეს და მასში თავიანთი დაწერილი ტექსტები ჩართეს. დათა თავაძე, მის გარშემო შემოკრებილ მსახიობ-მეგობრებთან ერთად, რეჟისორისა და დიდი პედაგოგის, გიზო ჟორდანიას ერთ-ერთი ბოლო გამოშვების კურსდამთავრებულია. ბატონი გიზო სტუდენტებს, გარდა სათეატრო ხელოვნებისა, ცხოვრებას, მეგობრობას, ხელოვნებაში თანამოაზრეობას ასწავლის (გავიხსენოთ, რუსთაველის მცირე სცენაზე 80-იანი წლების ბოლოს მისული ჯგუფი, დღეს თითქმის  ყოველი მათგანი გამორჩეული მსახიობია ჩვენთან თუ საზღვარგარეთ). სწორედ, ასეთ ჯგუფად შეიკრა დათა და მისი მეგობრები. ლევან წულაძის (ერთ-ერთი იმ 80-იანელებიდან) მსგავსად, დათამ მსახიობობას რეჟისურა ამჯობინა. მაშინ, ლევანს გაუმართლა, რეჟისურას დიდ რეჟისორთან და პედაგოგთან, მიხეილ თუმანიშვილთან დაეუფლა (მან თანამედროვე ქართული სათეატრო ხელოვნების კორიფეები აღზარდა). დათას გვერდით ასევე დიდი რეჟისორი და პედაგოგი  თემურ ჩხეიძე უდგას. მას, სახელოვანი წინაპრების წყალობით, საკუთარი სათეატრო სივრცე აქვს, სადაც შეუძლია ნებისმიერი ექსპერიმენტისა თუ კვლევა-ძიების ჩატარება. ეს, უდიდესი საჩუქარიცაა და მძიმე ტვირთიც. ჯერჯერობით, დათა და მისი გუნდი, საჩუქარსაც და ტვირთსაც ღირსეულად „იღებს“ და „ატარებს. იმედია, ჩემი ოცნება-მოლოდინი არ გაქარწყლდება და ისინი მომავალში, ცნების - „ქართული თეატრის ფენომენი“- სახელოვანი წარმომადგენლები, ახალი, საკუთარი სათეატრო ენის შემქმნელები იქნებიან. დათამ სპექტაკლით - „ტკივილი არის ახალგაზრდობა“ - უკვე დაამტკიცა, რომ მას შეუძლია სხვადასხვა სათეატრო ფორმის, სტილის თუ ჟანრის სპექტაკლის დადგმა. თანაც, მისეულად. „პრომეთე“ „ტროელი ქალების“ სტილისტიკით დადგმული სპექტაკლია. „ტროელები“ კი დათასეული ხელწერაა. რეჟისორის ნებას, კონცეფციას ექვემდებარება შემოქმედებითი ჯგუფის მუშაობა. წარმოდგენის ყოველი კომპონენტი, დეტალი გააზრებული და ჰარმონიულად შერწყმულია რეჟისორი-ავტორის ჩანაფიქრთან: სცენოგრაფია, მხატვრული განათება, მუსიკა. თეთრებში გადაწყვეტილი ქეთი ნადიბაიძის სცენაზე შექმნილი ინტერიერი საავადმყოფოს ან მორგის ასოციაციას აღძრავს. სწორედ, ამ ცივ გარემოში დატრიალდება პრომეთე-ადამიანის ტრაგედია. სპექტაკლში მონაწილე 8 მსახიობი: პაატა ინაური, კატო კალატოზიშვილი, მაგდა ლებანიძე, გიორგი ყორღანაშვილი, გიორგი შარვაშიძე, ქეთა შათირიშვილი, გაგა შიშნიაშვილი, იაკო ჭილაია - 8 მიჯაჭვული პრომეთეა. სქესს არა აქვს მნიშვნელობა. ამავდროულად ისინი „პოლიტიკური ელიტისა“ თუ საზოგადოების, უფრო სწორად, მართული მასის, ბრბოს წარმომადგენლები არიან. ფინალისკენ კი, ძველი ვიდეოკადრების კედელზე გაშვებისას აღმოჩნდება, რომ 8 პერსონაჟი, 90-იანებში დაბადებული თაობის წარმომადგენლები არიან. სპექტაკლი კონკრეტული ქვეყნის, კონკრეტული თაობის ტრაგედიაზე მოგვითხრობს. რეჟისორის კონცეფციის ამოსავალი წერტილია კონკრეტიკის განზოგადება. ის, რაც ჩვენთან მოხდა, ყოველ დროსა და ქვეყანაში შეიძლება მომხდარიყო. ამიტომაც ააგეს რეჟისორმა და დრამატურგმა თავიანთი ტექსტი ციტირებებით. ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული, მეოცე საუკუნის მწერლობით დამთავრებული. ბოლოს, აუცილებლად აღსანიშნია, ახალგაზრდა მსახიობთა პროფესიონალური შესრულება. ისინი „თამაშებრივი ქცევის“ ხერხით გადმოსცემენ ტრაგიკულ ამბებს, მოგონილსა თუ რეალურს. სამეფო თეატრში არსებული სტუდიური მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე, ყველა ერთნაირად კარგია, მაგრამ მაინც მინდა გამოვყო საოცრად არტისტული კატო კალატოზიშვილის ნამუშევარი - ერთდროულად ნაფიქრი და განცდილი. დათა თავაძის რეჟისურა - სხვადასხვა სათეატრო მიმდინარეობის ნაზავია, მაგრამ, ამავდროულად - მისეული.

კიდევ, ბევრი რამის დაწერა შეიძლებოდა, მაგრამ ვგრძნობ, რომ წერტილი თუ არ დავსვი, ქართული პროგრამის მიმოხილვის ნაცვლად, ერთი დიდი სამეცნიერო კვლევა გამომივა. ასეთი ვრცელი ანალიზი კი იმისთვის დამჭირდა, რომ დასაწყისში დასმული ორი კითხვისთვის სრულყოფილად მეპასუხა.  

bottom of page