top of page

111/ ას თერთმეტი

Joel Brown and Eve Mutso presents 111 (O

111/ ას თერთმეტი

ელენე კავთელაძე


თბილისის საერთაშორისო  თეატრალური  ფესტივალი  ემოციურად გახსნა თანამედროვე ცეკვით ჩვენამდე მოტანილმა “ჭეშმარიტებამ”( სპექტაკლი სახელწოდებით „111/ას თერთმეტი) - რომ ადამიანის შესაძლებლობები შეუზღუდავია  და რომ უდიდესი საჩუქარია სიცოცხლე.  ჯოუელ ბრაუნმა და ივ მაცომ 45 წუთის განმავლობაში იისფერ შუქში გახვეულებმა სხეულის ენით გადმოსცეს ის, რასაც სიცოცხლის წყურვილი ჰქვია. ყოველ მოძრაობაში ჩანდა თავგანწირვა და სურვილი რაღაც უფრო მეტის, ვიდრე ჩვენ ადამიანებს, ხშირად რუტინად მიგვაჩნია. ერთი შეხედვით, მარტივი ცეკვა გახდა წონასწორობისა და შინაგანი სიმშვიდის ზღვა...


სცენოგრაფია იყო უბრალო რკინის კონსტრუქცია და ორი ეტლი. გარემოს ქმნიდა განათებები და მუსიკა, თუმცა თავიდანვე შთამბეჭდავი იყო ის, რომ მაყურებელი ძალიან ახლოს იყო სცენასთას, სუნთქვის ხმაც კი ისმოდა, სწორედ ამიტომ რთული არ იყო სათითაოდ ყველას წარმოედგინა თავი მათ ადგილას. ხშირად ვამჩნევდი საკუთარ თავს, რომ ცეკვაც კი მომინდა...


ქრონოლოგიურად სანახაობა ასე დაიწყო, ეტლით გამოვიდა ბიჭი რამოდენიმე  საოცარი მოძრაობა გააკეთა და შემდეგ, ვერბალურად პატარა ამბავი მოყვა საკუთარ თავზე, მერე ჩაქრა შუქი და მალევე აინთო. სინათლეში ეტლზე იდგა გოგო, რომლის თვალებიც სადღაც შორს სივრცეში იკარგებოდა. ყველაზე დასამახსოვრებელი წონასწორობა იყო, რომელსაც ბორბალზე მდგარი ინარჩუნებდა, შემდეგ მათ ერთად დაიწყეს ცეკვა და თითქოს ერთმანეთს უმტკიცებნენ, რომ ორივეს შეეძლო უფრო მეტი და მეტი...  ყველაზე მკაფიო კი მათი კავშირი იყო, რომელიც არ გაწყვეტილა  ბოლო წამამდე. მუსიკა თან ერთვოდა მათ ქცევას და აღსანიშნავია, ისიც რომ ცეკვისას არც ერთი არ იყო დომინანტი, ერთობლივად მოქმედებნენ.


ამ შესრულების იდეა, ვფიქრობ, იმაზე დიდია, ვიდრე უბრალოდ ორი ადამიანის ერთობა, ეროტიკა, ქორეოგრაფია, შეჯიბრი, დიალოგი, უპირატესობა, შებრალება, მხარდაჭერა, ჯანმრთელობა, 11 ან 111 მალა ... ადამიანი გაცილებით მაღლა დგება, ყველა სოციალურ-პოლოტიკურ ნორმებს ცდება, როცა თავისუფალია საკუთარი სულით, სხეულით, გონებით. ბუნებრივია, ის შორს იქნება კომპლექსებისა და მოწყენილობისაგან. თავისუფლების იდეით, სიცოცხლის სიყვარულითა და წყურვილით ცეკვავდა ეს ორი ადამიანი და ზუსტად ეს იყო რამაც მსგავსი ემოციური შთაბეჭდილება დამაწერინა.

bottom of page